ევროკავშირმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესეს

1785137
ევროკავშირმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ევროკავშირის ლიდერებმა რიგგარეშე სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ფინანსების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ექსპორტის კონტროლისა და დაფინანსების, სავიზო პოლიტიკისა და ფიზიკური პირების მიმართ დამატებითი სანქციები მიიღეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ამჟამინდელი თავმჯდომარის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოთხოვნით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწოდებით გადაუდებელი დღის წესრიგით შეიკრიბნენ.

რიგგარეშე სამიტის დასკვნით განცხადებაში ნათქვამია, რომ მკაცრად გმობენ მოსკოვის თავდასხმებს.

ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის მიყენებულ ზარალსა და მსხვერპლზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება და მოსკოვს მოუწოდეს შეწყვიტოს ყველა სამხედრო ქმედება და უპირობოდ გაიყვანოს მთელი ძალები.

სამიტის დასასრულს ემანუელ მაკრონმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და შარლ მიშელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ლიდერებმა დაამტკიცეს მძიმე და მიზანმიმართული სანქციების პაკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ელიტაზე და დასძინა, რომ ახალი სანქციები მოიცავს ფინანსების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებს, ასევე ექსპორტის კონტროლს და ექსპორტის დაფინანსების აკრძალვას და სავიზო პოლიტიკას.

„ეს პაკეტი მოიცავს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც ხელს უშლის რუსეთს მის ყველაზე მნიშვნელოვან კაპიტალის ბაზრებზე წვდომას.“- თქვა ფონ დერ ლეიენმა.

მისივე თქმით, სანქციების სამიზნეა რუსეთის საბანკო ბაზრის 70 პროცენტი და ასევე სანქციების პაკეტის ფარგლებშია მნიშვნელოვანი საჯარო კომპანიები, მათ შორის თავდაცვის სფერო.

„ეს სანქციები გაზრდის რუსეთის სესხის ხარჯებს, გაზრდის ინფლაციას და შეარყევს რუსეთის ინდუსტრიის საფუძველს.“-აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ელიტა ვერ შეინახავს ფულს ევროპის უსაფრთხო ნავსადგურებში და ასევე მათ დეპოზიტებსაც გააკონტროლებენ.

ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროა, რომელიც შემოსავალს აძლევს რუსეთის სახელმწიფოს და ამაზეც ახალ სანქციებს დააწესებენ.

მან დასძინა, რომ რუსეთი წლიურად 24 მილიარდი ევროს ღირებულების ნავთობის ექსპორტს ახორციელებს და დაამატა: „ჩვენი ექსპორტის აკრძალვა შეუძლებელს გახდის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლებას და ნავთობს დარტყმას მიაყენებს.“

ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ აიკრძალება ევროპიდან რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობის გაგზავნა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ისინი ასევე განახორციელებენ სანქციებს რუსეთის სატრანსპორტო სექტორში და რომ რუსეთის ამჟამინდელი კომერციული თვითმფრინავების ფლოტის სამი მეოთხედი აგებულია ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაში.

„ჩვენ ვკრძალავთ ყველა თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის მიყიდვას რუსული ავიახაზებისთვის.“ - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

მისი თქმით, მათ ასევე შეუზღუდეს რუსეთს წვდომა მისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ჩიპები, ასევე შეიცვლება სავიზო პოლიტიკა რუსი დიპლომატებისთვის და ბიზნესმენებისთვის და რომ ამ ადამიანებს არ ექნებათ პრივილეგირებული წვდომა ევროკავშირის ქვეყნებზე.

ფონ დერ ლეიენმა დასძინა, რომ ზომები მჭიდროდ კოორდინირებულია პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #რუსეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები