„კუთხე-კუნჭული“ 64 - 2023

საქორწილო რიტუალები ანატოლიაში 1

2067039
„კუთხე-კუნჭული“ 64 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 64 - 2022-2023

საქორწილო რიტუალები ანატოლიაში 1

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

შემოდგომა ქორწილების პერიოდია. სწორედ ამიტომ დღევანდელ და შემდგომ ორ გადაცემას სწორედ ამ თემას მივუძღვნით. იმის გამო, რომ დღევანდელი თურქეთის ტერიტორია რამდენიმე ცივილიზაციის კულტურულ ნაშთებს ინახავს, ამიტომაც იქ რიტუალების, განსაკუთრებით ქორწილის თემა მრავალფეროვანი და ბევრი ამბის მომცველია. შესაბამისად რამდენიმე გადაცემაში სწორედ ანატოლიური ქორწილებისა და შეუღლების განსხვავებულ ტრადიციებსა და ცერემონიებზე ვისაუბრებთ.

ჯერ კიდევ ძველი დროიდან მოყოლებული ქორწილი მოსავლის აღებასთან პირდაპირ კავშირშია. მოსავალი კი სიუხვესთან, ბარაქასთანაა დაკავშირებული, რაც  ოჯახებს იმის გარანტიას აძლევდა, რომ ღირსეული და სავსე ქორწილი გადაეხადა. ოჯახის ახალგაზრდა წევრებიც განგებ სწორედ შემოდგომისთვის გეგმავდნენ ქორწილს, რომ ოჯახს საშუალება ჰქონოდა თავისი მოსავლით გამასპინძლებოდა არც თუ ისე მცირერიცხოვან მაყარსა და მოყვარე-ნათესავებს.  

შემოდგომაზე მოსავლისა და ქორწილის ურთიერთკავშირი დღემდე შემორჩენილია თურქეთში, ანატოლიის თითქმის ყველა რეგიონში, უმეტესწილად კი რურარულ ადგილებში. ხორბლის, სიმინდის, პარკოსნების, მარცვლოვანის, ყურძნის უხვი მოსავალი ანატოლიური ტრადიციების მიხედვით ქორწილის ე.წ. „კარგად ჩატარებას“ უქადნის ხოლმე. ისეთ შემთხვევაშიც კი თუკი ოჯახში მოყვანილი მოსავალი საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ აქ სოფელი ჩაერეოდა და ქორწილიან ოჯახს იმ წლის მცირე მოსავლიანობას არ აგრძნობინებდა. სწორედ ეს ერთიანობის შეგრძნება საერთოა ქართულ და ანატოლიურ სათემო ტრადიციებს შორის.

ასევე საერთო ნიშნით ხასიათდება ქართული და ანატოლიური რურალური საქორწილო რიტუალებიც, რომლის ყველაზე მთავარი ნაწილი სუფრაა, სადაც ოჯახის შეძლება და კულტურა წარმოჩნდება ხოლმე. სუფრა კი როგორც სოფლის ტრადიციებს შეესაბამება სეფაში იმართებოდა და იმართება დღესაც. სეფას განმარტება ასეა მოწოდებული: სანადიმოდ გაშლილი გრძელი სუფრა. მას საქართველოში გადახურავენ ხოლმე, მაგრამ ანატოლიაში კი, იმის გამო, რომ შემოდგომის მიწირულამდე მზიანი ამინდები იჭერს, ღიად ტოვებენ და სუფრა ზედ ღია ცის ქვეშ იშლება.

საქორწილო რიტუალების, სუფრის კულტურისა და მოყვარე-ნათესავების მხრიდან ამ დღის აღნიშვნა ანატოლიაში ჯერ კიდევ ხეთების პერიოდიდან იღებს სათავეს. ანკარიდან სულ მცირე მანძილზე ჩანქირის გზაზე ინანდიქთეფეს ბორცვზე 1966-67 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს წარმართული ტაძარი და საკულტო ცენტრი. სწორედ ეს გახლდათ ხეთების ქარიშხლის ღმერთის ერთ-ერთი საკულტო ცენტრი. ყველაზე მთავარი კი რაც ამ გათხრების დროს აღმოაჩინეს ინანდიქის ვაზა (İnandık Vazosu) გახლდათ.

მუქი წითელი შეფერილობის პრიალა ვაზაზე ყალიბში გამოყვანილი რელიეფები და გეომეტრიული ფიგურებია დაყვანილი. სერიულად გაწყობილ რელიეფებზე კი ასეთ სცენებს ვხედავთ: პირველ სცენაზე საქორწილოდ მუსიკოსები და აკრობატისტები ემზადებიან. ამავე სცენაზე წარმოდგენილია საქორწილო წყვილიც. მეორე სცენაზე კი ღმერთისა და ქალღმერთის სიმბოლოს აღსანიშნად სიძე-დედოფალი საწოლზე ერთმანეთის პირისპირ ზის და სიძე დედოფალს ფატას ზემოთ უწევს. იქვე მდგომ ორ ვაჟს კი გრაალის მსგავსად ცხოველის რქა უჭირავს ხელში. მესამე სცენაზე ღმერთს ცხოველს სწირავენ მსხვერპლად, მეფე ქარიშხლის ღმერთს კი ხარის სისხლს სთავაზობს სასმელი ჭურჭლით. მეოთხე სცენაზე საქორწილო სეფაზე გამოსაყენებელ ჭურჭელს ამზადებენ და სუფრაზე ალაგებენ.

ინანდიკის ვაზა გვაწვდის უნიკალურ ინფორმაციას ხეთების რელიგიის, კულტურისა და სოციალური სტრუქტურის შესახებ. ამ ცნობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია „წმინდა ქორწინების“ (hieros gamos) ამბავი. როგორც წესი, ხეთების მეფეები ხშირად ქორწინდებოდნენ ბაბილონის პრინცესებზე. როგორც განმარტავენ, წმინდა ქორწინების რიტუალი, რომელიც დაიბადა მესოპოტამიაში, ამ სამყაროში ნაყოფიერებისა და გამრავლების კულტების პროექცია და ღვთაებრივი ქორწინების განმეორებაა.

ხეთებიდან და შუმერებიდან დაწყებულ და ანატოლიურ კულტურამდე მოღწეულ საქორწილო რიტუალებზე საუბარს შედგომ გადაცემაში გავაგრძელებთ.



მსგავსი ინფორმაციები