„კუთხე-კუნჭული“ 62 - 2023

მცენარეული ჩაი - ხანგრძლივი სიცოცხლის წყარო 2

2062877
„კუთხე-კუნჭული“ 62 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 62 - 2022-2023

მცენარეული ჩაი - ხანგრძლივი სიცოცხლის წყარო 2

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

 

მცენარეული ჩაის თემას დღევანდელ გადაცემაშიც ვაგრძელებთ. ამინდები ნელ-ნელა ცივდება და შინაგანი ტემპერატურის შესანარჩუნებლად საჭიროა ცხელი ჩაისა და სხვადასხვა მცენარეული ნაყენის მიღება.

როგორც ვიცით საქართველოში დილას ყავით იწყებენ,  თურქეთში დილის რიტუალის განუყოფელი ნაწილი კი სწორედ ჩაია. მაგრამ აქ ჩაი არა მარტო დილის, არამედ მთელი დღის განმავლობაში ადამიანთათვის ნებისმიერი საქმის კეთებისას თანმდევი სასმელია. თუმცა გარდა ცნობილი თურქული, შავიზღვისპირული შავი ჩაისა, თურქეთი მცენარეული ჩაითაც განთქმულია. ცაცხვის, ასკილის, სალბის, კამის, ქონდრისა და სხვადასხვა ხილის ჩაის გარდა თურქეთში ზაჰთერის იგივე ზაატარის ჩაისაც მიირთმევენ.

ზაჰთერი თურქულად, არაბულად ზაატარი მოყვანილობით ქონდარს წააგავს, მას „შავ ქონდარსაც“ ეძახიან. მისი ძირითადი სამშობლო შიდა და სამხრეთ ანატოლიაა. მას არაბული და ებრაული კულტურა კარგად იცნობს და ტრადიციულ სამზარეულოში არა მარტო ჩაის სახით, არამედ კერძებში ერთ-ერთ მთავარ სანალებლად იყენებენ. ზაატარი ჩრდილო-ამერიკაში 40-იან წლებში საცხოვრებელად ჩასულმა სირიელმა, პალესტინელმა და ლინაბელმა მიგრანტებმა ჩაიტანეს. თუმცა თავად ლიბანის, იორდანიის, ისრაელის და პალესტინის მოსახლეობის კულინარიებს შორის ერთ-ერთი საერთო სწორედ ზაატარის, მარილის, სეზამისა და მარჯორამის იგივე მაიორამის შერევის შედეგად მიღებული სანელებელია, რომელსაც ეს ერები საუზმეზე ზეთისხილის ზეთთან ერთად მიირთმევენ.

მაიორამი არომატითა და სურნელით ორეგანოს იგივე თავშავას ძალიან წააგავს. მას თურქულად “mercanköşk” იგივე „მარჯნის კოშკი“ ჰქვია. ზოგადად თურქულ ენაში მცენარეებს ერთი შეხედვით უცნაური სახელები ჰქვიათ. სავარუდოდ, ენაში სახელი ამა თუ იმ მცენარეს მისი გარეგნული თვისებებიდან გამომდინარე ერქმევა. მაგალითად დეკორატიულ გვიმრას „სიყვარულის კიბე“ “aşk merdiveni” ჰქვია, ქრიზანთემას კი “kasımpatı” იგივე „ნოემბრის აფეთქება“, მართალიცაა ქრიზანთემებს ნოემბერი უყვართ, სწორედ ამ თვეში აფეთქდებიან ხოლმე ნაირფერად და ზამთრის დასაწყისს აფერადებენ. ისევ მაიორამის რომ დავუბრუნდეთ, როგორც ჩანს  მისი აღნაგობა თურქულ ენაში კოშკს მიამსგავსეს და თეთრი პატარა ლამაზი ყვავილები კი თეთრ მერჯანს. მაიორამისა და ზაატარის გემოებიც წააგავს ერთმანეთს, სწორედ ამიტომ მათი სინთეზი გემრიელ სანელებელს იძლევა. თუმცა მაიორამის ჩაის სახითან გამოყენება შეიძლება.

თურქეთში მცენარეულ ჩაის სახეობებს შორის ერთ-ერთი გავრცელებული ასკილის ჩაია. მას გარდა სამკურნალო თვისებებისა ნატურალური წითელი ფერის გამოც ლიმონათებსა და კონდიტერიაშიც იყენებენ. თუმცა ბუნებრივი წითელი ფერის გამო, ბამიის მცენარის იგივე ჰიბისკუსის ყვავილიც გამოიყენება. ბამიის ამ უცნაური მცენარის შესახებ უფრო ვრცლად შემდგომ გადაცემაში ვისაუბრებთ.

თითოეულ ამ მცენარეს, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრეთ ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია და მათი ყოველდღიური მიღება ჯანმრთელობის გარანტიცაა.

გადაცემის ბოლოს კი „მშრალი ნამცხვრის“ რეცეპტსაც გაგაცნობთ, რომლის მთავარი ინგრედიენტი დაყენებული ჩაია. მთელი ღამის განმავლობაში დაქუცმაცებული ხილის ჩირი დააყოვნეთ შავი ჩაის ნაყენში, დილით ამ ნაყენს ორი კვერცხი, შაქარი გემოვნებით, 250 გრ, ფქვილი, ცოტა კარაქი და გამაფხვიერებელი დაამატეთ, წინასწარ მომზადებულ ყალიბში ჩაასხით და ერთი საათის განმავლობაში ღუმელში გამოაცხვეთ. ხილის ჩირისა და ჩაის არომატის გემოს ერთად შეიგრძნობთ და რაც მთავარია ასეთი ნამცხვარი დიდხანს ძლებს. გემრიელად მიირთვით.


საკვანძო სიტყვები: #მცენარეული ჩაი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები