„კუთხე-კუნჭული“ 48 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 48 - 2023

2018874
„კუთხე-კუნჭული“ 48 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 48 - 2022-2023

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

წინა გადაცემაში დაწყებულ „ქალთა ბაზრების“ თემას დღესაც ვაგრძელებთ. თურქეთის მასშტაბით გავრცელებულ „ქალთა ბაზრებს“ შორის ყეველაზე მეტად ამ სახელწოდებას ბართინის ბაზარი ამართლებს, სადაც მწარმოებელიც, გამყიდველიც, გადამყიდველიც და მყიდველთა უმეტესობა ქალები არიან.

თურქეთის შავიზღვისპირეთში მდებარე ლამაზი ქალაქი ძველბერძნულ სახელსა და ისტორიას ატარებს. ბართინის იგივე ძველი „პართენიოსი“სათვის ბაზრები უცხო არასოდეს ყოფილა. პორტად ქცეულ ქალაქს გემების მეშვეობით ბევრი უცხოელი სტუმარი ეწვეოდა ხოლმე, შესაბამისად პროდუქტის გაცვლა-გამოცვლა სპეციალურად მოწყობილ ქალაქის ცენტრალურ ბაზრებში ხდებოდა.

გალას ბაზარი, ადგილობრივთა დიალექტზე „ქალთა ბაზარს“ აღნიშნავს. ამ ბაზრის განსხვავებულობა იმაშიცაა, რომ ის არა მხოლოდ კვირის ან თვის რომელიმე დღეს იხსნება, არამედ ყოველდღიურად ღიაა, იქ ქალებს თავიანთი დახლები აქვთ დანაწილებული და ასე ყოველდღიურად სოფლიდან ქალაქში გლეხ ქალებს პროდუქტი ჩამოაქვთ და თავადვე ჰყიდიან მოწეულ მცირე მოსავალს.

ბართინის „გალას ბაზრის“ ისტორია ასეთია: 1930 წელს ბართინთან ახლოს მდებარე ქალაქ ზონგულდაქის მმართველობამ ასეთი წესი შემოიღო, რომ ყველა მამაკაცს ევალებოდა იქ არსებული ქვანახშირის საბადოებში მუშაობა. ამიტომაც სახლში დარჩენილი ქალები ბოსტნისა და ბაღების გაშენებით დაკავდნენ. თუმცა მანამდეც სანამ ეს ბრძანება გამოიცემოდა, რეგიონში მცხოვრები მამაკაცები მთებში ხე-ტყის სამუშაოებით იყვნენ დაკავებულნი, ქალები კი ისევ სახლში სამყოფი საკვების მოსაპოვებლად ბოსტნებს აშენებდნენ, თესავდნენ, „ზედმეტ“ მოსავალს უბან-უბან დაატარებდნენ და ერთმანეთში ცვლიდნენ ან ჰყიდნენ.

მეოცე საუკუნის დასაწყისში კი ბართინის მერიის სპეციალური გადაწყვეტილებით „ქალთა ბაზრის“ დაარსება გადაწყდა, რამაც ზონგულდაქსა და ბართინში მცხოვრები ქალების უბან-უბან სიარულისა და პროდუქტის ამ გზით რეალიზების პრობლემა მოაგვარა. ქალებს უკვე თავიანთი შემოსავლის მყარი ადგილი ჰქონდათ, მათი სოციალური აქტოვობა ბაზარში გადავიდა. თავიდან ბაზარი ზამთარ-ზაფხულ სამშაბათსა და პარასკევს იმართებოდა. სწორედ ამ ბაზრის დამსახურება იყო, რომ ქალაქელები სოფლიდან ჩამოტანილ ნატურალურ პროდუქტს იძენდნენ, სოფლიდან ჩამოსული ქალები კი ქალაქის ცხოვრების კულტურას ეცნობოდნენ, წერა-კითხვას სწავლობდნენ და უცხო გარემოსთან ადაპტაციას უკვე მარტივად გადიოდნენ.

ბართინში ქალების მიერ წამოწყებული ეს „ეკონომიკური რევოლუცია“, რომელიც ქალთა პირად შემოსავალს და შესაბამისად სოციუმში მის დამოუკიდებლობას გულისხმობს, შეუმჩნეველი არც ევლია ჩელებს დარჩენია. მანამ სანამ „გალას ბაზარი“ დაარსდებოდა, მის ადგილას ამ ბაზრის ერთგვარი ჩანასახი არსებობდა, სადაც ისევ ქალები აწარმოებდნენ ყველაფერს. ევლია ჩელები ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ ბართინში ასეთი ქალთა ბაზარი მხოლოდ შაბათობით იმართებოდა.

მას შემდეგ გამოხდა ხანი და ბართინის ბაზარი აგერ უკვე თავის 100 წელს აღნიშნავს. გალას ბაზარი იმით გამოირჩევა, რომ აქ შენახული პროდუქტი არ იყიდება. სეზონის მიხედვითაა გამოფენილი ცინცხალი ბოსტნეული და ხილი. გამყიდველი გლეხი ქალები ტრადიციული ტანისამოსითა და მხოლოდ მათი სოფლის, რეგიონისათვის დამახასიათებელი დიალექტით არა მარტო ტელევიზიების არამედ ლინგვისტების ყურადღების ცენტრშიც მოქცეულა.

ბაზრის მომმარაგებელი ქალები ბართინის რეგიონში არსებული აღდაჩი, ჩაიდუზუ, დურნუქ, დერბეთ, თერქეჰათიფლერ, ორდუიერი, ქარასუ, გუზელჯეჰისარი და სერდარის სოფლებიდან არიან.

გალას ბაზარმა რეგიონში სოციალურ-კულტურული სურათიც შეცვალა. ქალების მიერ მოპოვებული ეკონომიკური დამოუკიდებლობა თაობიდან თაობას მემკვიდრეობით ერგო. დედამთილიდან რძალზე, დედიდან ქალიშვილზე ეს ტრადიცია გადადის და იქ მცხოვრებმა ქალებმა თავიანთი შრომის ფასიც იციან და ამ შრომისგან მიღებული საზღაურისაც.

ბართინის მერიამ ასეთი გადაწყვეტილებაც კი მიიღო, რომ ბაზარში მხოლოდ და მხოლოდ ქალების მიერ მოყვანილი ნატურალური პროდუქტი გაიყიდოს და არ დაიშვას სხვა საბითუმო ვაჭრობა. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ბართინის გალას ქალთა ბაზარი არ კარგავს თავის „ეგზოტიკურობას“ და თურქეთის სხვადასხვა ქალაქებიდან არა მხოლოდ ქალაქის ლამაზი ხედების სანახავად, არამედ ამ ბაზრისათვის თვალის შესავლებად და გემრიელი პროდუქტის საყიდლადაც ჩამოდიან. 

 


საკვანძო სიტყვები: #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები