„კუთხე-კუნჭული“ 27 - 2023

ანკარის „ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმი

1956151
„კუთხე-კუნჭული“ 27 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 27 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 27 - 2022-2023

ანკარის „ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

წინა გადაცემაში როგორც დაგპირდით დღეს ანკარის თემას ვაგრძელებთ და გიამბობთ მისი ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი ღირსშესანიშნაობის შესახებ, რომელსაც ანკარის „ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმი“ (Anadolu Medeniyetler Müzesi) ჰქვია. სახელიც კი იმაზე მიგვითითებს, რომ მუზეუმში, ანატოლიის რეგიონში ერთმანეთის გვერდიგვერდ, თუმცა პერიოდთა მონაცვლეობით არსებულ ცივილიზაციათა ექსპოზიციაა წამოდგენილი.

ამ მუზეუმმა საქართველოში იმით მიიპყრო ყურადღება, რომ სწორედ აქ ინახება თამარ მეფის შვილიშვილის თამარისადმი მეუღლის მიერ მიძღვნილი მონეტა, რომელზეც მზე და ლომია გამოსახული. მუზეუმში ბევრი ისეთი ნივთია დაცული, რომელიც არა მარტო ანატოლიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ისტორიული ღირებულების მდიდარ და მრავალფეროვან მასალას შეიცავს.

ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმი ანკარის ძველ უბანში ულუსზე, ათფაზარის მახლობლად ანკარის ცნობილი ციხის გარე კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ორი ოსმალური არქიტექტურული ნაგებობისგან შედგება. ერთი მათგანი მაჰმუთ ფაშას ბედესტანი იგივე ბაზარია, მეორე კი ქურშუნლუ ჰან იგივე ქურშუნლუს ისტორიული სახლი.

სავარაუდოა, რომ ბედესთანს ცნობილი სულთნის - ფათიჰის ერთ-ერთი გამორჩეული ვეზირის მაჰმუთ ფაშას სახელი დაერქვა, რადგანაც მისი მშენებლობა სწორედ მან წამოიწყო. ქურშუნლუ ჰანი კი ასევე სულთან ფათიჰის ცნობილი ვეზირის მეჰმეთ ფაშას დაკვეთით აშენებული სტამბოლის უსქუდარის უბანში არსებული ღატაკთა ფონდის ფილიალად გაიხსნა. 1881 წელს ხანძრის შედეგად დაზიანებულ ორივე შენობაში, შემდგომში ათათურქის სურვილით ანატოლიის ყველა რეგიონიდან ისტორიულ-კულტურული ინვენტარი შეგროვდა და იქ გამოიფინა. ასე მიიღო ამ მუზეუმმა თავდაპირველი სახე.

ბედესთანის შუაში მდებარე გუმბათიანი ნაწილის აღდგენა 1940 წელს დაასრულეს და იქაც სამუზეუმო მასალა განათავსეს. მუზეუმმა საბოლოო სახე 1968 წელს მიიღო. დღეს ქურშუნლუ ჰანის ნაწილში ბიბლიოთეკა, ადმინისტრაცია, საკონფერენციო დარბაზები, ლაბორატორიები, საკვლევი ოთახებია განთავსებული. მაჰმუთ ფაშას ბედესთენის ნაწილში კი ექსპოზიციებია გამოფენილი.

მუზეუმი მასალის მრავალფეროვნების გამო, 1997 წელს შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანში 68 მუზეუმს შორის წლის „ევროპის მუზეუმად“ დასახელდა. დღესაც, ეს მუზეუმი განსაკუთრებული ექსპოზიების დამსახურებით მსოფლიოს თითზე ჩამოსათვლელ მუზეუმებს შორის იკავებს ადგილს. იქ, პალეოლითის ხანიდან დღემდე ქრონოლოგიური სიზუსტით  არქეოლოგიური ნიმუშებია წარმოდგენილი.

პალეოლითის ხანის ნიმუშებს, რომელიც ოთხ ეტაპად იყოფა (ქვედა, შუა, ზედა და ეპიპალეოლითი) და სადაც კვარცის, კაჟის ქვის იარაღებია გამოფენილი, მოსდევს ნეოლითის ხანის განყოფილება, რომელიც ძვლის, ობსიდიანის იარაღების, გამომწვარი მიწისა და ქვის ჭურჭლითაა წარმოდგენილი. შემდგომ მოდის ქალკოლითური ხანის განყოფილება, სადაც უკვე ქვანახშირის მოპოვება და დამუშავება იწყება, მოსახლეობის მატება იგრძნობა და მეცხოველეობასთან ერთად ქსოვასა და კერამიკას ექცევა ყურადღება. აქაც თითქმის ყველა ინვენტარი შიდა ანატოლიიის სხვადასხვა რეგიონშია აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად. აქ უკვე მეტალიც იჩენს თავს. შემდგომ კი ადრეული ბრინჯაოს ხანის განყოფილება იწყება.

აქვე უნდა გითხრათ, რომ თითოეული განყოფილებისათვის დაახლოებით ათი წუთი დაგჭირდებათ. ამ განყოფილებაში სამკაულისა და ქანდაკებების ნიმუშებსაც წააწყდებით. აქაა განთავსებული ასურეთის სავაჭრო კოლონიების ნიმუშებიც. ქრონოლოგიურად გრძელდება ხეთების განყოფილება. სწორედ ხეთები არიანი ისინი, ვინც ანატოლიაში პირველებმა ორგანიზებული სამმართველო სისტემა ჩამოაყალიბეს. მას მოსდევს ფრიგიელთაგან შემორჩენილი ნიმუშები. ისინი ხეთების იმპერიის ჩამოშლის შემდეგ ჩნდებიან. ნელ-ნელა ურარტუში გადადიხართ.  აქ ასზე მეტი სპილოს ძვლის ფირფიტის შეერთებით შექმნილ მწოლიარე ლომს იხილავთ.

ასეთი თანმიმდევრობით განლაგებულ განყოფილებებთან ერთად თქვენ ცივილიზაციათა შორის იმოგზაურებთ. სამუზეუმო ინვენტარის უმეტესობა 1926 წელს დაწყებულ და უმეტესად უცხოელი არქეოლოგების ხელმძღვანელობით გათხრებში აღმოჩენილი ნიმუშებითაა წარმოდგენილი. ჩორუმში, იოზგათში და შიდა ანატოლიის რეგიონების სოფლებში გათხრების შედეგად გამდიდრა ის კოლექცია, რითაც ეს მუზეუმი დღეს გამოირჩევა. მუზეუმში ასევე ინახება ძვ.წ.აღ.-ით 6200 წლით დათარიღებული ჩათალჰოიუქ ქალაქის აღმწერი რუკა, რომელიც სავარუდოდ მსოფლიოს ყველაზე ძველი რუკაა.

მაშ ასე, ანკარაში სტუმრობის საინტერესო მიზეზი უკვე გაქვთ. ეწვიეთ ცივილიზაციათა მუზეუმს და ნახავთ, რომ წარსული არსად არ წასულა, ის ძველ ნივთებში დღევანდელ ყოველდღიურობასთან ერთად ისევ ცოცხლობს.



მსგავსი ინფორმაციები