„კუთხე-კუნჭული“ 14 - 2022

ხელმარჯვე ქალები თურქეთიდან

1915507
„კუთხე-კუნჭული“ 14 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 14 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 14 - 2022-23 

ხელმარჯვე ქალები თურქეთიდან

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

დაიწყება თუ არა ზამთრის გრძელი ღამეები ანატოლიელი ქალები ქსოვა-ქარგვის საქმეს ჩაუჯდებიან. ანატოლიელი ქალების ხელმარჯვეობის ამბავი ახალი არაა. მათი ხელსაქმისა და ოსტატობის ნიმუშები თურქეთის არაერთ მუზეუმშია გამოფენილი. ოსმალეთის იმპერიიდან დღემდე თურქმა და „გოჩმენ“ იგივე მიგრანტმა ქალებმა, რომლებიც ოსმალეთ-რუსეთის ომის დროს ანატოლიაში გადმოასახლეს, იდენტობის გადარჩენა სწორედ ხელსაქმით შეძლეს. კავკასიური, ბალკანურ მოტივებით მათ ქსოვა-ქარგვა-კერვის ტრადიციები თურქეთში გააგრძელეს და მომავალ თაობებსაც შეასწავლეს. ჯერ კიდევ 80-იან წლებამდე თურქეთში როგორც სოფლებში ასევე ქალაქებშიც ქალები ოჯახის ყველა წევრისთვის ტანსაცმელს კერავდნენ, თბილ სამოსს ქსოვდნენ და შედარებით თავისუფალ დროს ქარგავდნენ ან კიდევ ცნობილ ოიას რუდუნებით ამზადებდნენ. ოია მაქმანის ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა. ოიას მხოლოდ ანატოლიაში იყენებენ.

ოია მაქმანისგან იმით განსხვავდება, რომ მასში მხოლოდ ოიასთვის გამოსადეგ წვრილ ფერად-ფერად ძაფებს იყენებენ. ოია დამუშავების ხელსაწყოებისა და ტექნიკის მრავალფეროვნების მიხედვითაც განსხვავდება მაქმანისაგან. მას, ძირითადად, ნემსით ან ყაისნაღით ამზადებენ ხოლმე. ოიას მაქმანს ამაგრებენ თითქმის ყველაფერს, ამით რთავენ სახლის თითქმის ყველა ნივთს. ის გამოიყენება პირსახოცების დაბოლოებების, მაგიდის გადასაფარებლებისთვის, სარეცხი მანქანების ზედმოსართავებიც კი ოიათია ხოლმე დამშვენებული. ლიტერატურაშიც ოია „თურქული მაქმანის“ სახელით დამკვიდრდა, თუმცა ოია თურქული სიტყვაა და ისევე როგორც მისი დამზადების ტექნიკა მხოლოდ თურქული მოვლენაა. მისი ისტორია ძალიან ძველ დრომდე აღწევს. 1905 წელს ჩატარებული მენფიზის გათხრებში 2000 წლის წინანდელი ნემსის ტექნიკით შესრულებული ოიას მსგავსი მაქმანების ნიმუშები აღმოაჩინეს. წყაროები როგორც გვიჩვენებს ოია ანატოლიიდან ბალკანეთში, ხოლო იქედან იტალიის გზით ევროპაში გავრცელებულა.

ოია იმით განსხვავდება მაქმანისგან, რომ მას სამგანზომილებიანი ფორმა გააჩნია. ის ისევე გამოიყენებოდა მამაკაცთა სამოსში როგორც ქალის მოსართავებში. ეფეების, ზეიბექების ყაბალახების მსგავს თავსაბურავებს ახალგაზრდა გოგონების მიერ შექმნილი ნაქარგები- ოიები ამშვენებდა. ასევე ოიებით იყო გაწყობილი მათი ფულის ქისები, ცხვირსახოცები, სასიძო პერანგები. როგორც აღვნიშნეთ ოიები ანატოლიაშია გავრცელებული, მათ ნიმუშებს ბურსაში, ბოლუში, იზმირში, მუღლაში, ორდუსა და რიზეშიც კი ვხვდებით.

ოიები დღესაც ტრენდულია, მათ სპეციალური დიზაინის მქონე ბუტიკ  სასტუმროების ოთახების, სუფრების გასაწყობად იყენებენ. ოიას ფორმა და ფერები თითქოს წლებთან ერთად მოდას მიჰყვება. ამიტომაც ის ყოვეთვის აქტუალურია. თუკი წინა საუკუნეში, მაშინ როცა სახლის საქმე და ბავშვების გაზრდა ქალისთვის გარდაუვალ მოვალეობად ქცეულ გარჯას მოიცავდა, ის მაინც პოულობდა დროს რომ ერთგვარ გასართობად ოიები შეექმნა. ამიტომაც მათში აქსოვდა დაფარულ ღიმილს, წარმოუთქმელ სიტყვას, პირველ და გამოუთქმელ სიყვარულს, ამიტომაც ოია ყოველთვის იყო რაღაც გზავნილის მატარებელი. ფოლკლორული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი თემებიდან რძალ-დედამთილიანობა ოიებშიც ჩნდება. დედამთილთან ჩხუბის შემდეგ რძალი ხელში იღებდა ნემსს ან ყაისნაღს და იწყებდა ოიას ქარგვა-დაწნას. ოიას შიგ წითელი წიწაკის ორნამენტს უმატებდა და ასეთ ოიას სახეობას „დედამთილის ენა“ დაერქვა. თუმცა ოიას სახეობათა უმეტესობა ყვავილებისგან შედგება, მასში ია, ვარდი და მიხაკი ყველაზე მეტად გამოიყენება.

ოია მზითვის განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც წინა საუკუნეში დღესაც კი დედები თავიანთ ქალიშვილებს მზითევში თავიანთი ხელით შექმნილ ე.წ. ფათიქებს და ოიათი გაწყობილ პირსახოცებს, თავშლებს ულაგებენ.

დღესაც თურქეთში დიდ ქალაქებში სპეციალურ დღეებში ბაზრებში ოიას ნიმუშებით დახუნძლულ დახლებს ნახავთ. აქ შესაძლებელია იმის გარჩევაც ოია ახალგაზრდა, საშუალო თუ ხნიერი ქალის მიერაა შესრულებული, მოტივები და ფორმები ამის გარჩევაში დაგეხმარებათ.

გირჩევთ ეწვიოთ ასეთ ბაზრებს და თქვენი სახლის ყოველდღიურობა ოიებით გააფერადოთ და მორთოთ.


საკვანძო სიტყვები: #ქსოვა , #ქარგვა , #ოია , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები