კუთხე-კუნჭული“ 36/2021

"ფაბუჩიდან ფეხსაცმელამდე"

1706000
კუთხე-კუნჭული“ 36/2021

კუთხე-კუნჭული“ 36/2021

"ფაბუჩიდან ფეხსაცმელამდე"

მარიამ გაფრინდაშვილი

მუსლიმურ ქვეყნებში ფეხსაცმლით სახლში შესვლა მასპინძლის, ოჯახისა და ამავე სახლის შეურაცხყოფის ტოლფასია. თურქეთშიც სახლში ფეხსაცმლით არ შეისვლება - ამ აკრძალვას კი დასაბამი ჯერ კიდევ იმ დროიდან აქვს, როცა სუფრას არა მაგიდაზე, არამედ ძირს, იატაკზე დაგებულ ფარდაგზე შლიდნენ; ირგვლივ კი ფეხმორთხმულნი შემოუსხდებოდნენ. რასაკვირველია ოჯახის ყველა წევრი ფეხშიშველა ან წინდებით იყო, ფეხსაცმელს კი გარეთ ტოვებდნენ. აგრეთვე ნამაზის ლოცვის რიტუალს იატაკთან სიახლოვე, ჩამუხვლა და თავის ძირს დადება შეადგენს, რაც ისევ და ისევ იატაკის სისუფთავის შემთხვევაშია შესაძლებელი. ასე რომ ქუჩამოვლილ ფეხსაცმელს სახლში არსებული ჰიგიენური თუ სულიერი წესრიგის დარღვევა შეუძლია. ამან კი თურქეთში, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური ჩვევები გამოიმუშავა. სტუმარსაც კი სახლში ფეხსაცმლით შესვლის უფლება არ აქვს. ფეხსაცმლის გახდა ოჯახისადმი პატივისცემის გამოხატვას ნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმლით სახლში თავს ვერ მოიწონებს ვერც სტუმარი და ვერც მასპინძელი, გარეთ მას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სულ ადრეულ ამბებს რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ რომ ჯერ კიდევ შუა აზიაში თურქები ფეხსაცმელს ცხოველის ტყავისგან ძალიან ოსტატურად ამზადებდნენ. ტყავთან ერთად თხის ქეჩეს ჩექმებიც გავრცელებული იყო. ასეთი ჩექმები ცხენზე ჯირითის დროს იყო გამოსადეგი.

სელჩუკებისა და ოსმალების პერიოდში კი ჯარის, ხელისუფლებისა და ქალაქელებისთვის სხვადასხვა ფორმისა და ფერის ფეხსაცმელზე მოთხოვნა გაიზარდა და ამიტომაც განსაკუთრებით სტამბოლში მეწაღეთა პროფესია გაჩნდა. სხვა საქმიანობების გარდა, მეწაღეებსაც თავიანთი გაერთიანება ჰქონდათ, რომელსაც სავაჭრო ორგანიზაცია აკონტროლებდა. მეწაღეებს სტამბოლში kavaf-ს ეძახდნენ, ასევე ჰქონდათ სხვა სახელიც, როგორიცაა: თერლიქჩი (მეჩუსტე). ფაბუჩჩუ (მეფაბუჩე), ნალინლი და ა.შ.

ოსმალურ საზოგადოებაში ფეხსაცმლის მიხედვით ადამიანის საქმიანობის გამოცნობაც შეიძლებოდა. ბიუროკრატები ყვითელი ფერის ფაბუჩს იცვამდნენ. იენიჩარის იგივე ოსმალო ჯარის ე.წ. იაიები (ფეხით მოსიარულე ჯარისკაცები) ყვითელ ჩექმებს, ნაწილის მეთაურები წითელს, ხოლო უფრო ქვემოთ მდგომნი კი შავ ჩექმებს იცვამდნენ. არამუსლიმებს ყვითელის ჩაცმის უფლება არ ჰქონდათ, ისინი მხოლოდ შავ და წითელ ჩექმებს ატარებდნენ. თუმცა ეს კანონი 1837 წელს თანზიმათის იგივე გარდაქმნების ხელშეკრულებასთან ერთად გაუქმდა.

შეძლებული სტამბოლელები სახლში ჩუსტის მსგავს შიგნიდან ატლასისა და გარედან ხავერდის, ზემოდან ოქროს სირმებით მოქარგულ ფეხსშესადგმელს ატარებდნენ. გარეთ კი ასევე მოქარგულ ტყავის ჩექმებსა და ასევე ტყავის ფეხსაცმელებს ირგებდნენ. თოფქაფის სასახლის მუზეუმში ამ ნაირფერი ფეხსაცმელების ხილვა შესაძლებელია. საინტერესოა მათი ოსმალური დასახელებებიც: ბაშმაქი, ჯიმჯიმე, ჩაფულა, ჩედიქი, ფოთინი, მესტი, ქალჩინი, ქუნდურა, ნალინი, თერლიქი და სხვ. განსაკუთრებით უქუსლო ფეხსაცმელს ენიჭებოდა უპირატესობა. წვიმისა და თოვლისაგან დასაცავად ფეხსაცმელს ზემოდან მისივე ფორმის რეზინას ამოაცვამდენენ ხოლმე. ამ რეზინს გალოშები ან შოშონი ეწოდებოდა.

ანატოლიაში ფეხსაცმელთან დაკავშირებული ბევრი ცრურწმენა და გადმოცემა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ასეთია: თუკი ბავშვი ფეხის ადგმას დააგვიანებდა, მას თავისივე ფეხსაცმლიდან წყალს ასმევინებდნენ, რაც მატი რწმენით ბავშვს სწრაფად გავლაში დაეხმარებოდა. ფეხსაცმლის არასწორად დაწყობა (მარჯვენა ფეხის მარცხნივ და პირიქით დადება) ავის მომტანად ითვლებოდა და ა.შ.

მე-16-ე, მე-18-ე საუკუნეებში სტამბოლში, ბურსასა და ედირნეში მეწაღეობა თითქმის წამყვან ხელობებს შორის იყო. მე-19-ე საუკუნემდე ფეხსაცმელს ჯერ კიდევ ხელით აკეთებდნენ. 1884 წლიდან კი ბეიქოზის ქარხანაში მეწაღეობის განყოფილებაც დაამატეს და ამ ხელობამ ინდუსტრიული სახე შეიძინა. 1933 წელს სუმერბანკმა ბეიქოზისა და ქუნდურას ქარხნები გადაიბარა და ფეხსაცმლის შექმნა უკვე ხელიდან დაზგებში გადავიდა. ფეხსაცმლის ასეთი წარმატებით წარმოებას ხელი საუკუნეების მანძილზე ანატოლიაში განვითარებულმა ტყავის დამუშავების ტექნიკამ მისცა. ანატოლიაში კი ერთადერთი ფორმის ტყავის ფეხსაცმელი, სახელად ჩარიქი იყო, რომელსაც მარილით ამუშავებდნენ, მერე კი მზეზე ახმობდნენ. აი ასეთი მოგზაურობა გაიარა თურქულმა ფეხსაცმელმა ჩარიქიდან დღევანდელ ცნობილ ტრენდებამდე.

 


საკვანძო სიტყვები: #ფეხსაცმელი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები