„წყალი და კაცობრიობა“ 5/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 5/2020

1501990
„წყალი და კაცობრიობა“ 5/2020

„წყალი და კაცობრიობა“ 5/2020

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

 

ქიზილირმაქი მდინარეა, რომელიც სანამ მასზე კაშხლები აშენდებოდა ხმაურით მიედინებოდა, არ ეტეოდა კალაპოტში და მისი გადალახვა შეუძლებელი იყო... ქიზილირმაქი, რომელიც სიცოცხლეს აძლევს ცენტრალურ ანატოლიას, თურქეთის ყველაზე გრძელი მდინარეა, იგი ამ ქვეყანაში იბადება და აქვე ჩაედინება ზღვაში... ის არის შესანიშნავი მდინარე არა მხოლოდ თავისი სიგრძით, არამედ 75 ათასი კვადრატული კილომეტრის აუზით... ქიზილირმაქის დელტა, სადაც ასობით ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სისტემაა... ქიზილირმაქი კვლავ იპყრობს ყურადღებას სხვადასხვა ცივილიზაციისა და სხვადასხვა პერიოდის ციხესიმაგრეებით, ხიდებითა და კლდოვანი სამარხებით, სადაც ისტორიის ყველა პერიოდის ნაკვალევის ნახვა შეგიძლიათ...

ქიზილირმაქი ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული ანატოლიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეა...  ადამიანების მის გარშემო დასახლებიდან ომებამდე, ვაჭრობიდან სახელმწიფოს საზღვრების დადგენამდე, იგი მრავალი ისტორული ფაქტის მომსწრეა.  

ანტიკური პერიოდის ცნობილი ისტორიკოსი, ჰეროდოტე და გეოგრაფი სტრაბონი ქიზილირმაქით ხაზავენ მცირე აზიის საზღვრებს. რადგან ანტიკურ ხანაში არ არსებობდა პოლიტიკური საზღვრის კონცეფცია; გეოგრაფია განსაზღვრავდა საზღვრებს, კერძოდ მთები, მდინარეები, ზღვები ...

ეს სახელი შეარქვეს იმის გამო, რომ მდინარის კალაპოტში ნიადაგი შედგება წითელი თიხისგან და თურქულად „ქიზილი“ წითელს „ირმაქი“ კი მდინარეს ნიშნავს... ხეთებიც ამ მდინარეს საკუთარ ენაზე ანალოგიური მნიშვნელობის ანუ „წითელი მდინარის“ სახელს უწოდებდნენ. ჩვენს დღევანდელ პროგრამაში ვისაუბრებთ ხეთებზე, კიდევ ერთ ცივილიზაციაზე, რომელიც ქიზილირმაქის გარშემო შეიქმნა და რომელმაც ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.

ხეთები არის ცივილიზაცია, რომელიც ბაბილონელებთან ერთად იმავე პერიოდში ცხოვრობდა... მათ ბევრ პირველობას მიაღწიეს... ხეთებზე საუბრისას მაშინვე გვახსენდება: კადეშის ზავი... ეს ზავი ცნობილია როგორც მსოფლიო ისტორიაში თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული უძველესი წერილობითი ხელშეკრულება. კადეშის ზავი დაიდო იმ პერიოდის ორ დიდ სამხედრო და პოლიტიკურ ძალას, ხეთურ და ეგვიპტურ სახელმწიფოებს შორის ომის შემდეგ. ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტი ამ სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა. ეგვიპტეში ტაძრის კედლებზე ამოტვიფრული ხელშეკრულების მეორე ეგზემპლარი 1906 წელს ბოღაზქოიში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. თიხის ფირფიტები, რომელზეც ხელშეკრულება იყო დაწერილი, დღეს სტამბოლის არქეოლოგიის მუზეუმში ინახება. იმის გამო რომ იგი თანამედროვე დიპლომატიის საფუძვლად ითვლება, ტაბლეტების გადიდებული ასლი ნიუ-იორკში გაეროს შენობის შესასვლელთანაც დგას.

როგორც ვთქვით, ტაბლეტები ბოღაზქოიში გათხრების დროს აღმოაჩინეს. ბოღაზქოი ხეთების დედაქალაქი იყო, იმ პერიოდში მას ხათუსას უწოდებდნენ... ქიზილირმაქის მიერ მორწყულ ნაყოფიერ მიწებზე დაარსებული, ანატოლიის პირველი ცნობილი დედაქალაქი... მდებარეობს ჩორუმის სამხრეთ-დასავლეთით. უძველესი ქალაქი ჰათუსა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილია. გათხრების შედეგად 5 კულტურული ფენა იქნა ნაპოვნი და იმავე გათხრებში ნაპოვნია ხათების, ხეთების, ასურელების, გალატების, ფრიგიელების, რომაელთა და ბიზანტიელთა პერიოდების ნიმუშები. უძველესი ქალაქი ჰათუსა დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული მისი ისტორიული ნანგრევების გამო და იმის გამო, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცივილიზაციის დედაქალაქი იყო. გარდა ამისა, ამ არქეოლოგიურ ადგილას აღმოჩენილი ლურსმნული დამწერლობით შესრულებული ფირფიტები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების სიაში. ტაბლეტებში ჰათუსა მოიხსენიება როგორც "ათას ღმერთიანი ქალაქი".

მოდით ერთად დავათვალიეროთ "ათას ღმერთიანი ქალაქი" ჰათუსა... ჰათუსა იყოფა ორ ნაწილად, ზედა და ქვედა ქალაქად. ზემო ქალაქში ტაძრები და სხვა სიწმინდეები, ხოლო ქვედა ქალაქში დიდი ტაძარი, სახლები და ყოველდღიური ცხოვრების სხვა ადგილები მდებარეობს. ხეთებს თავიანთი დედაქალაქის გარშემო 6 კილომეტრიანი გალავანი აუგიათ. ამ გალავნებით გარშემორტყმულ ანტიკურ ქალაქში ძალიან კარგად დაცული მონუმენტური კარიბჭეები, სასახლე, 31 ტაძარი, მიწისქვეშა გასასვლელები, გიგანტური მარცვლეულის საწყობები და იაზლიქაიას ღია ცის ქვეშ ტაძარი მდებარეობს. ხეთებმა ანატოლიაში პირველებმა გამოიყენეს დიდი ქვები მონუმენტურ არქიტექტურაში... ისინი მოწინავეები იყვნენ როგორც არქიტექტურაში, ასევე ხელოვნებაში. მათ დედაქალაქში გვხვდება რელიგიური და სამოქალაქო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშები.

ცოტა ხეთებზეც ვისაუბრით... ისინი ისტორიაში და რა თქმა უნდა, ანატოლიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზაციაა. ის არის ამ პერიოდის ორი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო თავისი ომებით, მშვიდობით, კულტურით, სამხედრო და სავაჭრო ძალაუფლებით... ხეთებს დაუმუშავებიათ მეტალი, განსაკუთრებით მაღალხარისხიანი რკინის ნაწარმით და იარაღის ტექნოლოგიით დაწინაურებულან, შეუქმნიათ ძლიერი ჯარები და ამით ხმელთაშუა ზღვის სავაჭრო გზებზე კონტროლი დაუმყარებიათ და უპირატესობა მოუპოვებიათ ანატოლიაში. ქალთა უფლებებისათვის მნიშვნელობის მინიჭებით, სამართლებრივი სოციალური წესრიგის შექმნით, ხელოვნებისა და არქიტექტურის მნიშვნელოვანი მაგალითებით ხეთები გახდნენ ანატოლიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცივილიზაცია.

აღმოჩენილი მასალებიდან და თიხის ტაბლეტებიდან ვიგებთ, რომ მათ შექმნეს დისტილაციის, წვენის მიღების და სუბლიმაციის ტექნიკა, ცეცხლის კონტროლირებული გამოყენებით კერამიკის, საღებავების, სუნამოების მსგავს სფეროში დაწინაურებულან.

ხეთებს ჩამოუყალიბებიათ პირველი ორგანიზებული სახელმწიფო სტრუქტურა და ისტორიაში ცნობილი პირველი პარლამენტი "პანკუში" ანუ "საიმპერატორო კრება". მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახიდან არჩეული პირები მართავდნენ ქვეყანას, "საიმპერატორო კრებაზე“ მიღებულ გადაწყვეტილებებს კენჭს წევრები უყრიდნენ, თანაბარი უფლებების მქონე წევრები თავიანთ მოსაზრებებს გავლენის გარეშე გამოხატავდნენ და კრება მეფეს აკონტროლებდა. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ხეთებმა ჩაუყარეს საფუძვლად "საპარლამენტო მონარქიას", რომელიც ინგლისის, ესპანეთის, ნიდერლანდების, იაპონიისა და მრავალი სხვა ქვეყნის მმართველობის ფორმაა.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ხეთები ანატოლიაში კავკასიიდან მოვიდნენ და ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ისინი ანატოლიის მკვიდრი მოსახელობა იყო, თუმცა ამ საკითხზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ტაბლეტების აღმოჩენისა და გაშიფრვის შემდეგ ნახეს, რომ გამოყენებული სიტყვები ევროპული ენების სიტყვების მსგავსია. ამიტომ ხეთური ითვლება დღემდე ცნობილ უძველეს ინდოევროპულ ენად.

ზუსტად არ არის ცნობილი, თუ როგორ გამოვიდნენ ხეთები ამ ისტორიულ სცენაზე და შემდეგ როგორ ჩამოვიდნენ ამ სცენიდან. ზოგის აზრით, ბერძნული ტომების ანატოლიაში გადასვლის შემდეგ, ზოგის აზრით კი ხმელთაშუა ზღვიდან მოსულმა მეკობრეებმა მოუღეს ხეთებს ბოლო. ვინ იცის, შესაძლოა დიდხნიანმა გვალვებმა მოუღო ბოლო ამ დიდი ცივილიზაციას.

დღეს ჩვენს გადაცემაში ვისაუბრეთ ჰათუსაზე, ერთადერთ უძველეს ქალაქზე, რომელიც იუნესკოს ორივე სიაშია შეტანილი. კიდევ ბევრია სათქმელი დაახლოებით 5000 წლის უძველესი ცივილიზაციის, ხეთების შესახებ.

რადიო თურქეთის ხმის ეთერში თქვენ უსმენდით ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუს მიერ მომზადებულ პროგრამას სახელწოდებით „წყალი და კაცობრიობა“. მომდევნო გადაცემაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.

 



მსგავსი ინფორმაციები