თურქული პრესა 15.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1341083
თურქული პრესა 15.01.2020

     

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გუშინ გამოეხმაურა რა  ლიბიის მეამბოხე გენერლის, ხალიფა ჰაფტარის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოწერის გარეშე მოსკოვიდან წასვლის საკითხს, მისი ეს ქმედება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა: “ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულმა  მთავრობამ  შემრიგებლური დამოკიდებულება გამოავლინა და ხელი მოაწერა ტექსტს, ხოლო ჰაფტარმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. ჯერ დათანხმდა, შემდეგ კი მოსკოვი ხელმოწერის გარეშე დატოვა - გაიქცა. ჩვენ არ შევყოვნდებით დამსახურებულად ვასწავლოთ ჭკუა ჰაფტარს თუ ის განაგრძობს ქვეყნის ლეგიტიმურ მთავრობაზე და ჩვენს მოძმეებზე თავდასხმებს“,-განაცხადა ერდოღანმა, წერს საბაჰი

Yeni Şafak-ი, ერდოღანის მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი იდლიბის შესახებ გავრცელებულ მოწოდებას ანთავსებს, რომელშიც იგი მსოფლიო ლიდერებსაც და საზოგადოებასაც, ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში სდებს ბრალს. მისივე თქმით, ასადის ძალები, იდლიბის რეგიონში ხშირად იყენებს ბარელის ბომბებს, რასაც ბავშვები და ქალებიც მრავლად ეწირებიან

“ანადოლუჟეტი მსოფლიოს 28 ქვეყანაში იფრენს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Haber Türk-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ავიახაზებს (THY) დაქვემდებარებული იაფი ავიაკომპანია “ანადოლუჟეტი“, მიმდინარე წლის 29 მარტიდან დაწყებული, სტამბოლის საბიჰა გოგჩენის სახელობის აეროპორტიდან მსოფლიოს 28 ქვეყანის ქალაქში ეკონომიკური კლასის  ფრენებს დაიწყებს და მათ შორის იქნება თბილისი, ბაქო, დუბაი,  თეირანი, თელ – ავივი,  ბარსელონა, ბერლინი, ლონდონი, პარიზი, რომი, ვენა და ა.შ

Hürriyet-ი ეკონომიკურ გვერდზე თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრ ბერატ ალბაირაკის მიერ სოციალურ ქსელ ტვიტტერის საშუალებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით  გავრცელებულ მესიჯს აქვეყნებს, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ სამრეწველო წარმოებაში სასურველი დაჩქარება და ზრდა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ეს მაჩვენებლები 2020 წლის ბოლოსათვის საკმარისად გაიზრდება. ”ჩვენი პრიორიტეტი იქნება დამატებითი ღირებულების მქონე დასაქმებასა და ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული წარმოება”, აღნიშნავს მინისტრი, წერს ჰურრიეთი

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი კი სტამბოლის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ბოლო დღეებში ინდექსის გაზრდას აანალიზებს და წერს რომ ქვეყნის ეკონომიკაში გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება რა, ძლიერი აღმავლობა საფონდო ბირჟის საქმიანობაზეც დადებითად აისახება. “ასე მაგალითად, გუშინ, ხსენებულ ბირჟაზე საშუალო ინდექსმა 121 ათას ქულას გადააჭარბა, რაც ყველა დროის რეკორდია და თუ საერთაშორისო პოლიტიკაში რაიმე გამოწვევა არ მოხდება, მაშინ, ეს ნიშნული კიდევ უფრო გაიზრდება“, იმედს გამოთქვამს ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი



მსგავსი ინფორმაციები