თურქული პრესა 25.03.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 25.03.2019

                                       

                       

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ შეფასება მისცა რა ზელანდიაში, ორ მეჩეთზე განხორციელებულ ტერაქტებს, თქვა, რომ სისხლის მსმელებმა და მის უკან მდგომებმა მიზანში ამოიღეს არა მხოლოდ ისლამი, არამედ თურქეთიც, რადგან, ამჟამად  სწორედ რომ თურქეთი არის გაიგივებული ისლამთან, რამეთუ მუსლიმანების უფლებებს ხმამაღლა და მთელს მსოფლიოში, მხოლოდ ანკარა იცავს. თურქმა დიპლომატმა ამასთან გააფრთხილა დასავლეთი, რომ მალე თურქულ და მუსლიმანურ მტრობას, კათოლიკური, პროტესტანული და მართლმადიდებლური მტრობა შეცვლის და მაშინ, თითზე კბენანი გვიან იქნება. “იცოდეთ, წარსულის მსგავსად, თუ პირველი და მეორე მსოფლიო ომების მსგავსი ახალი ომი დაიწყება, მისი მიზეზიც კვლავ თქვენ იქნებით“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ, წერს ვათანი  

Star-ში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებაა გამოქვეყნებული, რომელშიც იგი აფრიკის სახელმწიფო მალიში, მოპტის ოლქის ბანკასის დასახლებაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვებიც ემსხვერპლნენ, ხოლო ათობით კი დაიჭრნენ, მკაცრად გმობს,. “ოფიციალური ანკარა და თურქი ხალხი სამძიმარს უცხადებს მალის მოსახლეობას, ხოლო ამის პარალელურად დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“, ხაზგასმულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის მესიჯში, წერს სტარი  

Haber Türk-ი ინტერვიუს აქვეყნებს ჰანნოვერის გამოფენის თურქეთის განყოფილების გენერალურ დირექტორ ალექსანდრე კუჰნელთან, რომლის აზრითაც, სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლით, რაც ათიოდე დღეში მოხდება, თურქეთში საჰაერო მიმოსვლა კიდევ უფრო გახშირდება და მის ფარგლებში, თურქეთში დაგეგმილ გამოფენებს, იარმარკებს, ფესტივალ-ბაზრობებს, უფრო მეტი უცხოელი ეწვევა

“მსოფლიო თურქულ პომიდორს ვერ თმობს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი ეკონომიკის გვერდზე და მისი მიხედვით ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის სასათბურე ინვესტორებისა და მწარმოებლების ასოციაციის თავჯდომარე მუსლუმ იანმაზს. იგი ამბობს, რომ ამ ბოლო ათწლეულებში უცხოეთში, თურქულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი პომიდორზე მოთხოვნილება დიდად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო სასათბურე მეურნეობის სწრაფ განვითარებას. "ჩვენ, ამჟამად წელიწადში   დაახლოებით 12 მილიონ ტონა პომიდორს ვაწარმოებთ და აქედან დაახლოებით 3,5 მილიონი ტონა სათბურებზე მოდის. გასულ წელს, მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 292 მილიონი დოლარის ღირებულების პომიდორი გავიტანეთ“, აცხადებს იანმაზი, ვკითხულობთ გაზეთ ჰურრიეთის ეკონომიკურ გვერდზე

Sabah-ი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ ცნობილი თურქული ტრიო, მაზჰარ-ფუატ-ოზქანი (MFÖ), ამჯერად სცენაზე პრეზიდენტის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვა. “ეს ერთობლივი კონცერტი 26 მარტს ანკარის სპორტულ არენაზე შესდგება და მისი ორგანიზატორია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს გენერალური დირექტორატი“, იუწყება საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები