თურქული პრესის მიმოხილვა 10.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

256399
თურქული პრესის მიმოხილვა 10.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ, რომელშიც თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თანერ ილდიზის მხრიდან TANAP-ის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეა გამახვილებული ყურადღება. მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკის მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა, რომ ანატოლიის გაზსადენის TANAP-ის პროექტის საძირკველის ჩაყრის ცერემონიალი ქალაქ ყარსში 17 მარტს პრეზიდენტების თანდასწრებით განხორციელდება. ეს პროექტი 21 ქალაქში გაივლის და მისი მეშვეობით 5 ათასი ადამიანი დასაქმდება. ამ პროექტში გამოსაყენებელი ლითონის მილები თურქეთში დამზადდება. ილდიზმა ასევე აღნიშნა, რომ ქურთებთან ე.წ. შერიგების პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ ანატოლიის სამხრეთ რეგიონში 8 ადგილას ნავთობის მოძიებითი სამუშაოები დაიწყება.

იენი შაფაქი წერს, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ ვიცე-პრემიერ ალი ბაბაჯანთან და ეკონომისტებთან შეხვედრა გამართა, რომელზედაც ამ ბოლო დღეებში დღის წესრიგში მყოფი ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის და სავალუტო პოლიტიკის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან მთავარი ყურადღება ორმა მიიქცია. პირველი: ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით უფრო ფრთხილად უნდა იყოს და აშშ-ს ცენტრალური ბანკის FED-ის მიერ 18 მარტს მისაღებ გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. მეორე: თურქულ ვალუტასთან მიმართებაში დოლარის აწევა უნდა შეჩერდეს და ამ მიზნით ფულადი პოლიტიკის მექანიზმები უნდა იქნას გამოყენებული.

ჰურრიეთის მიხედვით მე-11 პრეზიდენტი აბდულლაჰ გიული თურქეთში 7 ივნისისათვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, გიული ეროვნულ ან საერთაშორისო დონის სამსახურებში აპირებს მუშაობას და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხვედრებს მართავს. ზოგიერთები გიულს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების მოგვარების ან კიდევ ევროკავშირის სტრუქტურებში აქტიურ როლის აღებას უწინასწარმეტყველებენ.

საბაჰში ვკითხულობთ, რომ ერდოღანი სოციალურ ქსელ Twitter-ში ყველაზე მეტი მიმდევარის მქონე ლიდერთაგანია. აშშ-ს პრეზიდენტ ობამას 55 მილიონზე მეტი, ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის 10 მილიონზე მეტი, ხოლო პრეზიდენტ ერდოღანს 5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. პაპა ფრანცისკა კი ერდოღანის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. ევროპის სახელმწიფოების ლიდერების მიმდევართა რაოდენობა Twitter-ში თანდათან კლებულობს, წერს საბაჰი.

ჰაბერ თურქში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”10 ათასი ევროპელი შეიძლება ISIS-ს რიგებში გაწევრიანდეს” და მასში ვკითხულობთ: საფრანგეთის მიერ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად ფრანგი ჯიჰადისტების ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ISIS-ს რიგებში გაწევრიანებას ვერა და ვერ აჩერებენ. საფრანგეთის პრემიერმინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ევროპიდან ISIS-ს რიგებში გაწევრიანება ყოველდღიურად მატულობს და წლის ბოლომდე ამ რიცხვის 10 ათასამდე გაზრდას ელიან. დასავლელი საიდუმლო სამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ISIS-ს რიგებში ყველაზე მეტი წევრი საფრანგეთიდან და ბელგიიდან ერთიანდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები