პრეზიდენტმა ერდოღანმა უხნაგიინ ხურელსუხი მიიღო
პრეზიდენტმა ერდოღანმა უხნაგიინ ხურელსუხი მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „არ უნდა მიეცეს ისრაელის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და პროცესის ბოროტად გამოყენების უფლება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეასრულოს ეს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ღაზას მოსახლეობის მიმართ, რომელმაც 50 000 შვილი შესწირა“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული შეფასებები, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, მონღოლეთის პრეზიდენტ უხნაგიინ ხურელსუხისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ერდოღანმა თავის კოლეგას მადლობა გადაუხადა მონღოლეთიდან თურქეთში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე განხორციელებული ვიზიტისთვის, რომელიც დაახლოებით 21 წლიანი პაუზის შემდეგ შედგა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ მის კოლეგას თან ახლდა მრავალრიცხოვანი დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, მაღალი რანგის ბიუროკრატები, ბიზნესმენები, ხელოვანები და მედიის წარმომადგენლები და გამოხატა სურვილი მომავალში მონღოლეთში ვიზიტის განხორციელების შესახებ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შეხვედრებზე განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე მიმდინარე, რეგიონული და გლობალური მოვლენები, მათ შორის სირია, პალესტინა და უკრაინა.
პრესკონფერენციის დროს, პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობა ჰამასსა და ისრაელს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ერდოღანმა შემდეგი შეფასებები გააკეთა:
„იმედი მაქვს, რომ შეთანხმება სასარგებლო იქნება ყველა ჩვენი პალესტინელი ძმისთვის, განსაკუთრებით კი ღაზას მოსახლეობისთვის, რომელიც 467 დღის განმავლობაში მოთმინებით უძლებს ისრაელის ჩაგვრას. მადლობას ვუხდით შუამავალ ქვეყნებს, განსაკუთრებით კატარსა და ეგვიპტეს, შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 50 000-ზე მეტი შაჰიდი, უმეტესად ქალები და ბავშვები დაკარგეს, ღაზა არ დანებდა, ვერ დაანებებინეს და ღაზელებმა მჩაგვრელს თავი არ დაუხარეს. ახლა ჩვენ გველის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიცაა ისრაელის მიერ ღაზაში გამოწვეული დიდი ნგრევის აღმოფხვრა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება რეგიონში“.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ შეთანხმების მიუხედავად თავდასხმებისა და ხოცვა-ჟლეტის გაგრძელება სამართლიანად ზრდის მათ შეშფოთებას და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები 1967 წლის საზღვრების საფუძველზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის დედაქალაქით, ტერიტორიული მთლიანობის მქონე, დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნისთვის.