პრეზიდენტი ერდოღანი მეჯლისში სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი: „ისრაელს მკაფიოდ ვაფრთხილებ, ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შედეგები არ იქნება წარსული ოკუპაციების მსგავსი“

2193589
პრეზიდენტი ერდოღანი მეჯლისში სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  ისრაელი გააფრთხილა და აღნიშნა, რომ „ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შედეგები არ იქნება წარსული ოკუპაციების მსგავსი“.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის 28-ე მოწვევის მე-3 საკანონმდებლო წლის გახსნის სხდომაზე დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელის, ღაზას სექტორსა და ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებზეც ისაუბრა.

ერდოღანმა თქვა, რომ ისრაელი, ერთის მხრივ, ღაზაში გენოციდს ახორციელებს, მეორეს მხრივ კი ლიბანზე ტერორისტულ თავდასხმებს, და ამავდროულად ყველა გზას მიმართავს და ყველანაირ პროვოკაციას იყენებს, რათა რეგიონის ქვეყნები საკუთარ ცეცხლში ჩაითრიოს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ისრაელს, რომელიც მიზნად ისახავს მთელი რეგიონი ცეცხლში გაახვიოს, ღაზაში 42 ათასი ადამიანი მოკლა, მათ შორის 17 ათასი ბავშვი, და ახლა ლიბანშიც დაიწყო ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც არ მიუღია სათანადო და საკმარისი რეაქცია მსოფლიოსგან.

„ისრაელის სახელმწიფომ, ჰიტლერის მიმბაძველი ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, მხოლოდ ბოლო 51 კვირის განმავლობაში უსირცხვილოდ ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ ყველა დანაშაული. სიძულვილითა და შურისძიებით დაბრმავებული მკვლელების ბანდის ხელში ღაზა გადაიქცა უზარმაზარ განადგურების ბანაკად, სადაც 42 ათასი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე დასძნა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ისრაელმა, ადრე თუ გვიან იგი შეჩერდება, როგორც შეჩერდა საკუთარ თავში შეყვარებული ჰიტლერი, ასევე შეჩერდება ნეთანიაჰუც.

ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „აღთქმული მიწების“ ილუზიით მოქმედი ისრაელის ხელისუფლება, პალესტინისა და ლიბანის შემდეგ, თვალს თურქეთზე დაადგამს.

„ოკუპაცია, ტერორი, აგრესია ჩვენს გვერდით არის. ჩვენ წინაშე არ არის კანონიერი სახელმწიფო, არამედ სისხლით მკვებავი, ოკუპაციით გასუქებული მკვლელთა ხროვაა. ისრაელის აგრესია თურქეთსაც მოიცავს. ჩვენი სამშობლოს, ერის, დამოუკიდებლობისთვის ამ სახელმწიფო ტერორიზმს ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით წინ აღვუდგებით. ისრაელს მკაფიოდ ვაფრთხილებ, ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შედეგები არ იქნება წარსული ოკუპაციების მსგავსი, - განაცხადა მან.



მსგავსი ინფორმაციები