თურქეთში ქვანახშირის მაღაროში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა
პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის ქვანახშირის ორგანიზაციის ამასრას დაწესებულების კუთვნილ მაღაროში მივიდა



პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბარტინის რაიონ ამასრაში, ქვანახშირის მაღაროში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა.
პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის ქვანახშირის ორგანიზაციის ამასრას დაწესებულების კუთვნილ მაღაროში მივიდა, სადაც აფეთქება მოხდა.
ერდოღანმა ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუსგან, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრ ვედათ ბილგინისაგან და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფათიჰ დონმეზისგან შესრულებული სამუშაოსა და მაღაროს არეალში არსებული უახლესი ვითარების შესახებ.
მოგვიანებით ერდოღანი მივიდა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორატის (AFAD) კატასტროფების საკოორდინაციო მობილურ ცენტრში და იქ გამართულ საკოორდინაციო შეხვედრას უხელმძღვანელა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაღაროში დარჩენილი ბოლო მუშაც ამოიყვანეს და დაღუპულთა რიცხვი 41-ს შეადგენს.
მან აფეთქების შედეგად დაღუპული მუშების ოჯახებს და თურქ ერს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ აფეთქების შემდეგ ადგილზე მუშაობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მობილიზებით დაიწყო და ადმინისტრაციული და სასამართლო გამოძიებით გაირკვევა როგორ მოხდა აფეთქება და ვინ არის პასუხისმგებელი, თუ ასეთი იქნება.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ აღარ სურთ მაღაროებში რაიმე ნაკლოვანებები ან არასაჭირო რისკები იხილონ და დაამატა: „ჩვენი, როგორც ამ სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლის მოვალეობაა დავიცვათ და მოვუაროთ მაღაროში დაღუპული ადამიანების დანატოვარს“. მისივე თქმით, სახელმწიფო მეშახტეების ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.