უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

1784181
უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
6217242e55ab2.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ვლადიმერ ზელენსკიმ მას შემდეგ რაც რუსეთმა, უკრაინის მიმართ ოპერაცია დაიწყო, მოსახლეობას მიმართა და მათ, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„თუ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს შვილებს თავს დაესხმებიან, ჩვენ თავს დავიცავთ, თავს არ დავესხმებით. რუსეთმა დაიწყო სარაკეტო თავდასხმები ჩვენს ინფრასტრუქტურასა და მესაზღვრეებზე. აფეთქებები მოხდა ქვეყნის ბევრ ქალაქში. ყველას მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და შეინარჩუნოთ სიმშვიდე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, უკრაინის პარლამენტმა გუშინ საღამოს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი.

მეორეს მხრივ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსეთის სპეცრაზმის ძალების და სეპარატისტების უკრაინის წინააღმდეგ მოქმედების გამო სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საჭიროდ მიიჩნევენ ამ გადაწყვეტილების მიღებას.

მეორეს მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოიწვია. ზელენსკიმ, სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს: „ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანდჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი და ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ! ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. საჭიროა დაუყოვნებლივი სანქციები და უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობას დაუბრუნდეს“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კერძოდ კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები