„კუთხე-კუნჭული“ 30-2022

ფეხბურთი თურქეთში

1859701
„კუთხე-კუნჭული“ 30-2022

„კუთხე-კუნჭული“30-2022

ფეხბურთი თურქეთში

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთში ფეხბურთი მე-19-ე საუკუნიდან ითვლის არსებობის ხანას. ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიულ არეალში შემავალი დღევანდელი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დაწყებული ფეხბურთის ისტორია იზმირში, ბორნოვაში გაგრძელდა. პირველები, ვინც იმპერიაში ფეხბურთის თამაში დაიწყო არამუსლიმი უმცირესობები იყვნენ. განსაკუთრებით კი იზმირსა და თესალონიკში მცხოვრები რუმები, სომხები, იტალიელები და ინგლისელები თავიანთი გუნდების ჩამოყალიბებით გახდნენ ცნობილნი. 1875 წელს თესალონიკში, 1877 წელს კი იზმირში სწორედ ამ უმცირესობათა შორის გამართული საფეხბურთო ბრძოლის შემდეგ იზმირის გუნდი სტამბოლისას შეხვდა და ისტორიული თამაში გაიმართა. აქედან ჩაეყარა საფუძველი დღეს უკვე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ამბად ქცეულ თურქულ ფეხბურთს.

1894 წელს იზმირში მცხოვრებმა ინგლისელებმა „სმირნა კლუბი“ იგივე იზმირის საფეხბურთო კლუბი ჩამოაყალიბეს. გუნდმა 1906 წელს ოლიმპიადებში მიიღო მონაწილეობა და დანიის გუნდის შემდეგ მეორე ადგილი მოიპოვა. სწორედ მათი დამსახურებით სტამბოლის მოსახლეობას ფეხბურთისადმი ინტერესი გაუღვივდა და მის შედეგად რამდენიმე გუნდი ჩამოყალიბდა.

პირველი თურქული საფეხბურთო გუნდი 1901 წელს სტამბოლში, ქადიქოის უბანში, ფუათ ჰუსნუ ბეისა და რეშათ დანიალის ინიციატივით შეიქმნა. მათ გუნდს ინგლისური სახელი “Black Stocking” იგივე „შავი წინდები“ დაარქვეს. იმავე წელს რუმებთან გამართული შეხვედრის შედეგად გაურკვეველი მიზეზების გამო გუნდმა არსებობა დაასრულა.

ამის შემდეგ სტამბოლში 1902 წელს, ჯეიმს ლაფონტენმა ინგლისელებისა და რუმი ფეხბურთელებისგან ქადიქოის საფეხბურთო კლუბის სახელწოდებით გუნდი შეკრიბა, თუმცა ისევ და ისევ შეუთანხმებლობის გამო, გუნდი დაიშალა. მათგან ინგლისელებმა  საფეხბურთო კლუბი მოდა, ხოლო რუმებმა ცალკე კლუბი ელფი ჩამოაყალიბეს. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პირველი მცდელობები წარუმატებლობით დასრულდა. საფეხბურთო გუნდები დიდხანს ვერ ძლებდნენ, ეს შეიძლება იმით ყოფილიყო გამოწვეული, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საფუძვლიანად ჯერ კიდევ ამ ახალ სანახაობაში ჩართული არ იყო. ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წარმატებისა და ხანგრძლივობის მიზეზი კი სწორედაც რომ მაყურელებელში, მასზე შეყვარებულ „გადარეულ“ ფანებშია. თაყვანისმცემელია სწორედ ის მოტივატორი, რაც ფეხბურთს ასე აქტიურსა და მოთხოვნადს ხდის.

ოსმალეთის იმპერიის კონსტიტუციურ სისტემაზე გადართვის შემდგომ საფეხბურთო გუნდები თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაარსდა, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ საფეხბურთო გუნდებმა ოფიციალური სტატუსი მიიღო. პირველი თურქი ფეხბურთელი, რომელიც გალათასარაის საფეხბურთო გუნდში თამაშობდა ფუათ ჰუსნუ ქაიაჯანი, პირველი მწვრთნელი კი 1924 წელს საბჭოთა კავშირსა და თურქეთის ეროვნულ გუნდს შორის გამართული მატჩის წამყვანი ჰამდი ემინ ჩაფი გახლდათ.  სწორედ 1923 წელს ჩამოყალიბდა თურქეთის საფეხბურთო ფედერაცია. FİFA-ს წევრიც ამავე წელს გახდა და პირველი მატჩი თაქსიმის სტადიონზე რუმინეთთან გაიმართა. უეფამ 1962 წელს თურქეთის გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა 1992 წლიდან თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო არენაზე დამოუკიდებელი ფედერაციის სახელით გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ფეხბურთის მდგომარეობა ნებისმიერ საზოგადოებაში მისივე  ადეკვატური გამოხატულებაა. ამა თუ იმ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურული სიტუაცია სწორედ იმ ქვეყანაში ფეხბურთის მდგომარეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ. ლათინურ ქვეყნებში ფეხბურთი ადამიანთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად ფეხბურთი მათთვის მთავარი სტიმულატორია. განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში კი ფეხბურთი საზოგადოების მოწყობის ანარეკლადაც შეგვიძლია განვიხილოთ. ისევე როგორც საცობში ამა თუ იმ საზოგადოების წესები და ადამიანთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულების ხარისხი შეინიშნება, ასევე ფეხბურთიც ერის ხასიათს გამოხატავს.

თურქეთშიც ფეხბურთისადმი დამოკიდებულება რაღაცით წააგავს ლათინურ ქვეყნებში ფეხბურთის აღქმას. თურქეთში ორი ადამიანი (უმეტესად მამაკაცები) გაცნობისას, სახელისა და გვარის შემდეგ, რომელ საფეხბურთო გუნდს გულშემატკივრობს კითხვაზე პასუხიც მისი იდენტობის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ნიშნულს ატარებს. ამიტომაც ფეხბურთი თურქეთში საზოგადოების ყოველდღიურობის ნაწილი და ერთგვარი ეროვნული ნიშანია.

 



მსგავსი ინფორმაციები