საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის მოლაპარაკებები დღის წესრიგში 2028 წლამდე არ უნდა შევიდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროინტეგრაციის მოლაპარაკებები დღის წესრიგში 2028 წლამდე არ უნდა შევიდეს, გუშინ დაწყებული პროტესტის გამო თბილისში გადაკეტილი ქუჩები პოლიციის ჩარევით გაიხსნა. პარლამენტის წინ დაწყებული პროტესტი დილამდე გაგრძელდა.
შუაღამემდე დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის ერთ ნაწილს ალყა შემოარტყეს და შედეგად დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
უშიშროების ძალები დემონსტრანტებს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაუპირისპირდნენ.
გამთენიისას რუსთაველის გამზირზე ბარიკადებიდან დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვების, რკინისა და პლასტმასის ნივთების სროლა დაუწყეს.
გამთენიისას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ საპატრულო პოლიციის ჯგუფები ჩაერივნენ და ქუჩა მოძრაობისთვის გახსნეს.
უშიშროების ძალებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.
მედიის ცნობით, წუხელ დილამდე გაგრძელებული პროტესტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძალადობაში ეჭვმიტანილი 43 დემონსტრანტი დაკავებულია, დაშავებულია 32 პოლიციელი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის ანგარიშზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ჩარევას გამოეხმაურა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჩარევის დროს პოლიციის ჯგუფები თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
„ევროპის დედაქალაქებისგან მწვავე რეაქციას ველოდები“, თქვა მან.
საქართველოს, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა, 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ივლისში შეჩერდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაპირისპირება გამოიწვია კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ ამოქმედების შემდეგ.