ისრაელმა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანა
თავდასხმის შედეგად სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი, საფა აჰმედიც დაიღუპა
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოზე ღამის საათებში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა.
სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ ღამით მესამედ დაუპირისპირდა მტრულ სამიზნეებს“.
SANA-ს მიერ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ სხვა ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ადგილობრივი დროით 02:05 საათზე დედაქალაქზე თავდასხმები განახორციელა საბრძოლო თვითმფრინავებითა და დრონებით.
ინფორმაციაში აღნიშნულია: „ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს რაკეტები და დრონები და უმეტესობა ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 9 დაშავდა, მიყენებულია მატერიალური ზარალი“.
ამასთან, რეჟიმის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის დროს დაიღუპა სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი, საფა აჰმედი.
ისრაელის მხრიდან თავდასხმასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაკეთებულა.
ცნობისათვის, 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ისრაელი დროდადრო ახორციელებს თავდასხმებს სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების და სირიის არმიის სამხედრო ობიექტებზე.