აქტუალური თემის ანალიზი 72

ახალი ახლო აღმოსავლეთი

1638943
აქტუალური თემის ანალიზი 72

 

 

როგორც ჩანს, აშშ-ში ხელისუფლების შეცვლამ სერიოზული გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთზე და მის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმაც და საერთოდ ოფიციალურმა რიადმაც, ტრამპის დროინდელი აბსოლუტური მხარდაჭერა დაკარგა და ამიტომ ახლა ისინი თავიანთი პოლიტიკური პოზიციების გადახედვას ცდილობენ. გარდა ამისა, ყველას გასაკვირად, ახლიდან დაიწყო ვენაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები, რის კვალდაკვალ ისრაელის მკაცრი რეაქციები და პროვოკაციები დაიწყო. აი ამ ყველაფრის ფონზე კი ოფიციალური ანკარა ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს თავისი ინტერესები ამ ახალ განტოლებაში. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას ანალიტიკური კვლევითი ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ახლო აღმოსავლეთი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დინამიური რეგიონია, სადაც ქაოსზე და ძალადობაზე უფრო მეტია შესაძლებელი ლაპარაკი, ვიდრე მშვიდობასა და სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, ეს არის ისეთი გეოგრაფია, რომელიც ჩამოყალიბდა კონფლიქტებისა და რთული ბრძოლების შედეგად. კერძოდ, აქ საუბარია გარე ჩარევების შედეგად წარმოქმნილ კონტროლირებად ქაოსზე. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არ არის შუა აღმოსავლეთის სახელმწიფო, იგი მაინც რა თქმა უნდა რეგიონში განვითარებული მოვლენების და არასტაბილურობის  ზეგავლენის ქვეშ რჩება. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით კი აშშ–ში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რეგიონის პოლიტიკაში სერიოზული დინამიზმისა და ახლიდან გადახედვის მცდელობებს აქვს ადგილი, რაც ახლო აღმოსავლეთისათვის შეიძლება უფრო პოზიტიური და ეფექტური გახდეს. ერთის მხრივ, ბაიდენის ამერიკის მხრიდან ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების ახლიდან წამოწყებამ და ირანზე ზეწოლის შემცირებამ, მეორეს მხრივ, ტრამპის საპირისპიროდ საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართ აბსოლუტური მხარდაჭერის შემცირებამ, ღრმად შეარყია და შეცვალა ბალანსი რეგიონში.

ისრაელი და სპარსეთის ყურის ქვეყნები ამჟამად სერიოზულ შეშფოთებს განიცდიან. თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ ისინი ცდილობენ განსხვავებული რეაგირება მოახდინონ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. აქედან გამომდინარე ისრაელს სურს ახლად გადადგმული ნაბიჯებით ხელი შეუშალოს აშშ-ირანის ახალ მოლაპარაკებებს, რათა არ მოხდეს მათ შორის ურთიერთობების დათბობა, მეორეს მხრივ ის მიზნად ისახავს ირანისადმი და მისი ძალებისადმი დარტყმების მიყენებას არა მხოლოდ უშუალოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია, პალესტინა და იემენი. გარდა ამისა, ირანი და ისრაელი სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვაში ერთმანეთის გემებზეც ახორციელებენ ლოკალურ დარტყმებს, თუმცა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ირანი ჯერჯერობით ესკალაციის თავიდან აცილების პოლიტიკას მისდევს და ამას კარგად ართმევს თავს რა, ამით წინ უდგება ისრაელის მთავარ მიზანს, რაც გამოიხატება რეგიონის მუდმივად ქაოსში დარჩენაში

მეორეს მხრივ, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა დაინახეს, რომ აღარ არის სანდო და აღარ შეუძლიათ დაეყრდნონ აშშ-ს მიერ ტრამპის ეპოქაში ბოძებულ ე.წ. “აბსოლუტური დაცვის ქოლგას“ და ამიტომ ურთიერთობების ახლიდან გადახედვის მცდელობებს დაადგნენ. პირველ რიგში, მათ უკან დაიხიეს კატარისადმი დაწესებული ბლოკადის საკითხში  და დაიწყეს მასთან ნორმალიზაციის პროცესი. ამის პარალელურად სერიოზული შერბილება შეინიშნება კატარის მხარდამჭერი თურქეთისადმი მიდგომაშიც. მართალია ამ საკითხში მათ ჯერ-ჯერობით არ გადაუდგამთ რაიმე კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ, ამის ნიშნები ძალიან მკაფიოდ ჩანს, რადგან, ძველებური მტრული მიდგომა ანკარის მიმართ აღარ იგრძნობა

ისიც კარგად ჩანს, რომ თურქეთიც, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა, არ არის გულგრილი ამ ცვლილებისა და ურთიერთობების ახლიდან გადასინჯვის მცდელობის მიმართ. ტრამპის ეპოქაში თურქეთის წინააღმდეგ შექმნილი ყურის ქვეყნების ფრონტის გასარღვევად და მათთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის მიზნით, ანკარა სხვადასხვანაირ მცდელობებს იჩენს. ამის მკაფიო მაგალითია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხშირი სატელეფონო საუბარი საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზთან, ხოლო ეგვიპტესთან 8 წლიანი უთანხმოების აღმოფხვრისა და ურთიერთობების ახლიდან აღდგენის მიზნით, თურქეთის დელეგაციამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართა გასულ კვირას კაიროში. ასე რომ, ეს ორივე ქვეყანა, როგორც ჩანს, ფოკუსირებულია საერთო ინტერესებზე, რომ ძველ ნორმალურ ურთიერთობებს დაუბრუნდნენ. აქ არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ ლიბიაში პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესმაც დადებითად იმოქმედა რეგიონის ურთიერთობების გადახედვაზე.

ამ მოვლენების ფონზე აშკარაა, რომ ჩვენ ახალ პროცესში ვართ, რომელიც გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე. როგორც ჩანს, ყველა ქვეყანა მეტ-ნაკლებად გადახედავს თავის პოზიციას და ჩართულობას. ასე რომ, უახლოეს მომავალში შეიძლება მარიონეტული ომები და კონფლიქტები ცოტა ხნით მაინც შეჩერდეს. თუმცა, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ისრაელისა და ირანის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ორ ქვეყანას შორის შესაძლო ცხელი კონფლიქტი, მთელ რეგიონს შეძრავს და მოედება. რაც შეეხება თურქეთს, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები პკკ-ას წინააღმდეგ  ერაყსა და სირიაში კვლავ გაგრძელდება, წერს SETA/სეტას ანალიტიკური კვლევითი ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები