მიუნხენში დებატები გამართეს ალიევმა და ფაშინიანმა
ეს არის ისტორიაში ორი ქვეყნის ლიდერის პირველი საჯარო დებატები
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს და ამით პირველად ორი ქვეყნის ისტორიაში, აზერბაიჯანელმა და სომეხმა ლიდერმა საჯარო დებატები გამართეს. თავის გამოსვლაში ალიევმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია და რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ი დღეს სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და 1 მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა დატოვა თავის სახლ-კარი და იძულებით ადგილნაცვალი გახდა, ე.ი. სომხეთმა, აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განახორციელა. ხოჯალის ტრაგედიაზე საუბრისას ალიევმა გაიხსენა, რომ ამ დასახლებაში სომხებმა 613 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ”საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ყარაბაღი აზერბაიჯანული მიწაა. გაეროს მიღებული აქვს მთლიანობაში 4 რეზოლუცია, რომლებითაც სომხურმა არმიამ უნდა დაასრულოს ოკუპაცია. მაგრამ, სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილებები არ განხორციელებულა. გამოსავალი უნდა იქნას მიღებული აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე”, ხაზგასმით აღნიშნა ალიევმა. ფაშინიანმა კი უარყო ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა და თქვა, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. მისივე თქმით, მთიან ყარაბაღს არა სომხეთის ჯარი, არამედ თვით მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებები იცავენ, თუმცა, მოგვიანებით დაადასტურა, რომ მისი ვაჟიც სამხედრო სამსახურს სწორედ მთიანი ყარაბაღის ფრონტის წინა ხაზზე იხდის