ირანი, ამერიკას შურისძიებით ემუქრება

ირანში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა

1333886
ირანი, ამერიკას შურისძიებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი ქასიმ სულეიმანის მკვლელობას თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამანეიმ ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა, და განაცხადა, რომ ირანი, სასტიკად იძიებს შურს იმ კრიმინალების წინააღმდეგ, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. „კეთილ სურვილებს ვუსურვებთ მათ, ვინც ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი (ქასიმ სულეიმანი) გზა კვლავ გაგრძელდება. სასტიკი შურისძიება ელოდებათ იმ კრიმინალებს, რომლებმაც თავისი ბინძური ხელები სისხლით დაისვარა. სულეიმანის მკვლელობა  შეერთებული შტატების  და ისრაელის   წინააღმდეგობის  ჩვენი  შურისძიების მოტივაციას  გააორმაგებს“, - განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. ამ ფაქტის  შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ  განაცხადა: „ეჭვგარეშეა, რომ ირანის ერი   და რეგიონში თავისუფლების მაძიებელი სხვა ქვეყნები ამის შურისძიებას აუცილებლად იძიებენ“.

ამ ფაქტს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფიც სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა: „სულეიმანის მკვლელობა, უკიდურესად სახიფათო და უგუნური ქმედებაა. ამერიკა ამ ავანტურის და ბანდიტური ქმედებების პასუხისმგებელი გახლავთ. ისინი ამაზე პასუხს აუცილებლად აგებენ.“ შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი ქასიმ სულეიმანი მოკლეს. საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა „ირანის რევოლუციური გვარდიის“ პრესსპიკერმა რამაზან შერიფმაც და აღნიშნა, რომ რევოლუციური გვარდია და რეგიონის მოკავშირეები დღეიდან ახალ სამოქმედო გეგმაზე გადადიან რა, ამერიკას და ისრაელს „სიხარული“ „გლოვად“ გადაექცევიან. მისივე თქმით,  გენერლის შურს აუცილებლად იძიებენ.



მსგავსი ინფორმაციები