ერაყში დაძაბულობა იზრდება
4 დღეში დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
ერაყის ჯანდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციებით, ქვეყანაში მიმდინარე ანტი სამთავრობო დემონსტრაციებში დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, ხოლო დაჭრილთა რიცხვმა 2 ათასს მიაღწია. ამავე ინფორმაციით, საავადმყოფოებში, დაჭრილებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებებისა და სისხლის გადასხმის საკითხში პრობლემები შეინიშნება. როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციები ერაყში პირველ ოქტომბერს, კორუფციის და უმუშევრობის წინააღმდეგ, ამავე დროს საჯარო მომსახურების გაუმჯობესების მოთხოვნებით დაიწყო, მაგრამ, პოლიციის უხეში ჩარევისა და დემონსტრანტთა დაღუპვის გამო, მომიტინგეებმა მოთხოვნები გაზარდეს და ახლა, პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ. თავის მხრივ, ერაყის პრემიერ მინისტრმა ადილ აბდულმეჰდიმ ბრძანება გასცა, რომ დემონსტრაციების საწინააღმდეგოდ გამოცხადებული კომენდანტის საათი მოეხსნათ, ხოლო ამის პარალელურად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდათ, აქტიურად ითანამშრომლონ ახალი რეფორმებისთვის. ამასობაში პარლამენტის უმსხვილესმა ჯგუფმა, "საირუნის კოალიციამ" განაცხადა, რომ სანამ მთავრობა არ დააკმაყოფილებს მომიტინგეების მოთხოვნებს, მანამდის შეაჩერებს თავის საქმიანობას პარლამენტში, ხოლო პარლამენტის მეორე უმსხვილესმა ჯგუფმა, ფეტიჰის კოალიციამ მოუწოდა მთავრობას, გამოაცხადოს რეფორმის პაკეტი, რომელიც დააკმაყოფილებს დემონსტრანტთა მოთხოვნებს უახლოეს 10 დღეში. ერაყში მეტად აქტიური სადრის მოძრაობის ლიდერმა, მუქდადა ეს-სადრმა კი მთავრობას გადადგომისკენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა თქვა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება ერაყში განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ძალადობას, გამოიჩინონ სიფხიზლე და მიუსხდნენ დიალოგის მაგიდას
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული