საქართველოს ოპოზიციური პარტიები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ
საქართველოს ოპოზიციური პარტიები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ

საქართველოში, გაერთიანებული ოპოზიცია, 28 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბათილად ცნობას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი ახალი კოალიცია, „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და სხვა ოპოზიციური პარტიები, საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. გუშინ ამ მიზნით დედაქალაქ თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პარლამენტის შენობის წინ ვაშაძის პარტიის ჩათვლით ათამდე ოპოზიციურმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე სიტყვით გამოსულმა ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, რადგან მთავრობამ მოსახლეობაზე ზეწოლა განახორციელა. მისივე თქმით, არჩევნების ბათილად გამოცხადებისათვის სასამართლოში უნდა მიმართონ. მან მთავრობას ასევე მოუწოდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. „ჩვენ ამ პოლიტიკურ პროცესს თქვენთან ერად ვიწყებთ და სანამ მიზანს არ მივაღწევთ, მანამდის არ გავჩერდებით,“ განუცხადა ვაშაძემ აქციის მონაწილეებს. გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას მთავრობას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დაწყებაც შესთავაზა. მეორეს მხრივ, აქციის მონაწილეებს ტელე-ხიდის მეშვეობით დაუკავშირდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც და იქ მყოფებს განუცხადა, რომ ვაშაძის მოთხოვნებს მხარს უჭერს. სააკაშვილის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი პატიმრობის სასჯელის გამო, იგი წლებია საქართველოში ვერ ბრუნდება. დაახლოებით სამ საათს გაგრძელებულ აქციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 28 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,54% მიიღო და ქვეყნის მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.