ჩაჩიბაიამ ინტერვიუ მისცა AA-ს

“თურქეთი დღეს საქართველოს მნიშვნელოვან სამხედრო პარტნიორს წარმოადგენს“

765949
ჩაჩიბაიამ ინტერვიუ მისცა AA-ს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თურქული საინფორმაციო სააგენტო “Anadolu Ajansı“-სათვის  მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამმხრივი თანამშრომლობა, მარტო ამ ქვეყნების კი არა, მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.

მისივე აზრით, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდა საქართველოსა და თურქეთს შორის. “თურქეთი დღეს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც. ანკარა მტკიცედ და კონკრეტულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას. ბოლო 20 წელია რაც თურქეთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განათლების სფეროშიც ეხმარება და საჭირო ტექნიკურ დახმარებასაც უწევს. თურქეთის რესპუბლიკა მტკიცედ მიუყვება დიდი ბელადის, ათათურქის პრინციპს: “მშვიდობა მამულში, მშვიდობა მსოფლიოში“ და მის ფარგლებში მეზობელ ქვეყნებთან კეთილი ურთიერთობებისათვის დიდ ძალისხმევასაც იჩენს, რაც მის პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს“, განაცხადა ჩაჩიბაიამ.

მისივე თქმით, სამივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის მისაბაძი და წარმატებული სამმხრივი ურთიერთობა სუფევს, რაც გამყარებულია სამმხრივი დიალოგის მექანიზმით. “მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სამივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების უფროსები და ურთიერთანამშრომლობის გაფართოების ახალ გეგმებს დასახავენ. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ხიდის როლს ასრულებენ აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის და ყველანაირ მცდელობას ვიჩენთ, რათა ეს ხიდი კიდევ უფრო გამაგრდეს და უსაფრთხო გახდეს“, აღნიშნა ქართველმა გენერალმა.

მანვე მაღალი შეფასება მისცა გასულ თვეში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამი ქვეყნის სამხედროების მონაწილეობით ჩატარებულ მანევრს სახელწოდებით, “კავკასიის არწივი“ და აღნიშნა, რომ ასეთ წვრთნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილების გაზიარების და კომუნიკაციების განვითარების თვალსაზრისით, ამიტომაც, ამ სამი ქვეყნის სამხედროების მონაწილეობით ჩასატარებელი წვრთნების რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

“მართალია, ცივი ომის დასრულების შემდეგ  ეთნიკური და რელიგიური მიზეზების გამო სახელმწიფოების დაშლის პროცესი დაიწყო, მაგრამ, 2008 წელს რუსეთის აგრესიამ საქართველოზე მსოფლიო საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება ჯერ კიდევ არ გასულა მთლიანად ხმარებიდან“, განაცხადა ჩაჩიბაიამ “ანადოლუ აჟანსი“-სათვის გავცელებულ განცხადებაში    



მსგავსი ინფორმაციები