თურქი პრემიერი თბილისშია
მას პირველი შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან ჰქონდა

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე შეხვედრაზე მონაწილეობის მიღების მიზნით გუშინ საღამოს საქართველოს ეწვია, სადაც მას პირველი შეხვედრა აქ მოღვაწე თურქ ბიზნესმენებთან ჰქონდა.
მათთან საუბარში ილდირიმმა თქვა, რომ საქართველოში მრავალი თურქი ბიზნესმენი და მეწარმე მუშაობს, რის გამოც იგი დიდ სიამაყეს განიცდის. “თურქეთ-საქართველოს შორის ყველა სფეროში მიღწეულ კეთილ ურთიერთობებში თქვენი წილიც დიდია“, აღნიშნა თურქმა პრემიერმა და დაამატა, რომ ურთიერთობების განვითარებაში მარტო დიპლომატიური მცდელობები საკმარისი არ არის, არამედ, საქართველოში ერთ თურქ მოქალაქესაც კი თავი რომ აუტკივდეს, მასზე პასუხისმგებლობა ელჩს უნდა დაეკისროს.
იგი შეეხო ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ/PDY-ს მხრიდან 15 ივლისს განხორციელებულ სამხედრო პუტჩის მცდელობას და თქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველი იყო, რომელმაც პუტჩის დაწყებისთანავე დაურეკა ტელეფონით და სოლიდარობა გამოთქვა მოქმედი ხელისუფლებისადმი.
“მე როცა ტრანსპორტის მინისტრი ვიყავი, კვირიკაშვილთან ერთობლივად და აქტიურად ვმუშაობდით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე. სწორედ იმ დღეებში, როცა კვირიკაშვილი ანკარაში უნდა ჩამოსულიყო, პუტჩის მცდელობა მოხდა და ჯერ ვიზიტის გადავადებაზე ვიფიქრეთ, მაგრამ, შემდეგ გიორგიმ ასე თქვა: “არა, აუცილებლად ჩამოვალ თურქეთში და ამით თქვენდამი მხარდაჭერას და სოლიდარობას თვალნათლივ ვაჩვენებ“ და მართლაც, იგი 19 ივლისს, ე.ი. პუტჩის მცდელობიდან მეოთხე დღეს ჩამოვიდა ანკარაში და ღიად აჩვენა საქართველოს მხარდაჭერა თურქეთის მოქმედი ხელისუფლებისადმი. ამიტომაც იმ დღეებს არ დავივიწყებთ. რაც შეეხება ფეტოს, როგორც ყველგან, იგი საქართველოშიც მოქმედებს და სკოლები გააჩნია რა, ამასთან დაკავშირებით თბილისისგან საჭირო ნაბიჯების გადადგმა ვითხოვეთ და ჩვენ ამ საქმეს გავაკონტროლებთ“, განაცხადა ილდირიმმა