ანკარაში საქართველოს საელჩოში საინტერესო გამოფენა გაიმართა

ანკარაში საქართველოს საელჩოში საინტერესო გამოფენა გაიმართა

220144
ანკარაში საქართველოს საელჩოში საინტერესო გამოფენა გაიმართა

2015 წლის 30 მარტს, ანკარაში საქართველოს საელჩოში ჩატარდა თურქეთის ბალიქქესირის რეგიონის გონენის მხარის ქართული წარმოშობის ქალბატონების ხელნაკეთი მაქმანების, ნაქარგი/ნაქსოვი ნივთების (ე.წ. „ოია“) გამოფენა, რითაც ეს მხარე განთქმულია თურქეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც. საგულისხმოა, რომ მსგავსი ტექნიკით მე-20 საუკუნის შუა წლებში შესრულებული ხელნაკეთი ნივთები სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საელჩოში გააგზავნა ქ-ნ ემინე ტეტემაძის ოჯახმა ბათუმიდან.

აღსანიშნავია, რომ გიონენის ექვსივე სოფელში ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობა ცხოვრობს, მათ შორის, ის არის აჰმედ ოზქან-მელაშვილის და საქართველოს „ოქროს საწმისის“ ორდენის ლაურეატის, ანკარელი მწერლის, ქევსერ რუჰის (ქეთევან ხანთაძე) მშობლიური მხარე.
გამოფენას დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამეცნიერო წრეებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები.

რაც შეეხება გონენს, „მაქმანების სამოთხედ“ ცნობილი გონენი მარმარილოს რეგიონის სამხრეთში მდებარეობს. რეგიონში 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ კავკასიიდან და ბალკანეთიდან მრავალი ემიგრანტი დასახლდა. გონენში საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების მიერ დაარსებული 6 ქართული სოფელია.

უცნობია, როდის დაიწყო გონენში მაქმანების დამზადება. გონენელი ხანდაზმული ქალბატონების გადმოცემით, ნემსით დამზადებული მაქმანების მოსართავად და სამოსად გამოყენება 1880-იანი წლების შემდეგ დაწყებულა. მას შემდეგ კი რაც მაქმანების დამზადება შემოსავლის წყაროდ იქცა, 1970-იანი წლების დასაწყისში სპეციალური ბაზარიც გახსნილა, სადაც კვირაში ერთხელ გონენელი ქალბატონები მათ მიერ დამზდებულ მაქმანებს ჰყიდნენ. ნემსით დამზადებული მაქმანებისა და ხელსაქმის სფეროში გონენმა სერიოზულო სექტორი შექმნა და ამ სფეროში იგი ლიდერია.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები