დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობა 246-მდე გაიზარდა

133637
დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობა 246-მდე გაიზარდა


ისრაელის არმიის 8 ათასი სამხედრო საჰაერო და საზღვაო ძალების მხარდაჭერით ღაზაში შევიდა. გუშინ ღამით კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა, ამგვარად, დამცავი ზოლის ოპერაციის მე-11 დღეს დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობა 246-მდე გაიზარდა.

ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფევზი ბერჰუმმა განაცხადა, რომ თავის დასაცავად სათანადო საშუალებები გააჩნიათ და მათი მეშვეობით ისრაელს პასუხს გასცემენ.

ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიგადის გენერალმა მოტტი ალმოზმა კი დასძინა, რომ ოპერაციების მიზანი ღაზაში განსაზღვრული სამიზნეების დაკავება, მათი ინფრასტრუქტურის მოშლა და ისრაელში მალულად შესასვლელად გათხრილი გვირაბების განადგურებაა. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.
ისრაელის სახმელეთო ოპერაციაში 8 ათასი სამხედრო იღებს მონაწილეობას, ხოლო 18 ათასი რეზერვისტი კი მოვალეობის შესასრულებლად იქნა გამოძახებული.

ამგვარად, 8 ივლისიდან მოვალეობის შესასრულებლად გამოძახებული 65 ათასი რეზერვისტის დიდი ნაწილი ოპერაციაში ჩართვისათვის ბრძანებას ელოდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის დაწყების წუთებიდან საავადმყოფოებს უამრავი დაჭრილი მიაწყდა, ხოლო ისრაელის არმია საავადმყოფოსაც თავს დაესხა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, 1400-მდე სახლი დაინგრა და 18 ათასმა ადამიანმა კი საცხოვრებელი მიატოვა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა აღნიშნა რომ მისი და მსოფლიო ლიდერების გაფრთხილებიდან 24 საათიც არ გასულა და ოპერაციის კვლავ დაწყება სამწუხაროა.

პალესტინის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე სეაბ ერეკატმა აღნიშნა, რომ სახმელეთო ოპერაცია რეგიონში პრობლემას ვერ მოაგვარებს.

გაეროს უსაფრთხოების საბჭო იორდანიის მოწოდებით დღეს ამ თემაზე შეხვედრას გამართავს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები