შემთხვევითი აღმოჩენები 47 - 2024
ინგლისური ქინძისთავი
შემთხვევითი აღმოჩენები 47 - 2024
ინგლისური ქინძისთავი
ქინძისთავი არ არის უბრალო ნივთი. ეს პატარა დაჭიმული მავთული, რომელსაც დროდადრო სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, დაახლოებით 3000 წელია ადამიანის ცივილიზაციის ნაწილია. არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქინძისთავის წინაპარი, სახელად "ფიბულა", პირველად ანატოლიის ცივილიზაციებში გამოიყენებოდა. ცნობილია, რომ ფრიგიელები, მეფე მიდასის ხალხი, რომელიც მითოლოგიურ ისტორიებშია ნახსენები და ცნობილია ვირის ყურებით და ყველაფრის ოქროდ ქცევის უნარით, იყო პირველი საზოგადოება, რომელმაც მარტივი ქინძისთავები გამოიყენა. არქეოლოგიურმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ქინძისთავის მსგავსი პატარა ნივთები ფართოდ გამოიყენებოდა ეგვიპტურ და ძველ ბერძნულ ცივილიზაციებშიც. თუმცა, თანამედროვე ქინძისთავის გამომგონებელია მანქანათმშენებელი უოლტერ ჰანტი, რომელიც 1796 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა.
უოლტერ ჰანტმა, რომელმაც ახალგაზრდობაში მრავალი ყოველდღიური მოხმარების ნივთი გამოიგონა, ქვეყნის მასშტაბით სახელი პირველად ცხენის ეტლის ზარის წყალობით გაითქვა. 1826 წელს ნიუ-იორკში ჩასული ჰანტი შეესწრო შემთხვევას, როდესაც ცხენის ეტლმა ბავშვი გაიტანა. ნანახმა უბიძგა მას შეექმნა ლითონის ზარი ჩაქუჩის სისტემით, რომელსაც მეეტლე სადავეების გაშვების გარეშე, ფეხებით აკონტროლებდა. 1827 წელს ჰანტმა თავისი ახალი გამოგონების პატენტი აიღო და გახდა ცნობილი გამომგონებელი მას შემდეგ, რაც სასიგნალო ზარის სისტემის გამოყენება დაიწყეს საფოსტო ეტლებსა და საქალაქო ტრანსპორტირების ცხენის ეტლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჰანტი იყო საკმაოდ პროდუქტიული ინჟინერი და გამომგონებელი, თუმცა ვაჭრობით ფულის შოვნაში დიდად წარმატებული არ ყოფილა. ის თავისი გამოგონებების საავტორო უფლებებს ან ძალიან დაბალ ფასად ყიდდა მწარმოებელ კომპანიებზე, ან უფასოდ გადასცემდა პატენტის უფლებას მხოლოდ იმისთვის, რომ წარმოება დაწყებულიყო. დროთა განმავლობაში ჰანტს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ვალის აღება დაიწყო. ერთ დღეს, როდესაც მან კომპანიის მფლობელს თავის მეგობარს 15 დოლარის ვალის გადასახდელად ფული სთხოვა, მან მავთული გაუწოდა და სთხოვა სერიული სროლის თოფებისთვის უსაფრთხოების მექანიზმის შექმნა. ისეთი პროდუქტიული გამომგონებლისთვისაც კი, როგორიც ჰანტი იყო, ეს სერიოზული გამოწვევა იყო, მაგრამ ამერიკელმა გამომგონებელმა ძალიან მოკლე დროში შექმნა მექანიზმი, რომელსაც "უსაფრთხოების ქინძისთავი" უწოდა. მექანიზმი შედგებოდა მაღალი დაძაბულობის მიმართ გამძლე მავთულისგან დამცავი ბალთით ბოლოში და სპირალური სტრუქტურისგან, რომელიც ზამბარის დაჭიმულობას აძლევდა წვეტიან ბოლოს. სწორედ ასე შეიქმნა ის, რასაც დღეს ინგლისურ ქინძისთავს ვუწოდებთ. მართალია, უოლტერ ჰანტმა ეს დიზაინი იარაღისთვის შექმნა, მაგრამ მისი გამოყენების სფერო უცებ შეიცვალა და მისმა მეგობარმა კომპანიის მფლობელმა შემთხვევით შეამჩნია, რომ ჰანტის გამოგონება ტანსაცმელზეც შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ქინძისთავის დიზაინი რევოლუციური იყო ტანსაცმლის ნაწილების ერთმანეთთან დამაგრების მხრივ, რადგან ადამიანის მოძრაობის დროსაც კი ტანსაცმლის ნაწილები არ სცილდებოდა ერთმანეთს და ნემსის წვერიც არ ერჭობოდა სხეულში.
უოლტერ ჰანტმა თავისი ყველაზე ცნობილი გამოგონება ინგლისური ქინძისთავი საერთოდ არ ჩათვალა მნიშვნელოვნად, საპატენტო უფლებები 400 დოლარად მაშინვე გადასცა კომპანიის მფლობელ თავის მეგობარს და პირველ რიგში 15 დოლარის ვალი გადაიხადა. მისმა მეგობარმა, რომელმაც პატენტის უფლებები მიიღო, ჰანტის გამოგონების ძირითადი დიზაინი საერთოდ არ შეცვალა, უბრალოდ სხვადასხვა ზომებში აწარმოებდა და დროთა განმავლობაში მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. განსაკუთრებით წებოვანი ლენტების გამოგონებამდე, ინგლისური ქინძისთავი გამოიყენებოდა ბევრ ადგილას, საბრძოლო ველების ჩათვლით. უოლტერ ჰანტმა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქინძისთავის გარდა ბევრი სასარგებლო გამოგონება შექმნა, მაგრამ არასოდეს გამდიდრებულა. 1859 წელს პნევმონიით გარდაცვლილმა ჰანტმა მხოლოდ ვალები დატოვა, მაგრამ მისი სახელი ამ ქინძისთავის წყალობით, რომელსაც ის არ აფასებდა, 2006 წელს ამერიკის შეერთებული შტატების გამომგონებელთა საპატიო სიაში შევიდა. დღესდღეობით ქინძისთავმა დიდწილად ადგილი დაუთმო ქსოვილის წებოებს, თუმცა ის კვლავ ინარჩუნებს თავის ადგილს პატარა სამკერვალო მაღაზიებისა და დიასახლისების საკერავ ყუთებში.