შემთხვევითი აღმოჩენები 39 – 2024
დასაკეცი საწოლი
შემთხვევითი აღმოჩენები 39 – 2024
დასაკეცი საწოლი
უძილობა თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ პრობლემებს უმკლავდებიან, დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიების აღდგენასა და ახალი დღის ენერგიულად დაწყებას ცდილობენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი ეს სურვილი წარუმატებელია. გამოთვლილია, რომ საშუალოდ ადამიანი 26 წელს ძილში ატარებს, ხოლო დაძინების მცდელობის დრო კი დაახლოებით 7 წელიწადს მოიცავს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ძილის რეჟიმისთვის საწოლის არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ფართო და კომფორტულ საწოლზე დაწოლა, განსაკუთრებით თუ ოჯახი ხალხმრავალია და საცხოვრებელი კი პატარა, სერიოზული პრობლემაა. დღესდღეობით ეს პრობლემა ჰაერის, დასაკეცი ან კედელზე მისამაგრებელი ასაკეცი საწოლებით გვარდება. თუმცა საინტერესოა როგორ დაიბადა ამ დასაკეცი ან ასაკეცი საწოლების იდეა, რომელიც საკმაოდ ამარტივებს ცხოვრებას.
1885-იანი წლებისთვის აშშ-ის ქალაქი ნიუ-იორკი განსხვავებული ცხოვრების საძიებლად ევროპიდან ჩასული ემიგრანტებით გაივსო. ემიგრანტების შემოდინებამ ქალაქში დაბინავების პრობლემა წარმოქმნა. პირველი რაც ერთგვარ გამოსავლად იქცა, საცხოვრებელი ბინების მრავალსართულიანად შენების დაგეგმარება გახდა. თუმცა ნიუ-იორკის მერიამ შემოიღო სამართლებრივი რეგულაცია და შეზღუდვები დააწესა მრავალსართულიან შენობებზე, ხოლო ემიგრანტების მიმდინარე ნაკადმა საცხოვრებელი ფართები კიდევ უფრო შეამცირა. ადამიანები იძულებულნი იყვნენ საერთო ტუალეტის მქონე ერთოთახიან ბინებში ეცხოვრათ და ამ სახლებში თითოეულ კვადრატულ მეტრს დიდი მნიშვნელობა გააჩნდა. განსაკუთრებით ამ მდგომარეობას უჩიოდნენ ქალაქის ცენტრში მცხოვრები დაუოჯახებელი ადამიანები, რადგანაც მათ მეგობრების სახლში დაპატიჟება არ შეეძლოთ, იმიტომ რომ იმ პერიოდში განურჩევლად კაცისა თუ ქალისა სტუმრის იმ ოთახში შესვლა, სადაც მასპინძლის საწოლი იყო მოთავსებული, არ იყო მისაღები.
სარა გუდი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კარგ დურგლად მიიჩნეოდა, კლიენტების ჩივილის საფუძველზე მუშაობას შეუდგა. თავდაპირველად საწოლის ხის ჩარჩოს დაპატარავებას შეეცადა, თუმცა პატარა საწოლის იდეამ კლიენტებში დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია, რადგანაც მათ საწოლის მთლიანად გაქრობა სურდათ. სარა გუდს ამ მექანიზმის აწყობა გაუჭირდა, თუმცა გამოგონების იდეა სწორედ იმ გასაშლელი მაგიდიდან აიღო, რომელზეც ავეჯის ჩანახაზებს აკეთებდა. იდეის მიხედვით, მაგიდა თუ იკეცებოდა, მაშინ საწოლის დაკეცვაც შეიძლებოდა. გუდმა, რომელმაც თავისი სამუშაო ამ გამოგონებისკენ მიმართა, საბოლოოდ მიზანს მიაღწია.
სარა გუდმა პირველი დასაკეცი საწოლი 1885 წლის 14 ივლისს დააპატენტა, თუმცა დღეს ყოველდღიურობის გამმარტივებელ ამ შემთხვევით აღმოჩენას დასაკეც საწოლს თავისი სახელი ვერ მისცა, რადგანაც წლების შემდეგ ნიუ-იორკიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ქალაქ სან ფრანცისკოში მცხოვრებმა ოპერის მომღერალმა იულიამ მერფიმ ამავე ლოგიკით სხვა გამოგონებას მიაგნო. მერფს სპექტაკლებამდე თავის ერთოთახიან ბინაში ქალ მსახიობ მეგობრებთან ერთად რეპეტიციის გავლა სურდა, თუმცა იმ პერიოდის მორალური წესები ამის საშუალებას არ იძლეოდა, რადგანაც მერფის სახლი ამავე დროს მისი საწოლი ოთახიც იყო. მერფიმ, რომელმაც ამ საკითხზე ფიქრი დაიწყო, საძინებლის მისაღებ ოთახად გადაქცევის მიზნით კედელში ჩასაკეცი და ამგვარად გასაქრობი საწოლის სისტემა შეიმუშავა და თავისი ახალი გამოგონება მაშინვე დააპატენტა. ამ საპატენტო უფლებამ მერფის იმის საშუალება მისცა, რომ ავეჯის წარმოებით გამოემუშავებინა იმდენი, რამდენსაც ოპერაში ვერ იშოვიდა.
საწოლის ეს მოდელები, რომლებიც შეზღუდული სივრცის სახლებში მის გამოყენებას აადვილებდნენ, აშშ-ის მეტროპოლიტენებში სწრაფად გავრცელდა სახელწოდებით "მერფის საწოლი". სხვადასხვა კომპანიებმა ამ ტერმინის გამოყენება ისეთი სიხშირით დაიწყეს, რომ მისი სავაჭრო ნიშნის დაცვა 1989 წელს მოიხსნა. დღეს სახლების გაზრდილმა ზომამ და ერთსა და იმავე სახლში მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა შეამცირა კედლებში ჩასამაგრებელი საწოლების საჭიროება, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევითმა აღმოჩენამ თითქმის ასი წლის განმავლობაში თავისი კვალი დატოვა საყოფაცხოვრებო ავეჯის ინდუსტრიაში.