აქტუალური თემის ანალიზი 36 – 2024
სისის ვიზიტი ანკარაში
აქტუალური თემის ანალიზი 36 – 2024
აქტუალური თემის ანალიზი 36 – 2024
სისის ვიზიტი ანკარაში
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ სისი კრიტიკულ პერიოდში ანკარას მნიშვნელოვანი ვიზიტით ეწვია. ეს ვიზიტი, რომელიც ერდოღანის კაიროში ვიზიტის შემდეგ შედგა, ჩატარდა იმ პერიოდში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური და რეგიონული მოვლენები ხდება. არსებობს პოლიტიკური ნება თურქეთსა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და მხარეები მიდრეკილნი არიან გამოვიდნენ წაგება-წაგების სპირალიდან და კონცენტრირდნენ საერთო ინტერესებსა და გამოწვევებზე. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ სისი ანკარაში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით იმყოფებოდა. ეს ვიზიტი კრიტიკულ პერიოდში, ერთგვარად პრეზიდენტ ერდოღანის 14 თებერვლის კაიროში ვიზიტის საპასუხოდ შედგა.
2013 წელს ეგვიპტეში მომხდარ გადატრიალების ფაქტზე თურქეთმა სამართლიანად ძალიან მკაცრი რეაქცია გამოხატა და ამ პროცესში ორმხრივი ურთიერთობები დიდად დაზიანდა. მხარეები თავიანთ საგარეო პოლიტიკას აყალიბებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ისინი წაგება-წაგების სპირალში შევიდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე თურქეთი და ეგვიპტე იძულებულნი გახდნენ თავიანთი პოზიციებისთვის გადაეხედათ. იმ დროს, როდესაც ორივე ქვეყნისთვის დიდი გამოწვევები გაჩნდა, აუცილებლობად იქცა ორი ქვეყნის ურთიერთობების დალაგება. არსებობს ძირითადი გამოწვევები, განსაკუთრებით ეკონომიკური სირთულეები, რომელსაც განიცდის ეგვიპტე და ჰადისეს კაშხლის საკითხი ეთიოპიაში. ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია 7 ოქტომბრის შემდეგ და იქ გენოციდის დაწყება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სტიმული იყო ორი ქვეყნისთვის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.
თურქეთმა ფაქტობრივად გამოავლინა პოლიტიკური ნება, რათა დაამყაროს ურთიერთობები რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც დიდი ხნის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა. ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე, გამოირჩევიან ამ ახალი ნორმალიზების პარადიგმის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი-ეგვიპტის ურთიერთობების აღდგენა 2021 წლიდან შეიმჩნევა. ურთიერთობების დარეგულირების მიზნით შეიქმნა ტექნიკური დელეგაციები და დაიწყო მოლაპარაკებები. მოქმედების ეს სტილი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ დანაწილების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების ნაწილებად დაყოფის გზით გადაჭრას, ასევე წარმატებულია. რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აბდულფეტაჰ სისის შორის ხელის ჩამორთმევა 2022 წელს კატარში გამართული ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე საფეხბურთო დიპლომატიად იქნა წარმოდგენილი. 14 თებერვალს ერდოღანის ვიზიტი კაიროში ურთიერთობებში ახალი შემობრუნების მომენტი იყო და ბევრ თემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ აბდელ ფატაჰ სისის ვიზიტი ანკარაში ამ პროცესის შემავსებელი იყო.
სისის ანკარაში ვიზიტის დროს, ისევე როგორც კაიროში, ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებებს ბევრ სფეროში. მხარეები ავლენენ ნებას, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს ეკონომიკურად და ისინი მიზნად ისახავენ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდას 15 მილიარდ დოლარამდე. ისევ და ისევ, არსებობს სერიოზული პოტენციალი თავდაცვის ინდუსტრიაში და ენერგეტიკულ სფეროებში.
მთავარი საერთო გამოწვევები არის გენოციდი, რომელიც ამჟამად ხდება ღაზაში და ისრაელის ექსპანსიონისტური პოლიტიკა. ერთობლივი ქმედება ხდება ისეთ თემებზე, როგორიცაა ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის დამყარება, ოკუპაციის დასრულება და ისრაელის დამნაშავეების დასჯა. ისევ და ისევ, ეგვიპტეს, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თურქეთის მიერ ღაზისთვის დახმარების მიწოდებაში. ამ თვალსაზრისით, ურთიერთობების ნორმალიზება საშუალებას მისცემს თურქეთს უფრო ადვილად მიაღწიოს ღაზას. ასევე ისეთი საკითხები, როგორიცაა ომის რეგიონალიზაციის შესაძლებლობა და რეგიონში აშშ-ს მზარდი სამხედრო განლაგების საკითხები, არის თემები, რომლებზეც ორმა ქვეყანამ ერთად უნდა იმოქმედოს. - წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი.