კაპიტნის დღიური 30-2023
ბუნებრივი სილამაზით საქარია

კაპიტნის დღიური 30-2023
ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ
ბუნებრივი სილამაზით საქარია
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იახტა, „გეზგინზე“. ჩვენ ვაგრძელებთ მოგზაურობას ახალი მარშრუტით. ცაზე თეთრი ღრუბლები, ზღვაზე ქაფიანი ტალღები! როცა ზღვაზე ხარ, შორდები ცხოვრების აურზაურს და დაფრინავ ოცნებებში. ზღვაზე ყოფნა სხვა სამყაროში ცხოვრებას ჰგავს. მე ვფიქრობ, რომ ზღვაზე ყოფნისას დრო სხვაგვარად მიედინება. თქვენც მეთანხმებით? წინა პროგრამაში დაგპირდით, რომ საქარიას ბუნებრივ ლამაზმანებში წაგიყვანთ. მოდით ერთად გამოვიკვლიოთ საქარიის განსხვავებული ბუნება. ამ კვირის მოგზაურობა იქნება სრული ბუნების ტური თავისი პლატოთი, ტბით, ლონგოზის ტყით და ჩანჩქერით. რა თქმა უნდა, ამისთვის ნაპირიდან ცოტა მოშორება მოგვიწევს.
გეზგინს ვამაგრებთ ქარასუში, სადაც მდინარე საქარია ზღვაში ჩაედინება. თურქეთის მეორე ყველაზე გრძელი სანაპირო მდებარეობს ქარასუში და აქ ბევრი პლაჟია. ქარასუ ყურადღებას იპყრობს წვრილი ქვიშისგან შემდგარი სანაპიროთი. დაუყოვნებლად გავემგზავრებით მადენის (საბადო) მდინარეზე, რომელიც გამოირჩევა საქარიას ბუნებრივი სილამაზით. მადენის მდინარემ მიიღო სახელი აქ არსებული მინერალური საბადოებიდან. ოსმალეთის იმპერიის ბოლო პერიოდებში აქ მოიპოვებოდა ისეთი მინერალები, როგორიცაა ტყვია და თუთია. ჩვენ რომ არ გვენახა სამთო მოსაპოვებლად გახსნილი გვირაბები და წიაღისეულის გადასატანად გამოყენებული რელსები, ძალიან ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა, რომ ოდესღაც აქ მინერალები იყო მოპოვებული. რადგან დღეს აქ სუფთა ნაკადი მოედინება, რომლის ორივე ნაპირი მწვანე ხეებითაა დაფარული და ფრინველების ხმები ნაკადულის ხმას ერევა. უფრო მეტიც, ცოტა წინ ჩანჩქერიც კი არის, რომელსაც ნაკადულის გავლით მივაღწევთ. მადენის მდინარე არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ბუნებას შეუძლია საკუთარი თავის განახლება ადამიანის ჩარევის გარეშე.
ამ მომხიბლავი ბუნების დატოვების შემდეგ, ჩვენ ახლა სხვა მომხიბვლელ მხარეში მივდივართ. ეს არის აჯარლარის ლონგოზის ტყე. ეს არის ძალიან განსაკუთრებული ტერიტორია. ეს არის ცხოველური და მცენარეული ცხოვრებით მდიდარი ადგილი, სადაც ტყეები და ჭაობები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. აჯარლარის ლონგოზი არის თურქეთის უდიდესი ერთნაწილიანი ჭალის ტყე. შეიძლება ადრე არ გსმენიათ ჭალის ტყის შესახებ. ამ ტიპის ტყეები განსაკუთრებული ადგილებია. წყალი იწყებს დაგროვებას მდინარეების მიერ გადატანილი თიხის, ქვიშისა და ხრეშის შედეგად, რომელიც ქმნის კაშხალს, სადაც წყალი ჩაედინება ზღვაში. ასეთ ტერიტორიებს, რომელთა ფსკერი წყლით არის დაფარული, „ლონგოზის (დატბორილი) ტყე“ ეწოდება. მსოფლიოში დიდი ჭალის ტყეები არ არის დარჩენილი, გარდა ამაზონისა და კონგოს აუზისა. ამიტომაც არის დაცული ეს ტყეები, მიუხედავად მათი ფართობისა.
დარწმუნებული ვარ, ბევრი ლამაზი ფოტო გადაიღეთ ბუნების ამ შთამბეჭდავ ნაკვეთში. საფანჯას ტბა, რომელზეც ახლა წავალთ, უნიკალურ ხედებს გვთავაზობს წლის ნებისმიერ დროს. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ტბა არის მარმარილოს ზღვის გაგრძელება, რომელიც ოდესღაც მდებარეობდა ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში. ისინი აცხადებენ, რომ იგი გამოეყო მარმარილოს ზღვას და გახდა დამოუკიდებელი ტბა რეგიონში ტექტონიკური მოძრაობების გამო ხუთი ათასი წლის განმავლობაში. ასე რომ, საფანჯას ტბა არის ტექტონიკური ტბა. საფანჯას ტბა მასპინძლობს ეროვნული და საერთაშორისო წყლის სპორტის შეჯიბრებებს. აქ შესაძლებელია სერფინგის, ნაოსნობითა და ნიჩბოსნობით დაინტერესებული ენთუზიასტების ნახვა.
საქარიაში ჩამოსულები, რომლებიც დაინტერესებული არიან პარაპლანით, ლაშქრობით და კემპინგით აუცილებლად სტუმრობენ ჰარკოის კანიონს. საქარიაში შესამჩნევი ბუნებრივი სილამაზეები მხოლოდ ამ ორი ადგილით არ შემოიფარგლება. საქარიაში ბევრი სხვა თვალწარმტაცი ადგილია, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ქაოსისგან თავის დაღწევის საშუალებას მოგცემთ.