„კუთხე-კუნჭული“ ნომერი 40 - 2023
წვიმა და მასთან დაკავშირებული რიტუალები

„კუთხე-კუნჭული“ ნომერი 40 - 2022-2023
წვიმა და მასთან დაკავშირებული რიტუალები
გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი
ამინდი მიწათმოქმედებასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომაც ადამიანი ოდითგანვე ამინდს სხვადასხვანაირ ახსნას უძებნიდა და ცდილობდა ის თავისებურად ემართა. ადამიანები ისევე როგორც ხშირნალექიანობას ასევე გვალვასაც თავისებურ რიტუალს უგონებდა და ამით მათ შეჩერებასა თუ გამოხმობას ცდილობდა. დღემდე ბავშვებს შორის შემორჩენილი გადმოცემა „ბაყაყი არ მოკლა, თორე იწვიმებს“, ძველების მიერ გამოყენებული რიტუალებიდან შემორჩენილი ნაწილია.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდისადმი მიძღვნილი რიტუალებიც სხვადასხვაგვარია. ეს იგივე საწესო ქმედებებია, რომელთა უმეტესობა ქალღმერთის მითებთან კავშირში იყო. წვიმის მოხმობისა თუ შეწყვეტის რიტუალები უმეტესად ქალის ფიგურასთან იყო დაკავშირებული. ქალის ფორმაში გადაცმულ თოჯინას უხვნალელიაქიანობის დროს ცისკენ აღმართავდნენ და წვიმის შეწყვეტას ასე შესთხოვდნენ ზეციურ ძალებს. თუმცა ამის საპირისპირო მაგალითებიც დასტურდება. სხვადასხვა გადმოცემის მიხედვით მამაკაცის გამოსახულებაც მონაწილეობას იღებდა რიტუალებში. თიხისგან მამაკაცის ქანდაკებას გამოძერწავდნენ, მას ელიას ეძახდნენ, რადგანაც ელია წინასწარმეტყველი ბარაქასთან, გაზაფხულთან, აყვავებასთან ასოცირდება.
ძველების რწმენით ასევე ეფექტური ძალა ჰქონდა თოჯინა ლაზარესაც, რომელსაც უმეტესაც მესხეთ-ჯავახეთის კულტურაში ძლიერი გვალვების დროს წვიმის გამოსახმობად იყენებდნენ. ლაზარობა იგივე გონჯაობა, სხვადასხვა სახით აღინიშნება საქართველოში. ძლიერი გვალვების დროს ქალები ამზადებდნენ თიხის ან ჩალის თოჯინას, სოფლებში ჩამოატარებდნენ და ლაზარეს საგალობელს დაამღერებდნენ. მათი შემყურეები კი თოჯინას წყალს ასხამდნენ ან კიდევ ნაცარს, იმის და მიხედვით თუ როგორი ამინდის გამოთხოვას ელოდნენ მისგან. ქართულ ხალხურ ფოლკლორში ლაზარეს შესახებ ბევრი ლექსი, შაირი და სიმღერაა შემორჩენილი. ეს რიტუალები ქრისტიანობამდელ პერიოდს უკავშირდება. ხოლო ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ეს რიტუალები რელიგიურს შეერწყა და ასე განაგრძო არსებობა.
მსგავსი რიტუალები თურქეთის შავიზრვისპირეთის ხალხშიცაა გავრცელებული. თუკი საქართველოში უმეტესად წვიმის გამოსახმობი წეს-ჩვეულებები იყო, თურქეთის შავიზღვისპირეთში წვიმის შეწყვეტის ლოცვებსა და რიტუალებს მიმართავდნენ. 15 მაისიდან სექტემბრის ჩათვლით შავიზღვისპირელები საქონლისთვის უკეთესი საძოვრების გამო იალაღებზე გადაბარგდებოდნენ ხოლმე. იალაღებზე კი გაუთავებელი ნისლი და გადაუღებელი წვიმები იცის. წვიმით თავგაბეზრებული მოსახლეობა თავისებურ რიტუალებს მიმართავდა. მათ სპეციალური ლოცვებიც კი ჰქონდათ და მათ დღემდე ასრულებენ კიდეც, მაგალითად: „მზის ლოცვა“, „ქუჩქუჩურა“, „გუს გუს ტერა“, „ბაბრა ბუბრიქ“, „ნისლის განდევნა“ და ა.შ.
სურმენეს რეგიონში წითელ თოჯინას ამზადებდნენ, ბოძზე დაჰკიდებდნენ, მის წინ კი ბავშვები სიმინდის ფქვილის, კარაქისა და კაიმაღისგან ელარჯის მსგავს კერძს ამზადებდნენ, ნახევარს თავად მიირთმევდნენ, ნახევარს კი ლოდებს წაუსვამდნენ. თუკი მას ყვავები შეჭამდნენ, სჯეროდათ რომ ნისლი გაიფანტებოდა.
ამ რეგიონში რიტუალების უმეტესობა მაინც ნისლის გაფანტვასა და მზის გამოთხოვას ეძღვნებოდა. მზეს დანატრებული მოსახლეობა მზეს ხალხურ სიმღერებს ქემენჩეს თანხლებით უსრულებდა. „ბაბრა ბუბრიქ“ რიტუალიც სწორედ ჩალის თოჯინით სახლების წინ ჩამოტარებით მზისადმი ლოცვის აღვლენის რიტუალი იყო. თითქმის ყველა შავიზღვისპირულ ამინდთან დაკავშირებულ რიტუალებში ბავშვების მონაწილეობა უმთავრესია. ამიტომაც სახლებიდან შაქარლამა, კვერცხი, ფქვილი, ხილი ყოველთვის მათ უროგდებოდათ. როგორც ჩანს ბავშვები იღბლის მომტანად მიიჩნეოდნენ და მათი მონაწილეობა გარდაუვალი იყო.
ეს სანახაობა და რიტუალები დღემდეა შემორჩენილი. იალაღებზე მოგზაურობისას ადგილობრივ ხალხში ასეთ რიტუალებს თუ შეესწარით იცოდეთ, რომ მათ ნისლისა და წვიმისგან თავგაბეზრებულთ მზის მოლოდინი აქვთ და ისევ ძველებური რიტუალების ძალის რწმენა არ დაუკარგავთ.