„კუთხე-კუნჭული“ 26-2023

რის გამო ღირს ანკარის სტუმრობა?

1952718
„კუთხე-კუნჭული“ 26-2023

„კუთხე-კუნჭული“ 26-2023

„კუთხე-კუნჭული“ 26-2022-2023

რის გამო ღირს ანკარის სტუმრობა?

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

 

ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, როცა არსებობს სტამბოლი, სადაც ყველაფრის ნახვა შეიძლება, უცხოელი რატომ უნდა ეწვიოს ანკარას. ამაზე რამდენიმე პასუხი არსებობს, პირველი თუნდაც ის, რომ ანკარაშია სწორედ თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ათათურქის მავზოლეუმი, თურქულად „ანითქაბირი“, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მოსაგონებელი საფლავი“. იქ ათათურქია დაკრძალული და არქიტექტურულად შთამბეჭდავი ნაგებობაა. ის ანკარის შუაგულში მდებარეობს და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე სიმწვანეში ჩაფლული ღამითაც ლამაზი პეიზაჟის ელფერს ქმნის.

ანითქაბირის მშენებლობა ათათურქის გარდაცვალების (1938) შემდეგ 1944 წელს საძირკვლის ჩაყრით დაიწყეს. მისი მშენებლობა ცხრა წლის მანძილზე ოთხ ეტაპად გაგრძელდა. პირველი ეტაპი, რაც საყრდენი კედლისა და ლომებიანი ქანდაკებების გზა-ხეივნისაგან შედგებოდა ერთ წელიწადში, თუმცა მავზოლეუმის მთავარი ნაწილის - საფლავისა და მოედნის მშენებლობა 1950 წელს დასრულდა. 1947 წლის ბოლოს კი მავზოლეუმის საძირკვლის გათხრა საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ ყოველგვარი ნგრევის თავიდან ასაცილებლად საძირკველში თერთმეტი მეტრი სიმაღლის რკინაბეტონის სისტემა ააწყვეს.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მიწისძვრის რეგიონად აღიარებულ ქვეყანაში ანითქაბირი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი შენობაა. მაშინ როცა, ბევრმა ისტორიულმა შენობამ, მაგალითად ჯერ კიდევ რომაელებიდან შემორჩენილმა, დღევანდელი გაზიანთეფის ცნობილმა სათვალთვალო ციხემაც კი ცოტა ხნის წინათ მომხდარ საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრას ვერ გაუძლო და გარესაფარი ქვები შემოენგრა.

დღემდე ანითქაბირის სანახავად არა მარტო უცხოელები, არამედ თურქეთის სხვადასხვა რეგიონებიდან რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავის სანახავად და პატივის მისაგებად ჩამოდიან და მის საფლავზე მიხაკებს ტოვებენ ხოლმე.

 

ამას გარდა ანკარაში სტუმრობისას, ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სანახაობას „ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმს გვერდს ნუ ჩაუვლით. აქ ცივილიზაციების შეყრის ყველაზე თვალსაჩინო სცენებს ნახავთ. მუზეუმის შესახებ დეტალურად მომავალ გადაცემაში ვისაუბრებთ.

 

თუმცა ანკარაში არის კიდევ ერთი რამ, რის გამოც დიდი მანძილის გავლა ნამდვილად ღირს. ეს ანკარის ძვირფასი ქვების მაღაზიებია, რომელთა დიდი ნაწილი ანკარის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში ულუსშია განთავსებული. ულუსი თავისი სიძველითა და ისტორიული ამბებით ძვირფასი ქვების შემნახველი ადგილის სტატუსს ნამდვილად ირგებს. ანკარის ცნობილი ციხიდან ქვემოთ ულუსის ცენტრისკენ ფეხით თუ დაეშვებით, მსოფლიოსა და თურქეთის კლდეების გულის ფეთქვას იქ შეიგრძნობთ. იქაურ მაღაზიებში ძვირფასსა და მინერალურ ქვებს წააწყდებით. ისინი იქ ყველანაირი ფორმით არიან წარმოდგენილნი. კლდის ნატეხში მობრჭყვიალე იასამნისფერი ამეთვისტო, სამაჯურების ასაწყობად სპეციალურად „გაშალაშინებული“ მომწვანო და მოყავისფრო, ქამელეონივით ფერისმცვლელი აქატები, ლაჟვარდისფერი მდიდრული აზურიტი, ბეჭდის თვლებად გამზადებული ზურმუხტები და კიდევ ძალიან ბევრი სახეობის ქვა, რომელთაც თავიანთი პირადი სახელები აქვთ და როგორც ადამიანის ხასიათი, ისევე ერთმანეთისაგან თვისებებითაც განსხვადებიან.

მათი ეს თვისებები თანამედროვე ე.წ. „მექვეებმა“ ჰოროსკოპის მიხედვით კლასიფიცირებული ქვები საკმაოდ შემოსავლიან „ბიზნესად“ აქციეს. ამას გარკვეული ახსნა მოეძებნება. ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, ქვებს ჩვენს დაბადებასა და ცხოვრების მსვლელობაზე გარკვეული გავლენა აქვთ, ამიტომაცაა რომ საქართველოში ბავშვს ხელზე გიშრის სამაჯურს უკეთებენ, რომ ავი თვალისაგან დაიცვან. ან კიდევ სხვადასხვა ძვირფას ქვებს ყელსაბამად იყენებენ, რომ ნეგატიური ენერგია მასზე გადავიდეს და ა.შ.

ძვირფასი ქვების უმეტესობა თურქეთის მასშტაბით მოიპოვება. რეგიონის ბუნებრივი საბადოები ამ მხრივ მდიდარი და მრავალფეროვანია. ყველაზე დიდი რაოდენობით ამეთვისტო და ზულტანიტი მოიპოვება, რომელიც ქარვას წააგავს და მუღლა-მილასის (ბოდრუმთან ახლოს რეგიონები) საბადოებში მრავლადაა.

ანკარის შემოგარენშიც დიდი რაოდენობითაა აქატი, რომელიც სხვადასხვა სახეობებითაა წარმოდგენილი და სამკურნალო თვისებებსაც ატარებს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ ქვების სიძლიერის, სარგებლიანობისა და მისტიური აურის სჯერა, და სწორედ ეს განაპირობებს, რომ ანკარა ძვირფასი ქვების გამომფენ ერთ-ერთ დიდ ტურისტულ ცენტრად იქცა.


საკვანძო სიტყვები: #ანკარა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები