მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 25-2023

რას უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვის ფეხსაცმლის არჩევისას

1948909
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 25-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 25-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 25-2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ                                    

ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმაზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ფეხსაცმლის არჩევისას

ფეხსაცმელი არის პროდუქცია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ორთოპედიულ განვითარებას და სწორად უნდა იყოს შერჩეული. ბავშვს, რომლის სხეულიც სწრაფად იცვლება და ვითარდება, სჭირდება ფეხსაცმელი, რომელიც უზრუნველყოფს ფეხის მყარად დადებას მიწაზე სიარულის დაწყებისას.

თუ პირველი ნაბიჯები დაემთხვევა ზაფხულის პერიოდს, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს გარკვეული პერიოდის გატარება შიშველი ფეხებით და წინდებით. თუ ზამთრის პერიოდს დაემთხვევა, მნიშვნელოვანია ფეხის დაცვა არასასურველი ამინდის პირობებისგან. ამ ეტაპზე შეძენილი ფეხსაცმელი არ არის აუცილებელი მუდმივად გამოიყენოთ. რეკომენდებულია ფეხსაცმლის გამოყენება გარეთ გასვლისას და გარემო ფაქტორებისგან დაცვის საჭიროებისას.

როგორი უნდა იყოს ბავშვის ფეხსაცმელი?

ის უნდა იყოს სწორი ზომის:

იმისათვის, რომ შეძლოთ სწორი ზომის არჩევა, ფეხსაცმელი უნდა იყიდოთ არა დილით, როგორც მოზრდილებში, არამედ შუადღისას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებში ფეხი ყოველწლიურად ორ ზომამდე იზრდება. ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ სამ თვეში ერთხელ შეამოწმოთ თქვენს მიერ შეძენილი ფეხსაცმელი ხომ არ არის პატარა და საკმარის სივრცეს იძლევა თუ არა ფეხის განვითარებისთვის.

სიგრძის ტესტი: დააჭირეთ ფეხსაცმლის წინა მხარეს, რათა შეამოწმოთ მანძილი ბავშვის ცერა თითსა და ფეხსაცმლს წინა ნაწილს შორის. ბავშვის ფეხის თითი არ უნდა იყოს არც მიჭერილი და არც ძალიან დაშორებული ფეხსაცმლის წვერიდან. ნახევარ სანტიმეტრიანი სიცარიელე იდეალური იქნება. შეარჩიეთ ფეხსაცმელი, რომელიც მინიმუმ ნახევარი ზომით აღემატება თქვენი ბავშვის ტერფს, რაც სივრცეს მისცემს ბავშვის ფეხს განვითარებისთვის. ეს მანძილი შესაფერისი იქნება თითის განვითარებისა და მოძრაობისთვის.

ფეხსაცმელს ქუსლის მხარეზე უნდა ჰქონდეს იმდენი სიცარიელე, რომ ნეკა თითი ჩაეტიოს.

სიგანის ტესტი: როდესაც ბავშვი ფეხსაცმელს ჩაიცვამს, გვერდებზე ხელის დაჭერით დაადგინეთ ფეხის ნაპირების პოზიცია. როგორც სიგრძის ტესტის შემთხვევაში, ფეხი არ უნდა იყოს მიჭერილი კიდეებზე.

ქუსლის ტესტი: დაიჭირეთ ბავშვის ტერფი და აწიეთ ფეხი ზევით-ქვევით ფეხსაცმელში. თუ თქვენი პატარას ფეხები თავისუფლად მოძრაობს, მაგრამ ფეხსაცმელი არ ძვრება, იდეალური ზომის ფეხსაცმელი აგირჩევიათ. თუ ფეხი საერთოდ არ იძვრის ფეხსაცმელში ან ფეხსაცმელი ძვრება, იგი ზომის მიხედვით არ არის სწორი არჩეული.

სხვა დეტალები:

სანამ ფერზე, მოდელსა და ბრენდზე გავამახვილებთ ყურადღებას, სწორი იქნება მთავარზე დაფიქრება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი პროდუქციის პოვნა, რომელიც გავლენას არ მოახდენს ჩვენი ბავშვის ფეხის განვითარებაზე და რომელსაც ადვილად გამოიყენებს.

  • დარწმუნდით, რომ ფეხსაცმლის ძირი ბრტყელია და არ სრიალებს, რათა თავიდან აიცილოთ ფეხის წაბორძიკება. ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ძალიან მყარი ძირი, არ იხრება ფეხების ფორმის მიხედვით, არ იღებს ფორმას, ზღუდავს ბავშვის მოძრაობას და აზიანებს ძვალ-კუნთოვან სისტემას. პირველი ნაბიჯის ფეხსაცმლის წინა ნაწილს უნდა შეეძლოს მინიმუმ 40 გრადუსით მოხრა. ამის გამო, ყიდვისას ფეხსაცმელი უნდა მოხაროთ და უნდა გაიზომოს მისი მოქნილობა.
  • ყურადღება უნდა მიაქციოთ მასალას, რისგანაც მზადდება ფეხსაცმელი. შეგიძლიათ აირჩიოთ კომფორტული მოდელები ტყავისგან დამზადებული რბილი ზედა ნაწილით. ზაფხულში ასევე შეიძლება უპირატესობა მიანიჭოთ ორგანულ ბადის, ბამბის ან ტილოს მოდელებს. თავი უნდა შეიკავოთ მყარი ტყავის და სინთეტიკური მასალების გამოყენებისგან. უნდა მოერიდოთ ისეთ მასალებს, როგორიცაა რეზინა და პლასტმასი. უფრო სასარგებლო იქნება ისეთი ფეხსაცმლის არჩევა, რომელსაც შეუძლია ჰაერის ცირკულაცია. სერიოზული პრობლემები, როგორიცაა სოკო და სუნი, ჩნდება ჰერმეტულად დახურულ ფეხებში.
  • კარგია მოქნილი და მსუბუქი მოდელები, რომელიც ხელს არ შეუშლის მოძრაობის უნარს და ხელს უწყობს ბუნებრივ მოძრაობას. ბავშვი ისედაც ირყევა სიარულის დროს და მცირე შეფერხების დროსაც კი დაცემის რისკი ემუქრება. მძიმე ფეხსაცმლით ეს რთული სამუშაო მისთვის კიდევ უფრო რთული ხდება. ამიტომაც უნდა აირჩიოთ მსუბუქი ფეხსაცმელი, რომელიც გაუადვილებს საქმეს და თავიდან ააცილებს ზედმეტ ძალისხმევას.
  • შეიძლება შეირჩეს რეგულირებადი თასმიანი ან ველკრო მოდელები.
  • შეგიძლიათ შეიძინოთ მოდელები, რომლებიც არ არის ხისტი, მაგრამ შეუძლიათ უზრუნველყონ დაცვა და მხარდაჭერა.

• ყველა ამ მახასიათებლის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შეძენილ ფეხსაცმლის მოდელზე არ იყოს მძივები ან სხვადასხვა ესთეტიკური ელემენტები, რომლებიც ბავშვს შეუძლია ადვილად მოწყვიტოს და გადაყლაპოს.

ყველა ამ მახასიათებლის შესაფერისი ფეხსაცმლის შეძენის მიუხედავად თუ თქვენი შვილი უკმაყოფილო და მოუსვენარია, მნიშვნელოვანია ამ ფეხსაცმლის შეცვლა.



მსგავსი ინფორმაციები