„კუთხე-კუნჭული“ 24 - 2023
ჩარშილარ იგივე ბაზრები სტამბოლში
„კუთხე-კუნჭული“ 24 - 2022-2023
ჩარშილარ იგივე ბაზრები სტამბოლში
გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი
სტამბოლში ბევრი ადგილია სანახავი, ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს ყველაფრის დამტევი ეს ქალაქი. როგორც ჩვენში იტყვიან, სულო და გულო, მხოლოდ ინატრე და ყველაფერს ნახავ ერთად: ზღვა და ტყე, ძველბერძნული და ოსმალური, ბიზანტიური და თურქული არქიტექტურა, მესამე თაობის „კოfი შოპები“ და კლასიკური გაგების მეიჰანეები, თოლიები და კატები, ოქროს ყურის გაყოლებაზე ჩამწკრივებული „იალები“ (ვილები) და წითელი აგურით ნაშენები ერთსართულიანი გარეუბნები, ჰიპები და ჰალსტუხიანები, კუს ფორმის რეტრო „ვოსვოს“ ფერადი მანქანები და დაჟანგული ფურგონები უკანა მინაზე წარწერით “babam sağolsun” (“მადლობა მამაჩემს“), სახელდახელოდ ურიკაზე შემოდგმულ გრილზე თურქული „ქოფთეს“ (კატლეტის) შავტუხა ოსტატები და მაღალი კლასის რესტორნების გალანტურად გამოწყობილი „გარსონები“ (ოფიციანტები), ჩადრიანები და პირსინგიანები, ყველაფრის, ყველაფრის ნახვა შეიძლება აქ...
არის კიდევ ერთი რამ, რაც სტამბოლს ასეთ თავისებურს ხდის, ერთდროულად შუა აღმოსავლეთში გადაისვრის და რომ არა მარმარილოს ზღვა, მის ევროპულობას ყველა დაივიწყებდა. ეს მისტიკა
მისი „ჩარში“დან ანუ ბაზრებიდან მოდის. ზღვის გამო საპორტო ქალაქი სტამბოლი ძველთაგანვე ბევრი კულტურის გაცვლა-გამოცვლის ადგილი იყო. ამიტომაც ყოველი სიახლე აქ იყრიდა თავს. „მისირ ჩარშისი“ იგივე „ეგვიპტური ბაზარი“ აღმოსავლური სურნელოვანი ნელსაცხებლებისა და სანელებლების იგივე სუნელების ადგილს არავის უთმობდა. ის ემინონუს უბანში, ახალი მეჩეთისა და ჩიჩექ ფაზარის (ყვავილების ბაზრის) გვერდითაა.
არსებობს გადმოცემა, რომ აქ ბიზანტიის პერიოდში მაკრო ენვალოსის სახელობის ბაზარი არსებობდა. თუმცა ის შენობა, რომელიც დღეს დგას, 1660 წელს თურჰან სულთნის დაკვეთით არქიტექტორ ქაზიმ აღას აუშენებია. არსებობს ასევე იმის ვარაუდი, რომ ეს ბაზარი ოსმალურმა ხელისუფლებამ ეგვიპტიდან აღებული გადასახადებით ააშენა, მისი სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობს.
თუმცა მეორე წყაროს მიხედვით, ცნობილი „ახალი მეჩეთი“, რომელიც 1597 წელს ფადიშაჰ მურად III-ის მეუღლის საფიე სულთნის დაკვეთით 67 წლის მანძილზე შენდებოდა, დანახარჯების ასანაზღაურებლად გვერდით სწორედ ეს ეგვიპტის ბაზარი აუშენეს. მისი სახელი კი იქედან მომდინარეობს, რომ ამ ბაზარში გასაყიდი თითქმის ყველა „საქონელი“ ეგვიპტიდან ჩამოჰქონდათ. ბაზარში, თავდაპირველად სამკურნალო ბალახებისა და ბამბის მოვაჭრეებისათვის ცალ-ცალკე შესავლელები იყო გამოყოფილი. მართალია დღეს ასეთი დაყოფა აღარ არსებობს, მაგრამ კარიბჭეებს მაინც სხვადასხვა სახელი ჰქვია: თევზის, ყვავილების, მეწაღეების, თეთრეულის ბაზრის კარიბჭე და ა.შ.
სტამბოლის მეორე მშვენება ქაფალიჩარში იგივე დახურული ბაზარია. ბეიაზით, ნურუოსმანიე და მერჯანის უბნების შუაში მდებარეობს და დაახლოებით ოთხი ათას დუქანს იგივე მაღაზიას იტევს. იქ სულ მცირე 25 ათასი ადამიანი მუშაობს. ქაფალიშარში ერთ-ერთ უძველეს სავაჭრო ცენტრად მიიჩნევა.
ამ ბედესთენის (სპარსულიდან ბაზარი) მშენებლობა, სულთან ფათიჰის დროს დაახლოებით 1460 წელს დაიწყო და სულთან სულეიმანის მიერ დაგვირგვინდა. ყველა მაღაზია ერთი და იმავე სივრცის იყო და ვაჭრებს შორის რაყიფობა (კონკურენცია) დაუშვებელი იყო. ასევე აკრძალული იყო საქონლის მაღაზიის გარეთ გამოტანა და მუშტრის ასე მოზიდვა. საქონლის ფასიც სახელმწიფოს მიხედვით ისაზღვრებოდა და ვაჭარი თავის ნებაზე ფასს ვერ უმატებდა. ერთგვარი მინი სახელმწიფო სისტემა არსებობდა, რომელიც ბაზრის ყოველდღიურობას უხმაუროდ აწესრიგებდა. დღეს ამ ტრადიციებიდან ბევრი აღარაფერი შემორჩა, გარდა იმისა, რომ იქაურობა ტურისტებისათვის თავბრუდამხვევად მიმზიდველია.
სტამბოლში თუკი მოხვდებით, ამ ორი ბაზრის ნახვის გარეშე უკან არ დაბრუნდეთ, რადგანაც თქვენ ამ გაცვეთილი ფრაზის ნამდვილობას შეიგრძნობთ: თქვენ დროში იმოგზაურებთ.