„კუთხე-კუნჭული“ 22 - 2023
ოსპი

„კუთხე-კუნჭული“ 22 - 2023
„კუთხე-კუნჭული“ 22 - 2022-2023
ოსპი
გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი
უკვე რამდენიმე წელიწადია ოსპი საქართველოშიც გახდა პოპულარული. შეიძლება ითქვას ეს ქვეყანაში ექსპორტის გზით შემოტანილი სხვა უცხოური საკვები პროდუქციის მსგავსად თურქული ბაზრის გავლენაა. არა მარტო ოსპი, არამედ ბულგურიც ასეთივე პროდუქციათა ჯგუფს განეკუთვნება. მართალია, ქართული სამზარეულო უცხო პროდუქტს ადვილად ვერ ეგუება, თუმცა მას არც უკუ აგდებს, ნელ-ნელა ადაპტაციის საშუალებას აძლევს. ოსპმაც ასე მოიკიდა ფეხი და დღეს დიდი მასშტაბით არა, მაგრამ გარდა სახლის სამზარეულოს პრაქტიკისა, ოსპის წვნიანმა (ჩორბამ) ვეგეტარიანულ და ვეგანურ კაფე-რესტორნებში თავისი კუთხე მიიჩინა.
თურქეთში კი ოსპი მხოლოდ საჭმელი პროდუქტი არაა. ის, ისევე როგორც კარტოფილი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების სიაში შედის. ოსპმა სოციალური ფენების განსხვავებულობასაც კი ხაზი გადაუსვა. მის ჩორბას მიირთმევენ როგორც მდიდრულ რესტორნებში, ისე ანატოლიის ყველაზე უკიდურესად გაჭირვებულ სოფლებშიც. ოსპის ჩორბა ე.წ. „ესნაf ლოქანთა“ იგივე „ხელოსნების სასადილოებში“ საკმაოდ ცნობილი კერძია. მისი „სასადილოს“ რეცეპტი კი განთქმულია. იქ, ოსპს ხარშავენ, მერე გადაწურავენ, საცერში გაატარებენ და თავიდან დგამენ მოსახარშად. ასე მოხარშული ოსპი თავის გემოვნურ თვისებებს ინარჩუნებს და სხვა ბევრი ინგრედიენტის დამატებას არ საჭიროებს. ოსპი პროტეინს შეიცავს, თანას ისეთი რაოდენობით, რომ მას ხორცის ჩანაცვლებაც შეუძლია. ამიტომაც ის ვეგანებისთვის საუკეთესო საკვები პროდუქტია.
მართალია ოსპის ჩორბა განთქმული ამბავია, თუმცა ამ ცეცხლისფერი პატარა მარცვლებისგან იმდენნაირი კერძის მომზადება შეიძლება, მხოლოდ ეს გაამდიდრებს თურქულ გასტრონიმიას. ამავე დროს ოსპი ანატოლიის ტერიტორიაზე ისტორიულ ფუნქციასაც ატარებს. როგორც ცნობილია, ოსპის მარცვლები ფრიგიის მეფის მიდასის საფლავთან ახლოს ჩაფლულ თიხის ჭურჭლებშიც აღმოაჩინეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოსპი თავისი სიძველით ბევრ ისეთ ისტორიულ ნაგებობას უთანაბრდება, რომელთა ნაშთები ძველი წელთ აღრიცხვითაა დათარიღებული.
ოსპის ხსენებისას აიშე ბაისალის სახელის გვერდის ავლა არ გამოგვივა. სწორედ ამ ქალბატონის წყალობით, 80-იანი წლებიდან მოყოლებული ოსპის ნამდვილი „პროპაგანდა“ დაიწყო. კვებისა და დიეტის სფეროში აკადემიური ნაშრომების გარდა, ის ოსპის მოსახლეობის რაციონში შეტანის თავგამოდებული აქტივისტი გახლდათ. ის საუბრობდა ოსპის ღირებულებაზე, ყველა ასაკის ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. სკოლის ბუფეტებში მწვანე ოსპის ღვეზელების გავრცელების იდეა სწორედ მას ეკუთვნის. ასეთი ღვეზელები სკოლის მოსწავლეებისათვის თან ხელმისაწვდომი იყო, თანაც სასარგებლო. მეტიც, აიშე ბაისალმა ოსპის ბაქლავას რეცეპტიც კი შეიმუშავა. მართალია, მან დროს დიდხანს ვერ გაუძლო, მაგრამ ოსპის ღვეზელები დღემდე არსებობს და ბავშვების საყვარელი კერძია.
რა თქმა უნდა, ასეთმა პოზიტიურმა „პროპაგანდამ“ ოსპის გამოყენების კოეფიციენტი მკვეთრად გაზარდა, თუმცა დღეს ოსპზე ხელმიწვდომა მისი მომატებული ფასის გამო შემცირდა. თუმცა არსებობს მეორე მიზეზიც, ოსპს თურქეთი დიდი რაოდენობით აღარ აწარმოებს და სამწუხაროდ დახლებზე ექსპორტირებული ოსპი იკავებს ადგილს. რაც სამწუხარო ამბავია, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოსპი არა მარტო საკვები პროდუქტი, არამედ ანატოლიის მიწაზე ისტორიული კოდის მატარებელია.
გადაცემის ბოლოს ოსპის ერთ რეცეპტსაც გაგანდობთ. ერთი ჭიქა ყვითელი ოსპი მოხარშეთ. დაუმატეთ ჭიქანახევარი წვრილი ბულგური, ერთი თავი ხახვი, ერთი კონა ოხრახუში, 3 კოვზი ზეთი, ერთი კონა მწვანე ხახვი, 2 კოვზი პომიდვრის საწებელი და სამი ჭიქა წყალი. სანელებლის სახით კი დაურთეთ ძირა, შავი და წითელი წიწაკა და მარილი. ეს მასა ერთმანეთში აურიეთ და ფორმა მიეცით. ვეგანური კოტლეტი მზად არის. თურქული სამზარეულოს გაცნობა ამ კერძითაც შეიძლება დაიწყოთ.