„კუთხე-კუნჭული“ 12 - 2022

წაბლის სეზონი

1909620
„კუთხე-კუნჭული“ 12 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 12 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 12 - 2022-23 

წაბლის სეზონი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

 

შემოდგომის მიწურული, ზამთრის კართან ლოდინი წაბლის სეზონია. დახლებზე მისი ფასი მოსავლიანობის სიუხვით ან სიმცირით ისაზღვრება ხოლმე. ერთ წელიწადს წაბლის ფასს შეიძლება ვერც შეწვდეთ, მაგრამ მეორე წელს მისი სიიაფიდან გამომდინარე იმდენი მიირთვათ რომ მისგან დიდი ხნით შორს დაიჭიროთ თავი.

საქართველოში წაბლის სიუხვე არავის უკვირს. ტყის საფარით მდიდარ ქვეყანაში წაბლის ხეებიც მრავლადაა, თანაც წაბლის ხეს ხომ მოვლა არ სჭირდება, ამიტომაც მისი მოსავალი მთლიანად ბუნების საჩუქრად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ქართულ სამზარეულოში ამ მშვენიერმა პროდუქტმა დიდი ადგილი ვერ დაიკავა. მას ან მოხარშულს ან მოხალულს, შემწვარს მიირთმევენ ხოლმე. თუმცა კერძებში მისი გამოყენება თუნდაც გარნიტურად ქართული გასტრონომიის დასაკვეხნი მხარე არ არის.

თუკი თურქეთის წაბლზე ვისაუბრებთ, პირველი კითხვა რაც იბადება არის - თუ სად მოიპოვება წაბლი? ის ვინც თურქულ ტკბილეულს კარგად იცნობს, გიპასუხებთ რომ ბურსა წაბლის სამშობლოა. მარტო ის რად ღირს, რომ ბურსელები არა მარტო მთელი თურქეთის მასშტაბით, არამედ უცხოეთშიც გზავნიან წაბლის „შექერლემე“ს იგივე შაქარში ამოვლებულ წაბლის გულის ტკბილეულს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბურსის წაბლის ტყეებს არც კასტამონუს, დუზჯესა და ადაფაზარის ტყეები ჩამოუვარდება. მაგრამ ერთადერთი რეგისტრირებული წაბლის სახეობა აიდინში მოდის. იმის გამო, რომ წაბლის ხეებს ნესტიანი, მაგრამ ამავე დროს მზიანი კლიმატი მოსწონთ, ეგეოსის, აიდინის რეგიონი ამისათვის ზედგამოჭრილია. ამ მხარეში წაბლის ხეების ტყეებსაც კი წააწყდებით. ამის მიუხედავად აიდინი ვერ გახდა წაბლის მწარმოებელი რეგიონი, ეს ფუნქცია მთლიანად ბურსამ შეითავსა და დღეს ეს მხარე მიიჩნევა წაბლის ინდუსტრიულ მწარმოებლად.

თურქულ სამზარეულოში ბევრი კერძია ისეთი, რომელთა წაბლის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. ეს კერძები უმეტესად სეზონური ხასიათისაა, იმის გამო რომ შენახულ წაბლს ისეთივე არომატი არ აქვს, როგორიც ახლად შეგროვებულს, ამიტომაც ასეთი კერძები წაბლის მოსავლის პერიოდში მზადდება ხოლმე. ბულგური წაბლთან ერთად ნამდვილი შემოქმედებაა. წაბლისა და მოთუშული ხახვის მოტკბო გემო რომელიც ბულგურის მიწისა და თხილეულის გემოს ერევა, გურმანებისთვის ნამდვილ ზეიმს ქმნის. ფსტისა და ყურძნის ეგზოტიკური გემოებით დამშვენებულ მარილიან ფლოვსაც ძალიან უხდება წაბლის გულის არომატი.

წაბლის მწვადი რასაც თურქეთში მოხალულ წაბლს უწოდებენ, ზამთრის გრძელი და ცივი ღამეების ერთგვარი მალამოა. ის ხელებსაც ათბობს და სხეულსაც. წაბლის ხეებსაც განსაკუთრებული თვისებები გააჩნია. ის ნესტს უძლებს და თითქმის არ ლპება. ამიტომაც წაბლის ხეს ნავების შეკეთებაში იყენებენ ხოლმე. იმის გამო, რომ შავიზღვისპირეთში წაბლის ტყეები მრავლადაა, ამიტომაც იქაც ნავთმშენებლობაში სწორედ ამ ხეს იყენებენ. წაბლის ხე შავი ზღვის რეგიონებში ხის სახლების მშენებლობაშიც მთავარი მასალაა.

ცნობილია, რომ იტალიაში წაბლი ღარიბი ოჯახების მთავარ საკვებადაც გამოიყენებოდა. წაბლის ნაყოფს დამანაყრებელი თვისება აქვს, რადგანაც ის პროტეინით, ნახშირწყლებითა და ცხიმითაა გაჯერებული.  ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ისევე იყო ღარიბების საკვები როგორც მდიდრების, რადგანაც მისი ღირებული მინერალების მნიშვნელობა იცოდნენ უპუროდ დარჩენილმა ოჯახებმა და სასახლის კარის შეფებმაც.

წაბლის სეზონის დასრულებამდე გირჩევთ მიირთვათ ეს ნოყიერი და ბუნების სასარგებლო საჩუქარი.

 



მსგავსი ინფორმაციები