აქტუალური თემის ანალიზი 20

ყაზახეთის მოვლენების შედეგები

1762458
აქტუალური თემის ანალიზი 20

აქტუალური თემის ანალიზი 20

ყაზახეთის მოვლენების შედეგები

საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, 2022 წელი სწრაფად და დინამიკურად დაიწყო. ცხადი გახდა ისიც, რომ უკრაინის კრიზისი, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის დიდი ხანია გრძელდება, 2022 წელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რადგან, ჟენევის მოლაპარაკებებში უკრაინის საკითხზე, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა ვერ მიაღწიეს რაიმე შედეგს, პირიქით, სამიტის შემდეგ გავრცელებული ორმხრივი განცხადებები გვიჩვენებს, რომ უკრაინის კრიზისი, კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან,  ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შერიგება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება, ხოლო მოსკოვი აგრძელებს ხაზგასმას, რომ უკრაინა მისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს. მოკლედ, ნაკლებად სავარაუდოა შესრულდეს ის პირობები, რომლებიც პუტინმა უსაფრთხოების საკითხში შესთავაზა აშშ-ს. სწორედ აი ამ დროს, როცა მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება  ფოკუსირებული იყო უკრაინის კრიზისზე, ამ დროს მეტად კრიტიკული მოვლენები განვითარდა ყაზახეთში. დემონსტრაციები, რომელიც დაიწყო ბენზინსა და ბუნებრივ აირზე ფასების მომატების მოტივით, სწრაფად გადაიზარდა შიდა კრიზისში და ქვეყნის პრეზიდენტმა თოყაევმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მოსთხოვა სამხედრო დახმარება. ეს ორგანიზაცია სწრაფად გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტის ამ მოთხოვნას და ქვეყანაში მიავლინა ერთობლივი სამხედრო ძალები. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთი, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს შორის ყველაზე განვითარებული ქვეყანა გახდა. მან გააძლიერა თავისი ეკონომიკა და მოახერხა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხოლო საგარეო პოლიტიკაში დაბალანსებული პოლიტიკის გატარებით, გააძლიერა თავისი რეგიონალური პოზიცია. ქვეყანა, რომელმაც ნაზარბაევის ხელმძღვანელობით სწრაფი განვითარება აჩვენა, ბოლო დროს წინა პლანზე გამოვიდა ენერგეტიკულ კონკურენციაში და მდიდარი ბუნებრივი რესურსების წყალობით, იგი ძალაუფლების კონკურენციის თვალსაზრისითაც რეგიონის ეფექტურ ქვეყნად გადაიქცა. თუმცა, დემონსტრაციებმა აჩვენა, რომ ყაზახეთი პოლიტიკურად არამყიფე სახელმწიფოს წარმოადგენს, რასაც მრავალი მიზეზი და მოტივი გააჩნია.

ამათგან ერთ-ერთი პირველი მიზეზი არის ის, რომ ყაზახეთმა, მიუხედავად მისი მზარდი და განვითარებული ეკონომიკისა, ვერ გადაჭრა შემოსავლის თანაბრად განაწილების პრობლემა, რომელიც დადებითად იმოქმედებდა საზოგადოების განვითარებაზეც. ქვეყნის მეტად მდიდარი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლების საზოგადოებაზე არათანაბრად გადანაწილებამ, ჯერ მისი მოსახლეობის უკმაყოფილება და შემდეგ არეულობა გამოიწვია. აშკარაა ისიც, რომ ეს პრობლემები გლობალური პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა. ამიტომაც, შეიძლება ვთქვათ, რომ დემონსტრაციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო საზოგადოების სურვილი, მიეღო უფრო მეტი წილი ქვეყნის ეკონომიკური შემოსავლიდან.

თუმცა, შემოსავლების ეკონომიკურ და თანაბარ განაწილებაში არსებული პრობლემები, არ კმარა დემონსტრაციების დამოუკიდებლად ახსნისათვის. ცნობილია ისიც, რომ სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყაზახეთი, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება. მეორეს მხრივ კი, ამ ბოლო წლებში წინა პლანზე გამოვიდა ჩინეთსა და ყაზახეთს შორის დაწყებული ენერგეტიკული ურთიერთობებიც, რამაც რა თქმა უნდა შეაშფოთა მოსკოვი. გარდა ამისა, კრემლის ადმინისტრაციის ყურადღება მიიპყრო ასევე ყაზახეთის მჭიდრო ურთიერთობამ დასავლეთის ქვეყნებთანაც და მისმა აქტიურმა როლმა თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის (TDT) დაარსებაში. ამ მიზეზით და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ქვეყანას, რომელიც დგას მგრძნობიარე ძალთა დაპირისპირების ცენტრში, გამოიწვია დემონსტრაციების სწრაფად გამოსვლა კონტროლიდან და ხელი შეუწყო  მის მძლავრ დინამიკურ ძალად გადაქცევაში. რუსეთის მიერ სამხედრო ნაწილების სწრაფი გაგზავნა ყაზახეთში კი, შეიძლება შეფასდეს სწორედ ამ ძალაუფლების განტოლების ფარგლებში.

ის, რაც ყაზახეთში მოხდა, 2021 წელს შექმნილი თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის პირველ მნიშვნელოვან გამოცდად შეიძლება ჩავთვალოთ. ამ ორგანიზაციამ, დემონსტრაციების არეულობებში გადაზრდისთანავე სასწრაფო შეხვედრა გამართა, რომელზედაც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოთქვეს ყაზახეთის რესპუბლიკის ხელისუფლებისადმი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ TDT-ს ჯერ არ აქვს ისეთი მექანიზმი, რომლითაც უფრო აქტიურ როლს ითამაშებდა ასეთ კრიზისებში და ალბათ, უახლოეს მომავალში აუცილებლად შეიქმნება ასეთი მექანიზმი.

ყაზახეთში მართალია ჯერ-ჯერობით ყველაფერი ჩაწყნარდა, მაგრამ ჩანს, რომ რეგიონში ძალაუფლების კონკურენცია ამიერიდან კიდევ უფრო გაგრძელდება. ამ პროცესს კი ამიერიდან ყურადღებით დააკვირდება რეგიონის ყველა ქვეყანა. ამ ეტაპზე, ახლად შექმნილი თურქულენოვანი სახელმწიფოთა ორგანიზაციაც სავარაუდოდ, უფრო დიდ როლს ითამაშებს და საკუთარ წვლილს შეიტანს ასეთი კრიზისების მოგვარებაში, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები