აქტუალური თემის ანალიზი 11

თავდასხმა ერაყის პრემიერ-მინისტრზე

1733041
აქტუალური თემის ანალიზი 11

აქტუალური თემის ანალიზი 11               

თავდასხმა ერაყის პრემიერ-მინისტრზე

ამ დღეებში ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-ქაზიმის რეზიდენციას, რომელიც დედაქალაქ ბაღდადის დაცულ, ე.წ. მწვანე ზონაში მდებარეობს, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. უსაფრთხოების წყაროების განცხადებით,  რეზიდენცია 3 უპილოტოს სამიზნე გახდა და მათ თავდასხმას  პრემიერ-მინისტრი ქაზიმი მართალია უვნებლად გადაურჩა, მაგრამ სამაგიეროდ დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა მის რეზიდენციას. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა სწორედ მას შემდეგ განხორციელდა, რაც ერაყში განლაგებული ირანთან დაახლოებული შეიარაღებული დაჯგუფებები ამ ქვეყნის პრემიერს დაემუქრნენ. ახლა ყველას ყურადღება მოსალოდნელ და შესაძლო სამოქალაქო ომზეა გადატანილი. თემასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის მოკლე სტატიას, რომელში იგი წერს...

ცნობილია, რომ არჩევნების შემდეგ ერაყში თანდათან გაიზარდა პოლიტიკური ქაოსი და არასტაბილურობა, რადგან ირანის მიერ მხარდაჭერილმა შიიტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომლებიც არჩევნებში დამარცხდნენ, როგორც ჩანს, დაიწყეს თავიანთი სამხედრო ძალების გამოყენება საბრძოლო ველებზე. ამის ბოლო რგოლი იყო ერაყის პრემიერ-მინისტრის მუსტაფა ალ-ქაზიმის რეზიდენციაზე უპილოტოებით თავდასხმა. ერაყის უშიშროების სამსახურის ოფიციალური პირები და შეიარაღებულ დაჯგუფებთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ თავდასხმა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე განხორციელდა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების კუთვნილი შეიარაღებული უპილოტო საჰაერო აპარატებით. ხსენებულმა წყაროებმა საერთაშორისო მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ უპილოტოებიც და ასაფეთქებელი მასალებიც, რომლებიც გამოიყენეს თავდასხმის დროს, ირანში არის დამზადებული.

ქაზიმზე თავდასხმას მსოფლიოდან დიდი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმაც და გაეროს უშიშროების საბჭოს 15-მა წევრმა ქვეყანამ, გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში მკაცრად დაგმეს პრემიერის სახლზე შეიარაღებული დრონებით განხორციელებული თავდასხმა და აღნიშნეს, რომ თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გამოავლინონ და დააპატიმრონ. პრესკონფერენციებზე კი ყველა ქვეყანას ერაყის მთავრობასთან ახლო თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.

ისიც ცნობილია, რომ სწორედ ირანი ცდილობს აშშ-ის მიერ ერაყიდან ჯარების ეტაპობრივად გაყვანის შედეგად წარმოქმნილი საძალაუფლებო ვაკუუმის შევსებას, თუმცა ერაყის ნაციონალისტური ელემენტები ცდილობდნენ აღკვეთონ თეირანის ეს თვითნებობები და ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობს მუქტედა ალ-სადრის მოძრაობა. როგორც ჩანს, ირანთან დაახლოებული ჰაშდი ალ-შააბის  ელემენტებმა, ქვეყნის ბოლო არჩევნებში სადრისა და სუნიტების მიერ შექმნილი კოალიციის გამარჯვება ვერ მოინელეს, ამიტომაც ამ პოლიტიკური მარცხის სიტუაციიდან გამოსვლის კომპენსაციას იარაღით ცდილობენ. დღესდღეობით ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები ერაყის მრავალ რეგიონში არიან განლაგებულნი, განსაკუთრებით კი ბაღდადში, სადაც საფრთხეს უქმნიან მთავრობასაც და ფედერალურ არმიასაც. მოკლედ, ერაყში სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის. აქედან გამომდინარე ქვეყანაში რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური ძალა და ცენტრალურმა არმიამ უნდა განაიარაღოს პროირანული ჰაშდი შააბთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტები შესაძლოა სამოქალაქო ომშიც კი გადაიზარდოს.



მსგავსი ინფორმაციები