აქტუალური თემის ანალიზი 10

ერდოღან-ბაიდენის შეხვედრა რომში

1730779
აქტუალური თემის ანალიზი 10

აქტუალური თემის ანალიზი 10               

ერდოღან-ბაიდენის შეხვედრა რომში

თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ერდოღანსა და ბაიდენს შორის გასულ კვირას იტალიის დედაქალაქ რომში, „დიდი ოციანის“ (G20) ლიდერების სამიტის ფარგლებში გამართული პირისპირი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების მომავლისათვის. შეხვედრის ბედი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა იმ ფაქტმაც, რომ ეს სამიტი დაემთხვა წინა კვირას მომხდარ ელჩების კრიზისს, როცა ერდოღანი თურქეთის სასამართლო საქმეებში ჩარევის ბრალდებით ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა 10 სახელმწიფოს ელჩს. მართალია სამიტის წინ ელჩების კრიზისი უკვე დაძლეული იყო, ამიტომაც შეხვედრის ფარგლებში თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებული სხვა პრობლემები განიხილეს, თუმცა ზოგ საკითხში გამოსავალი ვერ მოიძებნა. საერთო ჯამში კი სამიტი პოზიტიურად წარიმართა და პრობლემების მოგვარების ნებამ ხელი შეუშალა თურქეთ-ამერიკულ ურთიერთობებში კრიზისის გაღრმავებას. ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორის, პროფესორ-დოქტორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური მოვლენა, რომელიც მოსალოდნელი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ფურცლის გადაშლისთვის, შეიძლება ყოფილიყო თურქეთის მიერ აშშ-სგან მოთხოვნილი F-16 ტიპის გამანადგურებლების შეძენა-მოდერნიზაციის საკითხის განხორციელება  ამერიკის კონგრესის მიერ შეფერხების გარეშე, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ მხრივ გარანტია არ მისცა ანკარას, რადგან ასეთი გაყიდვები ექვემდებარება აშშ-ს კონგრესის დამტკიცებას. მართალია ბაიდენმა ერდოღანს აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონგრესის დარწმუნებისათვის, მაგრამ, ექსპერტების აზრით, კონგრესს ეს საკითხი დიდად არ აინტერესებს და ამიტომ კენჭისყრაზე უარი შეიძლება გამოვიდეს. ასე რომ, თუ ორი ქვეყანა ვერ მიაღწევს შეთანხმებას F-16-ის შეძენასა და მოდერნიზაციაზე, მაშინ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, შესაძლოა კიდევ უფრო საკამათო გახდეს.

კიდევ ერთი განსახილველი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აშშ-ის მიერ სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ქურთული ტერ-ორგანიზაცია YPG-სადმი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელება. მართალია პრეზიდენტ ერდოღანის მიერ რომში გამგზავრების წინ ამ თემაზე გავრცელებული განცხადება „ჩვენ უკვე მოთმინების ფიალა აგვევსო“ აღიქვა როგორც ნიშანი იმისა, რომ თურქეთი მალე დაიწყებს ხსენებული ორგანიზაციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში, მაგრამ მას შემდეგ კარგმა ხანმა გავლო და ოპერაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა. სამიტის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ერდოღანმა გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია YPG-ისთვის მხარდაჭერის გაგრძელების გამო და ხაზი გაუსვა, რომ ამას თურქეთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს და არ შეეგუება. ასეთი კრიტიკა კი ცხადყოფს, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის სირიის შესახებ შეთანხმების მიღწევა, უახლოეს მომავალში ძალიან რთული იქნება.

შეხვედრას, რა თქმა უნდა, დადებითი მხარეებიც ჰქონდა. მაგალითად, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ავღანეთში განხორციელებულ პროცესებში. ხოლო ამის პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანი იყო ბაიდენის მხრიდან იმის ხაზგასმაც, რომ ორი ქვეყანა ერთად იმუშავებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და ლიბიის საკითხებში.

უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით აშშ-სა და თურქეთს შორის ორი ძირითადი პრობლემა არსებობს: პირველი არის ნდობის კრიზისი. ორივე ქვეყანამ დაკარგა ერთმანეთის მიმართ ნდობის გრძნობა. ხოლო მეორე კი არის უსაფრთხოების კრიზისი. აშშ-ის პოლიტიკა, განსაკუთრებით სირიასთან მიმართებაში, თურქეთს უსაფრთხოების კრიზისს უჩენს. ასე რომ, ორი ქვეყნისათვის ადვილი არ იქნება ახალი ფურცლის გადაშლა ამ ორი კრიზისის დაძლევის გარეშე.



მსგავსი ინფორმაციები