ანატოლიის კულტურული საგანძურები 24

იჰლარას ხეობა

1689202
ანატოლიის კულტურული საგანძურები 24

ანატოლიის კულტურული საგანძურები 24-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

იჰლარას ხეობა

დედამიწის გეოგრაფიული ფორმები მილიონობით წლის განმავლობაში იქმნება. ზღვები ხან ხმელეთისკენ მიემართებიან, ხან კი მიწას ზეწოლით ამსხვრევენ და ქმნიან მთებს. ტბები, მდინარეები, პლატოები და დაბლობები, რომელთა ჩამოყალიბებას მრავალი წელი სჭირდება, აყალიბებს ჩვენს დღევანდელ სამყაროს. თითოეული მათგანი ქმნის შეუცვლელ ბიომრავალფეროვნებას, რომელიც ცოცხალი არსებებისთვის ამ წარმონაქმნების წყალობით იქმნება. ასევე აკმაყოფილებს ცოცხალი არსებების ძირითად საჭიროებებს, როგორიცაა კვება და თავშესაფარი.  ანატოლიის გეოგრაფიაში მდინარეებს ყოველთვის აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ადამიანებისთვის; მათ გარშემო ყვავის ცივილიზაციები, რომლებმაც კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მელენდიზის მდინარე, რომლის გასწვრივაც მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხეობა, იჰლარა. 

მელენდიზის მდინარე, რომელიც იჰლარას ხეობაში ჩაედინება, ... წლების განმავლობაში, ქარის დახმარებით, ანგრევს ტუფის ქანებს, რითაც ავლენს ზედაპირის საინტერესო ფორმებს. ეს მომხიბლავი ხეობა, რომლის სიმაღლეც აღემატება 100 მეტრს, არის მსოფლიოში უნიკალური, ბუნებრივი და ისტორიული სიმდიდრე. ხეობა, სადაც ხალხი დასახლდა უძველესი პერიოდიდან, ხდება სხვადასხვა კულტურის შეხვედრის ადგილი ათასობით წლის განმავლობაში. იჰლარას ხეობა მდებარეობს აქსარაის პროვინციის გუზელურთის რაიონში. ხეობა ცნობილია როგორც ბუნებრივი საოცრება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრისტიანობის გავრცელებაშიც.  რადგან, იჰლარას ხეობა არის კაპადოკიის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო და დაცული დასახლება, რომელიც მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრია ქრისტიანობის პირველი წლებიდან.

ხეობის მიმდებარე კლდეების მარტივი ფორმირება ადამიანებს საშუალებას აძლევდა აეშენებინათ ასობით ეკლესია და საცხოვრებელი ფართი. მწვანე ხეობის სართულზე მელენდიზის მდინარის გვერდით გასეირნებისას თქვენ გექნებათ შანსი მიაკვლიოთ ასზე მეტ ეკლესიას, 16 მონასტერს და სხვა საცხოვრებელ ადგილებს, სადაც დაახლოებით 80,000 ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი არ დგას, შეგიძლიათ მოინახულოთ 12 ეკლესია. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ეკლესიები კლდეებში გამოკვეთილი ფრესკებით, ანუ კედლის მხატვრობით და ამ უნიკალური კულტურული და ისტორიული საგანძურით…

ეღრიტაშის ეკლესია არის ძალიან დიდი ტაძარი და ერთ-ერთი უძველესი ეკლესია ხეობაში. ეკლესიის ნაწილი, რომელიც ორ სართულიანია და შემკულია ფრესკებით, დღესაც დგას. მიუხედავად იმისა, რომ ფრესკები ძალიან მოძველებულია, ისინი აღაფრთოვანებენ მათ, ვინც მათ ხედავს თავისი ცოცხალი და მრავალფუნქციური ფერადი ბუნებით. კიდევ ერთი შენობა, რომელიც გამოირჩევა ბიბლიური საგნებითა და იმქვეყნიური ცხოვრების ამსახველი ფრესკებით, არის გველის ეკლესია. ეს არის ადგილი, სადაც სასულიერო პირები სწავლობდნენ და პირველ ხმამაღალ რიტუალებს ატარებდნენ.

იჰლარას ხეობა სინამდვილეში არის კაპადოკიის რეგიონის ნაწილი, ყველა იმ ზღაპრული საკვამლურებით, გამოქვაბულებითა და ჯადოსნური ატმოსფეროთი, რომელიც უძველესი ცივილიზაციების კვალს ატარებს. კაპადოკიის ისტორია ხეთებიდან იწყება, მაგრამ ის ძირითადად ცნობილია როგორც პირველი ქრისტიანების თავშესაფრები, რომლებიც გაიქცნენ იერუსალიმიდან, სადაც მათ დევნიდნენ. ასე, რომ კაპადოკია ანატოლიის პირველი ქრისტიანების თავშესაფარი ადგილი გახლავთ.

დადგენილია, რომ რეგიონში 150-ზე მეტი მიწისქვეშა ქალაქია, მაგრამ მათგან 36-ია აღმოჩენილი. საფრთხის დროს, როგორიცაა მოულოდნელი რეიდები და თავდასხმები, მიწისქვეშა ქალაქები შესაძლებელს ხდის თავშეფარებას ძალიან მოკლე დროში. ეს ქალაქები ინჟინერიის საოცრებაა, სადაც განიხილება ყველაფერი, რაც აუცილებელია ადამიანებისთვის უსაფრთხოდ ცხოვრებისთვის.

ყველაზე ცნობილი მიწისქვეშა ქალაქებია დერინქუიუ, ქაიმაქლი და თათლარინი. დერინქუიუს მიწისქვეშა ქალაქი, ხეთების მიერ არის დაარსებული და იგი კაპადოკიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია. ეს მიწისქვეშა ქალაქი 12 სართულისგან შედგება და 50 მეტრის სიღრმეზე მიდის! ცნობილია, რომ ქალაქში ერთდროულად 50 ათას ადამიანს შეუძლია ცხოვრება. უზარმაზარ მიწისქვეშა ქალაქ დერინქუიუს აქვს შესანიშნავი ვენტილაციის სისტემა, ასევე მისიონერული სკოლა, თავშესაფრები, წყლის ჭაბურღილები და საპყრობილე.

ნეტა დღეისათვის, რწმენისათვის ამოდენა ჯაფის გაწევა, ტანჯვა, ერთგულება, უარის თქმა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ... როგორ ფიქრობთ შესაძლებელია? არ შეიძლება ეს მიწისქვეშა ქალაქები მოინახულო და არ იფქრო ამაზე?

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, იჰლარას ხეობაზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც დევნისაგან გაქცეული პირველი ქრისტიანების დასახლების ადგილია. მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები