აქტუალური თემის ანალიზი 74

თურქული უპილოტოების პოპულარობა იზრდება

1651123
აქტუალური თემის ანალიზი 74

              

                             

რამდენიმე კვირის წინ თურქეთსა და პოლონეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ 28 ერთეული თურქული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის (თშუსა) ბაირაქთარ/Bayraktar თბ2/TB2 შესყიდვის შესახებ, მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება კიდევ ერთხელ ანკარისკენ მიაქცია, რადგან, ამჯერად ეს თურქული უპილოტოები მიეყიდა ნატოსა და ევროკავშირის წევრ პოლონეთს. ადრე ეს აპარატები მიეყიდა ყატარს, ლიბიას, უკრაინასა და აზერბაიჯანს, ხოლო მისი ეფექტურობა და საიმედოობა კარგად გამოჩნდა ჯერ სირიასა და ლიბანში, ბოლოს კი აზერბაიჯანში. მართლაცდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ასობით ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, რომლებშიც ნათლად ჩანს თუ როგორ ანადგურებენ თურქული უპილოტოები სომხეთის სამხედრო ტექნიკას თუ ძალას. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც იზრდება საერთაშორისო ინტერესი თურქული უპილოტოებისადმი და ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორის, პროფ. დოქტორ მურატ იეშილტაშის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

უპირველეს ყოვლისა, თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ნაწარმების ეფექტურმა გამოყენებამ რეალურ საბრძოლო გარემოში და მათმა წარმატებულმა შედეგებმა, თურქულ უპილოტოებს საშუალება მისცა საერთაშორისო ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანი შეიარაღების სისტემებად გადაქცეულიყვნენ. Bayraktar TB2 ტიპის უპილოტო სისტემების შესანიშნავმა წარმატებამ სხვადასხვა კონფლიქტურ გარემოში, კონკრეტულად კი სირიაში, ლიბიასა და ბოლოს მთიანი ყარაბაღში, საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება მიიპყრო. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც კი, რომლებსაც უმაღლესი შესაძლებლობები გააჩნიათ, არაეფექტურები და უძლურნი გახდნენ Bayraktar TB2–ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც განაპირობა ახალი დებატების გაჩენა, თუნდაც შეიარაღებული ძალების დოქტრინების კონტექსტში.

თურქული შეიარაღებული უპილოტოების პლატფორმების გამოცდილებამ ცხადყო, რომ ამ პლატფორმებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა არა მხოლოდ სადაზვერვო, სათვალთვალო და ჯაშუშურ დავალებებში, არამედ ისეთ დავალებებშიც, როგორებიცაა საჰაერო/სარაკეტო თავდაცვის სისტემების ჩახშობა, ანდა, მტრის ჯავშანტექნიკის სრული განეიტრალება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ამ პროდუქტებს საერთაშორისო თავდაცვის ბაზარზე კონკურენტუნარიანად აქცევს, არის ამ უპილოტოების სხვებზე უფრო ნაკლები საფასო ღირებულება. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში დიდი უპირატესობა აქვს ამერიკული წარმოების უპილოტოებს, მაგრამ, ისიც ცნობილია, რომ ეს პლატფორმები ძვირადღირებული სისტემებია თუნდაც თვით აშშ-ის საკუთარი გამოყენებისათვის კი.

მეორე მხრივ, ამგვარი პლატფორმების ექსპორტისთვის ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად სერიოზული კონტროლისა და დაბრკოლებების არსებობა, ასევე ქმნის შემაკავებელ გავლენას მყიდველ ქვეყნებზე, როცა თურქული უპილოტოების სისტემები, შესყიდვების მოქნილ შესაძლებლობებს ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს.

თურქეთსა და პოლონეთს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ, იარაღის გაყიდვის გარდა, შეიძლება შექმნას ასევე გარკვეული გეოპოლიტიკური შედეგებიც. თანაც ის ფაქტი, რომ პოლონეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, თურქეთ-ნატოს ურთიერთობების გაუმჯობესების გარდა, ასევე ზრდის ნატოში თანამშრომლობის სულისკვეთებასაც.

მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ ქვეყანა, რომელსაც პოლონეთი ყველაზე დიდ საფრთხედ აღიქვამს, ისევე როგორც უკრაინა, არის რუსეთი, კიდევ ერთი მიზეზია, რაც ამ გაყიდვას მნიშვნელოვნად აქცევს. მართლაცდა, უკრაინის შემდეგ TB2–ის მიყიდვა პოლონეთისთვის არის კონკრეტული ნაბიჯი რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, ყოველ შემთხვევაში ასე აღიქვამს მოსკოვი. ამ თვალსაზრისით, თურქეთისა და მისი მოკავშირე, ასევე რუსეთის მეზობელი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდა და გაუმჯობესება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მოქმედების დიაპაზონი, სავარაუდოზე არც ისე ფართოა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ამ მხრივ ფარული კრიტიკა აქვს თურქეთის მიმართ, აღსანიშნავია ისიც, რომ ანკარა ამ კრიტიკას მთლიანად უგულებელყოფს, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფ. დოქტორი მურატ იეშილტაში



მსგავსი ინფორმაციები