„კუთხე-კუნჭული“ 13/2020

„კუთხე-კუნჭული“ 13/2020

1385616
„კუთხე-კუნჭული“ 13/2020

„კუთხე-კუნჭული“ 13/2020

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

დღეს, აქტუალურ სიტყვათა შორის სიტყვა კარანტინიცაა. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ გარეთ გასვლა სახიფათოა, სახლში გატარებულ ჩვენს დღეებს კარანტინში ყოფნა ჰქვია. სიტყვა კარანტინის მიახლოებითი ეტიმოლოგიური განმარტება „ორმოც დღეს“ აღნიშნავს, ანუ იზოლაციაში გასატარებელ ორმოც დღეს. ამ სიტყვის  ძიებამ ერთ საინტერესო ამბამდე მიმიყვანა. ცნობილი თურქი პოეტის ათილა ილჰანის ლექსზე „კარანტინელი დესპინა“, 70-იანი წლების მიუზიკლებისა და კლასიკური მუსიკის შემსრულებელმა თიმურ სელჩუკმა დაუვიწყარი და სრულიად განსხვავებული, იმპროვიზაციული ელემენტებით სავსე მელოდია შექმნა.

 

სიმღერად ქცეულ ამ ლექსის სათაურს ნამდვილი ისტორია უდევს საფუძვლად. კარანტინა, თურქეთში, ქალაქ იზმირის დღევანდელი ქუჩუქიალის უბნის ძველი სახელწოდება იყო. ჯერ კიდევ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებამდე ამ უბანში სამხედრო საავადმყოფოს გვერდით სპეციალური საკარანტინო შენობა ყოფილა აშენებული. სწორედ ამიტომ უბნისათვის კარანტინი შეურქმევიათ.

გადმოცემის მიხედვით, იმდროინდელ იზმირში იმპროვიზაციული თეატრები, კანტოების მსახიობებით იყო ცნობილი. კანტო, სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებლის გასართობად შექმნილი, მსახიობი ქალის სიმღერისა და გამომწვევი ცეკვის სინთეზის სახელწოდებაა. სწორედ კანტოს მოცეკვავე ყოფილა დესპინა, რომელიც კარანტინის უბანში ცხოვრობდა და მისი ეს მეტსახელიც აქედან მომდინარეობს. დესპინა, კანტოს სახელგანთქმული მოცეკვავე ყოფილა, რომლისათვისაც ადგილობრივი მუსიკოსები სპეციალურად ქმნიდნენ მელოდიებს. მას ბევრი ეტრფოდა, თუმცა დესპინამ ბევრ თაყვანისმცემელთა შორის მუამერ ბეი აირჩია.

მუამერ ბეი, იზმირის ქალაქის ქრონიკებიდან ცნობილია, როგორც  ხალიჩებით მოვაჭრე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბატონი, რომელსაც ჯერ კიდევ ოსმალების დროს ამერიკელებთან და ინგლისელებთან სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა გაბმული. მიუხედავად იმისა, რომ მუამერ ბეის ოჯახი ჰყავდა, ის თავდავიწყებით იყო შეყვარებული დესპინაზე, რომელმაც თავიდან თანხმობით უპასუხა სატრფოს, რესპუბლიკის დაარსების შემდეგ კი დრო რომ შეიცვალა, კარანტინელმა დესპინამ სხვაზე გადაიტანა ყურადღება.

საინტერესოა ის, რომ ეს ამბავი ქალაქის ქრონიკებში შეუმჩნევლად დარჩებოდა, რომ არა ცნობილი პოეტი, რომელმაც იმდროინდელი იზმირის მცხოვრებთა ისტორიები გააცოცხლა. სწორედ ამიტომ არის ნათქვამი, რომ მომღერლებს და პოეტებს ქალაქის ამბების შენახვა შეუძლიათ.

ახლა, კარანტინის უბანს სხვა სახელი ჰქვია, იქ პოეტის თქმით, „მიწისძვრის მსგავსი შემობიჯებით“ დესპინა აღარ ათრთოლებს მაყურებელთა გულებს, თუმცა მათი სახელები და ისტორია შემორჩა. დღეს ყველაზე აქტუალური სიტყვიდან მათ ამბებამდე გზის გაკვლევაშიც ალბათ, არაფერია შემთხვევითი, ისევე როგორც იმ დღეების მოგონება იქნება მნიშვნელოვანი, რასაც დღეს კარანტინში გატარებულ დღეებს ვეძახით.

ჯანმრთელი დღეების მომავლის იმედით მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.



მსგავსი ინფორმაციები