„კუთხე-კუნჭული“ 43/2019

„კუთხე-კუნჭული“ 43/2019

1322425
„კუთხე-კუნჭული“ 43/2019

„კუთხე-კუნჭული“ 43/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

„აბა ცხელი სიმინდი“, თითქმის  რეპლიკად ქცეული ეს სამი სიტყვა ყველა იმ ადამიანისათვისაა ცნობილი, ვისაც ერთხელ მაინც დაუსვენია საქართველოს შავიზღვისპირეთში. სანაპიროზე ცხელი სიმინდის გამყიდველ  ადგილობრივ ახალგაზრდასთან საუბრისას გავარკვიე, რომ თურმე ისინი სიმინდს კახეთში იძენენ.

მიუხედავად იმისა, რომ სიმინდი გაცილებით დიდ ჰექტრებზე კახეთში მოჰყავთ, სიმინდის მხარედ მაინც საქართველოს დასავლეთი მიიჩნევა. სიმინდს ტენიანი მიწა უყვარს, რასაც დასავლეთის ხშირ ნალექიანი კლიმატი ხელს უწყობს. ამიტომაც დასავლეთში სიმინდის ფქვილისაგან დამზადებული კერძების სახეობა უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე სხვაგან. სხვა თუ არაფერი კეცის ჭადი იმერულ ყველთან ერთად არ ჩამოუვარდება დღეს საქვეყნოდ ცნობილ ბევრ ტრადიციულ აპერატივს. ამერიკიდან შემოსული ამ მცენარის მოვლასა და გავრცელებას არა მარტო ქართველები, არამედ შავიზღვისპირეთის თურქეთის მხარეს მცხოვრები ლაზები და გურჯებიც კი დაეპატრონნენ. ჭადი ამავე სახელწოდებით მათთანაც პოპულარობით სარგებლობს.

დღეს მსოფლიოში სიმინდი თითქმის ხორბლისა და ბრინჯის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. თურქეთში ამ მცენარემ ეგვიპტიდან შემოაღწია და ამიტომაც მას თურქულად ეგვიპტის სახელი ანუ მისირი  უწოდეს.

სიმინდის მოსავლის აღების პერიოდი ადრე შემოდგომას ემთხვევა. შავიზღვისპირეთის თურქეთისა და საქართველოს მხარეს სიმინდის მოსავლის აღების ტრადიცია ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივეგან, იმერული ტერმინით რომ ვთქვათ, ნადს შეიწევენ ხოლმე, ანუ მეზობლები ერთმანეთს მოსავლის აღებაში ეხმარებიან, რაც დიდ შრომასთან ერთად, ერთად ყოფნით გამოწვეული მხიარულების საბაბიცაა. თურქეთში სიმინდის მოსავლის სურათს მოგვაგონებს ამავე პერიოდში შიდა ანატოლიის სოფლებში გოგრის მოსავლის აღება, როცა ყველა მინდვრებშია მოფენილი და ხშირად იქ ღამის გათევაც კი უწევთ.

მოსავლის აღების შემდგომ პირველი, რასაც საზღვრის ორივე მხარეს სოფლებში ვნახავთ, სიმინდის მარცვლის წისქვილებში დაფქვის პროცესია, რაც  ბავშვობისდროინდელი სოფლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ რომანტიულ მოგონებებს აღძრავს. ტერიტორიული სიახლოვე წისქვილის, როგორც თავშეყრის ადგილის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების მსგავსებას ბადებს. მსგავსება მეურნეობაშიც ვლინდება. როგორც საქართველოში, ისე თურქეთის შავიზღვისპირეთშიც ხვნისა და თესვისაგან გადაღლილ მიწას ასვენებენ ხოლმე, რომ მომავალ წელს უფრო ნაყოფიერი იყოს.

თურქეთსა და საქართველოში, დღეს, გენმოდიფიცირებული ე.წ. ჰიბრიდული სიმინდის გავრცელება ხდება. თუმცა ამასთან საბრძოლველად ორივე ქვეყანაში ადგილობრივი გლეხი თუ მცირე მეწარმეები ორგანულ, უაზოტო სიმინდს აშენებენ. მართალია ასე მოწეული სიმინდის მოსავალი ქვეყნის საკვებ ხაზინას ვერ შეავსებს, თუმცა ესაა ერთადერთი საშუალება იმისა, რომ სიმინდის ორგანული, თავდაპირველი სახე არ გადაშენდეს.

 



მსგავსი ინფორმაციები