„კუთხე-კუნჭული“ 37/2019

„კუთხე-კუნჭული“ 37/2019

1322391
„კუთხე-კუნჭული“ 37/2019

„კუთხე-კუნჭული“ 37/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

საქართველოდან თურქეთში შავიზღვისპირეთით სამანქანო გზით ზაფხულის მიწურულს ვინც შემოსულა, მთელი შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ზღვასა და გზას შორის მოქცეულ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე პოლიეთილენის უზარმაზარ პარკებზე გაფენილი უამრავი თხილი თვალში მოხვდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით ეს უკვე ტრადიციად ქცეული თხილის გაფენისა და გაშრობის მეთოდი რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. შავიზღვისპირეთის რეგიონების მთებზე შეკიდებულ სოფლებში ადგილობრივები თხილს კრეფენ, დარჩევის შემდეგ კი მის გამოსაშრობად შავი ზღვის სანაპიროზე ინაცვლებენ, რადგანაც ჩიტის ბუდეებივით შემაღლებულ ადგილებზე თხილის გასაშლელი ადგილი არ არის, ამასთანავე შედარებით მთიან ზოლში ნალექი უფრო ხშირია, ამიტომაც ვაკე ადგილზე მზისგან გახურებულ ასფალტზე თხილი ადვილად და უფრო სწრაფად შრება.  

შავიზღვისპირეთში თხილის მოსავალი მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროა. თუმცა მუშა ხელის უკმარისობის გამო უკვე რამდენიმე წელია დამხმარე ძალას საქართველოდან იშველიებენ. ქართველ მუშას ერთი ან ორი თვით ასეთი სეზონური სამუშაო აკმაყოფილებს, რადანაც აღებული შრომის საფასურით მას საქართველოში დარჩენილი ოჯახის რამდენიმე თვის განმავლობაში გამოკვება შეუძლია. ამასთანავე სახელმწიფო რეგულაციებიც ქართველ მუშა ხელს ეხმარება, რომ მუშაობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე იმუშაოს, რადგანაც თურქული მხარე ქართველი მუშა ხელის მოზიდვას ისახავს მიზნად.

თხილი თურქულად ასე ჟღერს „fındık“ ანუ ფინდიკი. როგორც ამბობენ, ფინდიქი სახელწოდება ანტიკურ ხანაში შავიზღვისპირეთის ძველი სახელი „Pont exinus”-დან მომდინარეობს, რაც შემდგომ „Pontik”-ად იქცა. თუმცა ალბათ ყველაზე დაახლოებული წარმოთქმა სპარსული „fonduk” და ძველბერძნული „Funduk“ია. თხილის სახელის განვითარებამ თურქულ კულტურაში სამი ხანა გამოიცვალა. პირველი, შუა აზიაში თურქები მას ქოსიქს ეძახდნენ. მეორე პერიოდში თურქები მას Çetlevük“ად მოიხსენიებდნენ, შემდგომში უკვე დღევანდელ ანატოლიის ტერიტორიაზე მცხოვრები თურქები თხილს არაბულის გავლენით „bunduk“ს ეძახდნენ.

თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში თხილის წარმოების ცენტრად რიზე გამოცხადდა, შემდგომში კი მას შავიზღვისპირეთის სხვა რეგიონებიც შეუერთდა. 1925 წლისათვის სახელმწიფომ თხილის წარმოების გადასახადად 8 პროცენტი დააწესა. სულ ცოტა ხანში თურქული თხილის ნერგების ექსპორტზე გატანა აიკრძალა. 1931 წლიდან თხილის მეურნეობა უკვე გამართული იყო და ბაზარზე ადგილიც დამკვიდრებული ჰქონდა.

1936 წელს გირესუნში ე.წ. „თხილის სადგურიც“ კი დაარსდა. მუსტაფა ქემალ ათათურქის მოწოდებით კი "ფისკობირლიქი" იგივე თხილის წარმოებისა და გაყიდვის კოოპერატივი ჩამოყალიბდა და სწორედ ამან შეუწყო ხელი შემდგომში თხილის თითქმის ასწლიან განვითარებას. დიდი ხანი არ არის, რაც გირესუნის „თხილის სადგურ“მა თხილის კვლევის ინსტიტუტის სახელი და სამეცნიერო ფუნქცია შეიძინა.

დღეს თხილი თურქეთიდან მსოფლიო ბაზარზე გადის და მას იყენებენ როგორც ხილად, ისე ზეთის სახითაც, ნაჭუჭისაგან კი ავეჯის დამამზადებელი საწარმოები მარაგდება.

 



მსგავსი ინფორმაციები