„კუთხე-კუნჭული“ 31/2019

„კუთხე-კუნჭული“ 31/2019

1303035
„კუთხე-კუნჭული“ 31/2019

„კუთხე-კუნჭული“ 31/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთში ტკბილეულის წარმოება ალი მუჰიდინ ჰაჯი ბექირის სახელს უკავშირდება. შეიძლება ითქვას, ის ერთ-ერთი პირველი თურქი ინდ-მეწარმე გახლდათ, რომელსაც ეპოქის ეკონომიური ხედვები გააჩნდა. ქალაქ ქასტამონუდან ის სტამბოლში 1777 წელს ჩასულა და ბაჰჩექაფიში ტკბილეულობის მაღაზია გაუხსნია. მისი  „შექერ დუქნის“ ისტორია ტკბილი გზის სახელითაა ცნობილი. ჰაჯი ბექირის 40 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ ბევრი სიახლე შემატა მაშინდელ და შემდგომდროინდელ ტკბილეულობის განვითარებას. მან პირველმა სტამბოლში, ცნობილი ოსმალური მეთოდით თაფლისა და ფექმეზის დანამატების ნაცვლად ტკბილეულში რაფინირებული შაქარი გამოიყენა. სახამებლის გამოყენებაშიც ნოვატორი გახლდათ.

სწორედ ჰაჯი ბექირის მიერ გამოზრდილმა ტკბილეულის მომზადების ოსტატებმა მიაგნეს ლოქუმის ე.წ. ლახათ-ლუხუმის ვარდის, დარიჩინის, ფორთოხლის, ლიმონის უცხო გემოებს. ჰაჯი ბექირი სასახლის კარზე მიღებული იყო, როგორც ტკბილეულობის უზადო შემქმნელი. სწორედ მის დუქანში შეუძენია ერთ ინგლისელ მოგზაურს ლოქუმი და სახელწოდებაც “Turkish Delight” უწოდებია, რაც შემდეგ ამ ხაზით წარმოებულ თურქულ ტრადიციულ ტკბილეულობას დაერქვა.

სულთან აბდულმეჯიდის პერიოდში ამადეო პრეციოს „მეშაქრე“ სახელწოდების ნახატზე სწორედაც რომ ცნობილი ჰაჯი ბექირია გამოსახული.

ჰაჯი ბექირის ტკბილეულის დუქანს ჯერ კიდევ 1900 წლამდე მისი სახელი ეწერა. ოსტატი სიცოცხლეშივე დაჯილდოებული იყო ვენის, კოლნის ტკბილეულის გამოფენის ვერცხლისა და ბრიუსელში ოქროს მედლით.

ტკბილეულის მომზადების ტრადიცია და ამ საქმეში დახელოვნება თაობიდან თაობას გადაეცა. ჰაჯი ბექირის შემდეგ ეს საქმიანობა მისმა შვილმა ალიმ გადაიბარა. 1911 წლიდან კი ჰაჯი ბექირის ტკბილეულის მარკა ოსმალეთის საზღვრებს გასცდა და ეგვიპტეში მისი მაღაზიები გაიხსნა.

1918 წლისთვის მსოფლიო ომით გამოწვეული კრიზისი სტამბოლსაც შეეხო და ჰაჯი ბექირის დუქანმაც დაცარიელება დაიწყო. საბოოლოდ კი სტამბოლის ურბანიზაციული არქიტექტურის ცვლილებას შეეწირა და დუქანი დაანგრიეს.

რესპუბლიკის გამოცხადების შემდგომ ჰაჯი ბექირის ტკბილეულის მარკა ისევ გაიხსენეს და შეიყვარეს, აღადგინეს მაღაზიაც. როგორც ამბობენ, ბაჰშექაფის მაღაზია-კაფეს ქემალ ათათურქიც სტუმრობდა ხოლმე.

ჰაჯი ბექირის სახელი დღესაც თურქული ტკბილეულის დაბადებასთან ერთად მოიხსენიება ხოლმე. ჩვენს საუკუნეში თურქეთში მის მიერ წამოწყებულ ამ საქმიანობას მისი შთამომავლები უძღვებიან.



მსგავსი ინფორმაციები