კუთხე-კუნჭული 2/2019

კუთხე-კუნჭული 2/2019

1122388
კუთხე-კუნჭული 2/2019

„კუთხე-კუნჭული“ 2/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

გამარჯობათ. ეთერშია გადაცემა კუთხე-კუნჭული. საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მრავალფეროვან ასპექტს მოიცავს. დღეს მინდა ვისაუბრო მედია სივრცეში სოციალური ყოფის გამოვლინების ერთ-ერთ ყველაზე კარგ მაგალითზე, რასაც სერიალი ჰქვია. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ თურქული სერიალები საქართველოში დიდი რეიტინგით სარგებლობს. ქართველი დიასახლისების ყურადღება დიდი დოზით არის მიპყრობილი ტელევიზიის მიერ მათთვის შეთავაზებული ამ პროდუქტით. ბოლო წლებში კი ეს პროდუქტი, შეიძლება ითქვას, მთლიანად იმ თურქულმა კულტურამ დაფარა, რაც სერიალების საშუალებით მიეწოდება ქართველ მაყურებელს.

ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს უშუქობის პერიოდში საღამოს როგორი სიხარულით ველოდით, თუ როდის გაიმეტებდნენ ჩვენთვის ელექტროენერგიას და შემდეგ ბრაზილიურ თუ არგენტინულ სერიალების მორიგ სერიებს. ახლა ვფიქრობ, რომ ყოველგვარი ენერგიისა და გართობის საშუალებებისგან დაცლილი 90-იანი წლები სწორედ იმ სერიალებმა გაგვიფერადა. თუმცა ყველაზე საოცარი ის იყო, რომ სრულიად განსხვავებული კულტურები, იქნებოდა ეს ლათინო-ამერიკული თუ სლავური, ისე ორგანულად შემოდიოდა ჩვენს სახლებში და მერე ჩვენს გულებში, რომ არც კი გვეუცხოებოდა. ეს, ალბათ, სერიალის ჯადოსნური ენის დამსახურებაა. მაინც რა არის ის მიგნება, რითაც სერიალი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და თავისზე დამოკიდებულს გვხდის. ალბათ, სწორი იქნება თუკი ვიტყვით, რომ  ოჯახური ყოფა, საზოგადოებაში ადამიანის ადგილი, სიყვარული და სხვა მძაფრი ემოციები, ყველაფერი ეს მეტ-ნაკლებად საერთოა მსოფლიო ხალხებისათვის. ამიტომაც სულ სხვა ქვეყანაში მცხოვრები რიგითი ოჯახის ისტორია, შეიძლება ჩვენს ამბებთან ძალიან ახლობელი იყოს.

დიდხანს რომ აღარ გავაგრძელო, საქართველოში თურქული სერიალებისადმი დამოკიდებულებასაც უნდა შევეხო. საქართველოში თურქული სერიალების ჩვენება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მაყურებელთა ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ყველაზე თვალშისაცემი კი ის იყო, რომ ქართველებმა აღმოაჩინეს, თუ რამდენი მსგავსებაა ქართულ და თურქულ კულტურებს შორის, გარდა სპეციფიური განსხვავებულობებისა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სტუმრობისას, უფრო მეტად კი სოფლებში მცხოვრებ დიასახლისებთან საუბრისას, მათგან ხშირად მსმენია, რომ თურქული სერიალები ძალიან მოსწონთ და საოჯახო საქმეებსაც კი სპეციალურად სწრაფად ილევენ, რომ შებინდებისას ნაცნობი პერსონაჟების ამბებს „ჩაუსხდნენ“. ამ სიმპათიას რამდენიმე მნიშვნელოვანი შტრიხი განსაზღვრავს. მათი თქმით, თურქული სერიალები განსხვავდება ლათინო ამერიკული სერიალებისგან იმით, რომ თურქულ სერიალებში შედარებით მოკრძალებული და თავაზიანი ყოფითი ცხოვრებაა წარმოჩენილი. ამასთანავე დაცულია უფროსებისადმი, განსაკუთრებით ბებია-ბაბუის თაობის ადამიანებისადმი პატივისცემით დამოკიდებულების ხარისხი. 

ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქართველმა მაყურებელმა დაინახა სერიალებში ნაჩვენებ დიდ ქალაქებში თურქული საზოგადოების დიდი ნაწილის ევროპული წესით ცხოვრება. ამან კი განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების ყურადღებაც მიიქცია.

ქართველ მაყურებელს ყველაზე მეტად მაინც ოსმალეთის იმპერიის და საიმპერატორო კარის სულთნებისა და მათი ცოლების სერიალად ქცეული დრამა „დიდებული საუკუნე“ დაამახსოვრდა, ალბათ იმიტომ რომ ეს სერიალი, ტიპიური სატელევიზიო გასართობი პროდუქტის ჩარჩოდან ისტორიული სინამდვილისკენ იხრებოდა. სერიებად ქცეული, მხატვრულად მაღალ დონეზე შესრულებული ეს დრამა თურქეთისათვის ერთგვარ საჩვენებელ მარკადაც კი იქცა.

და ბოლოს, თურქულმა სერიალებმა, შეიძლება ითქვას, ერთგვარი დიპლომატიური მისია შეასრულეს ქვეყნის კულტურის ქართველი მაყურებლისათვის გაცნობის საქმეში.



მსგავსი ინფორმაციები