ეროვნული თავდაცვის პროექტები 8
სტამბოლის ტექნოლოგიური ფესტივალი
მიმდინარე წლის სექტემბერში სტამბოლმა ორ ტექნოლოგიურ ფესტივალს უმასპინძლა. პირველი ტექნო ფესტივალი (TEKNOFEST) 20-23 სექტემბერს სტამბოლის ახალ აეროპორტში ჩატარდა და მასზე ახალი საჰაერო, კოსმოსური და ტექნოლოგიური ნიმუშები გამოფინეს, ხოლო მეორე მეორე ასეთი გამოფენა “İSTANBUL AIRSHOW”-ის სახელწოდებით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდა. სხვათაშორის ეს უკანასკნელი მალე დაიხურება და მის მაგივრად 29 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს სტამბოლის ახალი, მესამე აეროპორტი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე უდიდესი აეროპორტი იქნება. ერთი თვის განმავლობაში 2 ასეთი ტექნოლოგიური გამოფენის მასპინძლობა იმაზე მიუთითებს, თუ თურქეთის ხელისუფლება როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საჰაერო და კოსმოსური ტექნოლოგიის განვითარებას. ახლა, ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:
20-23 სექტემბერს სტამბოლის ახალმა აეროპორტმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გადაცემული ექსპლოატაციაში, პირველად უმასპინძლა საჰაერო, კოსმოსური და ტექნოლოგიურ გამოფენა TEKNOFEST-ს, რომლის სპონსორი და ორგანიზატორი სტამბოლის მერია და T3 ფონდი იყვნენ. ამ ფონდის ხელმძღვანელმა სელჩუქ ბაირაქტარმა ფესტივალის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს ფესტივალი ეროვნული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. "დღეს ჩვენი სიამაყის დღეა, რადგან, ჩვენს ოცნებებს ნელ ნელა ფრთები ესხმება, დღეს ყველა თვალნათლივ ხედავს ჩვენს ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც ახალგაზრდობას ახალ ენთუზიაზმს მისცემს და უახლოეს ხანებში მათი მხრიდან წარმოებულ ახალ ახალ გამოგონებებს ვიხილავთ. ჩვენ მეტად მოხარული ვართ იმითაც, რომ ამ ტექნოლოგიური განვითარების გზაზე ჩვენს უკან დგას ხელისუფლებაც და ხალხიც", განაცხადა ბაირაქტარმა. მისივე თქმით, T3 ფონდის მიზანია ეროვნული ტექნოლოგიების სტიპენდიების პროგრამის, სტიპენდიების მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური გუნდების პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტების ტექნოლოგიური ფაკულტეტების შესაბამისი აღჭურვილობით, ინფრასტრუქტურით, ტრანსპორტითა და ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფა. “გარდა ამისა, ჩვენი ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი არის ასევე 2023 წლამდე 1001 ტექნოლოგიური გუნდისა და 1001 ტექნოლოგიური ინიციატივის მხარდაჭერა“, აღნიშნა T3 ფონდის ხელმძღვანელმა სელჩუქ ბაირაქტარმა
ტექნო ფესტივალის შეჯიბრებები
ფესტივალში მონაწილეობა, სადაც დიდი რაოდენობით მანქანა-დანადგარები და პროდუქცია გამოიფინა, იყო უფასო. ეს ფესტივალი მიზნად ისახავდა ასევე საჰაერო, საავიაციო და ტექნოლოგიური სუბიექტების მიმართ ეროვნული ცნობიერების ამაღლებასა და ინტერესის გაზრდას. მართლაც და 4 დღის განმავლობაში მიმდინარე ამ ფესტივალს 550 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამავე გამოფენა-ფესტივალის ფარგლებში ტექნოლოგიური შეჯიბრებები ჩატარდა 14 კატეგორიაში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 750-ზე მეტმა გუნდმა და 2 ათასზე მეტმა ინდივიდუალურმა გამომგონებელმა. კაცობრიობის საკეთილდღეო ტექნოლოგიურ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს 8 წლიანი და საშუალო სკოლის მოსწავლეებმა და კიდევ უნივერსიტეტების სტუდენტებმა, უპილოტო საფრენი აპარატებისა და უპილოტო წყალქვეშა სისტემების შეჯიბრში პროფესიული სკოლების და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა და ა.შ. გარდა ამისა შეჯიბრებები ჩატარდა თვითმფრინავების მოდელის, რობოტების, სარაკეტო სისტემების, ხელოვნური ტვინის და ხელოვნური ინტელექტის, უპილოტო გამნაღმველი რობოტების, დისტანციური მართვის აპარატების, სატელიტური თანამგზავრების მოდელის და სხვა კატეგორიებში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფესტივალმა მთავარ მიზანს, ახალგაზრდების დიდად დაინტერესებას, მიაღწია
ფესტივალის ფარგლებში სამხედრო თვითმფრინავებით შოუ ჩვენება გამართეს ე.წ. თურქმა ვარსკვლავებმა, ხოლო სოლო გამოსვლები კი ძველი თვითმფრინავებით აჩვენეს. საინტერსო იყო პარაშუტისტთა ჯგუფის ჩვენებაც და ATAK-ის ტიპის ვერტმფრენების შოუც, აკრობატული ილეთები აჩვენეს თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრებმა, მეტად ლამაზი იყო ვერტმფრენებით თავისუფალი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური საფრენი ჩვენებებიც, მოკლედ, ფესტივალის მოზიარეები მეტად კმაყოფილნი დარჩნენ.
აქვე მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ტრონიკების ფრენაში, კიბერუსაფრთხოების კონკურსსაც მრავალი მონაწილე ჰყავდა, საჩვენებელი რბოლა აჩვენეს მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა 7-მდე ავტომობილმა, ერთმანეთს გაეჯიბრნენ თვითმფრინავი და სპორტული მოტოციკლი, მეტად საინტერესო იყო სიმულაციური პროგრამები, დაინტერესებული პირებისთვის ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო სემინარებიც ჩატარდა. ფესტივალის სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილზევე გასცნობოდნენ თურქული წარმოების მრავალ სამხედრო და სამოქალაქო სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტებს, მათ შორის ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავ ANKA-ს, T625 ტიპის ვერტმფრენს, Gokturk-2 სახელწოდების სატელიტურ თანამგზავრს, სასწავლო თვითმფრინავს, ლოგისტიკურ Hürjet-ის თვითმფრინავს, ახალი თაობის სასწავლო თვითმფრინავ Hürkuş-ს, Atak-ის ვერტმფრენს და ა.შ. ფესტივალზე სიტყვით გამოსულმა ადგილობრივმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ტექნოლოგიების განვითარების საჭიროებებზე და მომავალზე.
მნიშვნელოვანი მესიჯები ერდოღანისგან
22 სექტემბერს TEKNOFEST-ს ეწვია პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი და მისი მეუღლე, ქვეყნის პირველი ლედი ემინე ერდოღანი, რომლებმაც ჯილდოები გადასცეს ამ ფესტივალში გამარჯვებულებს. პრეზიდენტმა აქვე მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა თავდაცვის მრეწველობისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ. “ჩვენ როდესაც შევწყვიტეთ ოცნებები, ჩვენი უკან დახევაც მაშინ დაიწყო. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ თურქეთში, ეს იმიტომ, რომ დავიწყეთ ოცნებების აღსრულება. დღევანდელი უსაფრთხოების კონცეფციის მნიშვნელობა საგრძნობლად შეიცვალა. ამჟამად ფიზიკური უსაფრთხოება კიბერ უსაფრთხოებით შეიცვალა და თუ საკუთარი ციფრული ინდუსტრია და შიდა პროგრამები არ გექნებათ, მაშინ, ეს მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველანაირ საქმიანობას. ჩვენ ახალგაზრდების ჰორიზონტების გახსნას ვაპირებთ. ყველა მოვლენა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვხვდება, ცხადყოფს დამოუკიდებლობისა და ტექნოლოგიების ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირს, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას მივაღწიოთ ადგილობრივი და ეროვნული ტექნოლოგიების განვითარებით. ეს ფესტივალი გვიჩვენებს, რომ ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ, ეს საკმარისი არ არის, ჩვენ ამ გზაზე სწრაფ განვიტარებას გავაგრძელებთ“, განაცხადა ერდოღანმა, წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი თარქან ზენგინი