„მემლექეთზე ფიქრებით“ 14.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი

864446
„მემლექეთზე ფიქრებით“ 14.2017

„მემლექეთზე ფიქრებით“ 14.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი

მოგესალმებით. როგორც წინა გადაცემებში აღვნიშნე, ჩვენ დროდადრო ვსაუბრობთ თურქეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებულ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, იქ მომუშავე პერსონალსა და სტუდენტებზე. დღეს მოგითხრობთ საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში არსებულ ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე.

დღევანდელი ჩვენი გადაცემის რესპოდენტები არიან ბატონი ჰარუნ ჩიმქე, ქალბატონი რუსუდან საღინაძე და ქალბატონი მაია კიკვაძე.

საჭიროდ მიმაჩნია, ჯერ  ჩვენი სტუმრების ბიოგრაფია გაგაცნოთ და გიამბოთ მათი პროფესიული საქმიანობის შესახებ, რადგან მინდა, რომ უკეთ გაიცნოთ ისინი და წარმოდგენა შეგექმნათ თუ ვინ ემსახურება დღეს თურქეთში, რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში არსებულ ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებას.

(ფოტო აღებულია ბატ. ჰარუნ ჩიმქეს facebook-ის გვერდიდან)

ბატონი ჰარუნ ჩიმქე რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორია. მან 2001 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის და ამავე დროს აღმოსავლური ენების სპეციალობით. 2005 წელს დაასრულა თბილისის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. 2010 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ქართულში“ (ხელმძღვანელები: პროფ. რუსუდან საღინაძე და პროფ. მაია მაჭავარიანი). ქართველოლოგთა და მწერალთა შორის დღეს უკვე კარგად ცნობილი ენათმეცნიერი და მთარგმნელი, პირველი თურქი ქართველოლოგი, რომელმაც თავისი მეცნიერული კვლევის უმთავრეს მიმართულებად ქართული ენათმეცნიერება გაიხადა, წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას ამ სფეროში. ჰარუნ ჩიმქე გახლავთ 3 ეროვნული და 18 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და თურქეთსა და საქართველოში გამოცემული 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 1 მონოგრაფიისა და 1 სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი. ბატონი ჰარუნი მთარგმნელობით საქმიანობაშიც არის ჩართული. მის მიერ თურქულ ენაზე ითარგმნა და თურქეთში გამოიცა „ქართული ენა (ფონეტიკა, მორფოლოგია“) (2015 წ., ჟუჟუნა ფეიქრიშვილისა და რუსუდან საღინაძის თანაავტორობით)“, რომელიც თურქულ ენაზე შესრულებული სამეცნიერო ხასიათის პირველი ქართული ენის გრამატიკა გახლავთ.

მანვე თარგმნა ასევე პროფესორ ჟუჟუნა ფეიქრიშვილის „ქართველოლოგიის შესავალი“ (2017 წ.) და ავტორთა კოლექტივის მიერ შექმნილი კრებული ─ „ქართული კულტურა“ (2005 წ.), ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბავი ბესარიონისა“ (2015 წ.), „თანამედროვე ქართული მოთხრობები“ (2015 წ.), დათო ტურაშვილის „გურჯი ხათუნი“ (2015 წ.), ზვიად კვარაცხელიას „ფორმა 100“ (2016 წ.), ნინო სადღობელაშვილის „თავშესაფარი“ (2016 წ.), გიორგი სოსიაშვილის „მარტოსულთა ზამთარი“ (2017 წ.), შოთა არველაძის „გუშინ“ (2017 წ.) და რეზო თაბუკაშვილის „13 დღე“ (2017 წ.).

რაც შეეხება ქალაქ რიზეს, ის მეოთხე ქალაქია, სადაც 2012 წელს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ფილოლოგიის დოქტორი, ასისტ. პროფესორი ჰარუნ ჩიმქე.

განყოფილება გაიხსნა, მაგრამ სრულად ფუნქციონირებისათვის, სტუდენტთა მიღების ნებართვისათვის  აუცილებელი იყო აკადემიური პერსონალის მოწვევა.  ამისათვის 2015 წლის იანვარში საქართველოდან მოწვეულ იქნა ორი სპეციალისტი: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან საღინაძე  და ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაია კიკვაძე. ამჟამად ეს სამი პროფესორი უძღვება სასწავლო პროცესს რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობას.

(ფოტო აღებულია ქალბ. რუსუდან საღინაძის facebook-ის გვერდიდან)

ქალბატონი რუსუდან საღინაძე  გახლავთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის პროფესორი. მან 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1997 წელს პროფესორ დამანა მელიქიშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია თემაზე „ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების გზები (XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისის პრესის მასალების მიხედვით)“. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა რუსუდან საღინაძემ დაიწყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე. 1985-1995 წლებში მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში უნივერსიტეტში). კითხულობდა ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. პარალელურად 1990 წლიდან იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1997 წლიდან კი – დოცენტი; 2006-2013 წლებში ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2014 წლიდან – პროფესორი. 2013 წლიდან იგი გახლავთ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულების ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობს   ქართულ ენასა და ლიტერატურაში საბაკალავრო პროგრამას, აგრეთვე ერთწლიან მოსამზადებელ საგანმანათლებლო პროგრამას „ქართული ენა არაქართველთათვის“ და სამაგისტრო პროგრამაში „ქართველური ენათმეცნიერება“ მოდულს „ქართული საეკლესიო მწერლობის ენა“. მისი ხელმძღვანელობით ამჟამად სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს სამი დოქტორანტი. ქალბატონი რუსუდანი ეწევა აქტიურ და ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას. იგი არის  13 ადგილობრივი, 35 ეროვნული და 50-მდე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, ხუთი მონოგრაფიისა და ხუთი სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი. იგი გახლავთ, აგრეთვე, ათი  ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის მონაწილე.

(ფოტო აღებულია ქალბ. მაია კიკვაძის facebook-ის გვერდიდან)

ქალბატონი მაია კიკვაძე  გახლავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მან 1985 წარჩინებით  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1995 წელს პროფესორ შუქია აფრიდონიძის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქიმიის ტერმინოლოგიის სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი“. იგი 1985 წლიდან დღემდე მუშაობს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1988 წლიდან 1996 წლამდე იყო ზოგადი ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი, ქართული ენის კაბინეტის გამგე; 1996-2005 წწ.-ში –ზოგადი ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1998-2002 წწ.-ში – უცხოური ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის (შემდგომში ფილოლოგიის ფაკულტეტის) დეკანის მოადგილე; 2002-2004 წწ.-ში – დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი. 2004 წლიდან დღემდე არის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, უძღვება სალექციო კურსებს სწავლების სამივე საფეხურზე, ხელმძღვანელობს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას არაქართულენოვანთათვის, ჰყავს სამი დოქტორანტი. გარდა ამისა, ქალბატონი მაია ყოველთვის აქტიურად არის ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: სხვადასხვა დროს იყო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მდივანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მდივანი.

ქალბატონი მაია კიკვაძე არის  25 ეროვნული და 30-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის/სიმპოზიუმის მონაწილე, დ 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, ხუთი სახელმძღვანელოსა და ერთი თურქულ-ქართული ლექსიკონის, ავტორი/თანაავტორი. იგი დღესაც აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმისა და რიზეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ასეთი იყო რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის აკადემიური პერსონალის ზოგადი მონაცემები. შემდეგ გადაცემაში კი გიამბობთ, თუ რას ჰყვებიან თავად სპეციალისტები თურქეთის უნივერსიტეტში არსებულ ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების გეგმებსა და მის ფუნქციონირებაზე.

 



მსგავსი ინფორმაციები