„მემლექეთზე ფიქრებით“ 6.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთში

695309
„მემლექეთზე ფიქრებით“ 6.2017

„მემლექეთზე ფიქრებით“ 6.2017 

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთში

მოგესალმებით. დღეს გვსურს გესაუბროთ თურქეთის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებებზე. ქართულმა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ თურქეთის ოთხ უნივერსიტეტში გახსნილია  ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბაკალავრიატის  საფეხური. სანამ უშუალოდ შევეხებოდე ამ საკითხს, მინდა აქვე გითხრათ, რომ მასალა მოგვაწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა კაჭარავამ, რომელიც ამჟამად დუზჯეს უნივერსიტეტის კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორია. აი, რას გვიამბობს ქალბატონი ნანა.

„თურქეთის უნივერსიტეტებში მუშაობის ათი წლის მანძილზე ყველა ჩემი მოხსენება, სიტყვა თუ გამოსვლა მთავრდებოდა შემდეგი წინადადებით: თუ საქართველოში 1944 წლიდან არსებობს თურქოლოგიური სკოლა, ისწავლება თურქული ენა, თურქეთში რატომ არ უნდა არსებობდეს ქართველოლოგიური განყოფილება, ცენტრი ან თუნდაც პატარა უჯრედი? სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩემი ეს მოთხოვნა ხშირად განპირობებული იყო თვით თურქი მეცნიერების მიერ. ისინი ხშირად თვითონ მახსენებდნენ, რომ გამოსვლების დროს არ გამომრჩენოდა ეს მოთხოვნა. თურქეთში საქართველოს საელჩოს გახსნის დღიდან, დაწყებული პირველი ელჩით აწ განსვენებული ბატონი ნოდარ კომახიძით და მოყოლებული დანარჩენი ელჩებით, ეს მოთხოვნა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. და აი, მრავალწლიანმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაილახა ბიუროკრატიული აპარატის  ყველა საფეხური და პირველად თურქეთ-საქართველოს ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი: 2005 წელს ყარსის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება, ხოლო 2006 სასწავლო წლიდან მან სტუდენტებიც მიიღო. ეს იყო ორივე ქვეყნის დიპლომატიის, მეცნიერებისა და განათლების უდავოდ დიდი წარმატება.“

ყარსის კავკასიის სახელობის უნივერსიტეტმა, როგორც რეგიონალურმა უნივერსიტეტმა, იტვირთა „პირველი მერცხლის“ ფუნქცია, პირველმა გახსნა ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. ამჟამად მათ ოთხივე კურსზე ჰყავთ 60 სტუდენტი. განყოფილებაში  მუშაობს  სამი  პედაგოგი: თამარ ხვედელიანი-ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი; დოქტორანტ-მასწავლებლები მაია  მესხიძე და  სუდან ალთუნი.

არდაჰანის უნივერსიტეტმაც შეიტანა თავის წესდებაში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების გახსნა. პედაგოგები არიან ახალციხის უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი, პროფესორი შურედდინ მემედლი, დოცენტი გულნარა გოჯაევა-მემედოვა. ოთხივე კურსზე ჰყავთ 20 სტუდენტი. ოფიციალურად ჰქვიათ არდაჰანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება.

მათ მეზობელ რიზეს ვილაიეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში 2011 წელს გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ფილოლოგიის პრივატ-დოცენტი ჰარუნ ჩიმქე. ამ მიმართულებაზე 2015 წლის იანვარში საქართველოდან მოიწვიეს ორი სპეციალისტი: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან საღინაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაია კიკვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მათ, ჰარუნ ჩიმქესთან ერთად მოამზადეს ოთხწლიანი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სტუდენტების მიღების ნება პირველად 2016 წელს დაერთოთ. ამჟამად იქ რეგისტრირებულია 16 სტუდენტი.

მეოთხე კი დუზჯე, მუჰაჯირ კავკასიელთა ლოკალური დასახლების რეგიონი. აქ არის თავმოყრილი მუჰაჯირობის დროს გადმოსახლებული ქართველები, ლაზები, აფხაზები, ჩერქეზები, ოსები. გაგიკვირდებათ, მაგრამ დღევანდელ დუზჯეში დაახლოებით 24 ენა ისმის. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ განაპირობა დუზჯეს უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილების გახსნა, რომელსაც ორი მიმართულება აქვს: ჩერქეზული ენა და ლიტერატურა და ქართული ენა და ლიტერატურა. ორივე მიმართულება გაიხსნა 2013 წელს და ალბათ, რეგიონის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დამსახურებაა, რომ პირველსავე წელს აღმოჩნდნენ ამ სპეციალობებზე სწავლის მსურველნი. აქ პირველი პედაგოგი გახლდათ ასოც. პროფ.მაკა სალია. შემდეგ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი ჩამოვედი მე, ასოც. პროფ. ნანა კაჭარავა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მარიამ მანჯგალაძე, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის მასწავლებლად გადაინაცვლა. მის შემცვლელად ჩამოვიდა ზუგდიდის უნ-ის ასოც. პროფ. შორენა ლომაია. 2016 სასწავლო წელს პედაგოგთა რიგს შეემატა თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ხელოვნებათმცოდნე ფევზი ჩელები, რომელიც წარმოშობით დუზჯელი ქართველია. დღეს დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებას ოფიციალურად ჰყავს 72 სტუდენტი. წელს გვექნება პირველი გამოშვება. ჩვენი პროფესორ-პედაგოგების ძალისხმევით მომზადდა სამაგისტრო პროგრამაც. ამ პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში დუზჯეს უნივერსიტეტს ქართული ენისა და ლიტ-ის მაგისტრატურის სწავლების საფეხურიც ექნება.

ჩვენი სურვილია მეტი ყურადღება მოგვაქციოს და მეტი მხარდაჭერა გამოიჩინოს ჩვენ მიმართ საქართველოს უნივერსიტეტებმა, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის, ქართული წიგნებით მომარაგებისათვის დიდ მადლობას ვუხდით დიასპორის სამინისტროს, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ გაუქმდა. უღრმესი მადლობა აწ უკვე ყოფილ მინისტრს გელა დუმბაძეს და თურქეთის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თემურ ტარტარაშვილს. ისინი და საქართველოს საელჩო თურქეთში იყვნენ პირველები, ვინც ჩამოგვაკითხა, ჩვენი ამბავი იკითხა, საჭირო ბიბლიოთეკით მოგვამარაგა. ჩვენთან სტუმრობისა და ჩამოტანილი სახელმძღვანელოებისათვის დიდი მადლობა საქართველოს ელჩს თურქეთში ირაკლი კოპლატაძეს, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორს სერგო ვარდოსანიძეს და ქართული ენის ინსტიტუტის პროფესორს ტარიელ ფუტკარაძეს. საჩუქრებისა და წიგნებისათვის დიდი მადლობა ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებიდან ჩამოსულ პროფესორ-პედაგოგთა დელეგაციებს, დიასპორის სამინისტროს ახალგაზრდა ელჩებს თეონა ვარშალომიძესა და სოფიო წკრიალაშვილს. და რათქმაუნდა დიდი მადლობა თქვენს გადაცემას და რადიო „თურქეთის ხმა“ს, რომ საშუალება მოგვცა ჩვენი სათქმელი საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვისაც მიგვეწვდინა. 



მსგავსი ინფორმაციები